საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

პატრიარქმა რამდენიმე ინიციატივა გააცნო საზოგადოებას

29 აგვისტო
568-2

ათასობით ჰექტარი მიწა საჩუქრად მას, ვინც ამ ტერიტორიაზე ახალგაზრდებისთვის სპეციალურ, 21-ე საუკუნის სოფელს ააშენებს – ასეთი ინიციატივა დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა გააჟღერა.

ილია მეორის აზრით, უნდა აშენდეს დასახლება, სადაც ახალგაზრდები იცხოვრებენ, დასაქმდებიან და სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგით დაკავდებიან. პროექტი პრეზიდენტმაც მოიწონა და ის სრულიად რეალურია – მსგავს სოფელს პატრიარქი ისრაელში ესტუმრა და თავად დარწმუნდა, თუ რამდენად წარმატებულად ართმევენ თავს იქ ახალგაზრდები საკუთარ საქმიანობას. ილია მეორე კიდევ ერთი ინიციატივითაც გამოდის – საპატრიარქო მზად არის გახსნას სამწლიანი ლიცეუმები, სადაც ის ათასობით აბიტურიენტი ისწავლის, რომლებიც უნივერსიტეტებში ვერ ჩაირიცხნენ. ლიცეუმში ისინი სხვადასხვა ხელობას დაეუფლებიან და ზოგად განათლებას გაიღრმავებენ. პატრიარქი გეგმავს, რომ ეს წინადადება დიმიტრი შაშკინს წარუდგინოს. საპატრიარქოს ინიციატივებზე ილია მეორემ სადღესასწაულო წირვის შემდეგ ისაუბრა, რომელიც ანჩისხატისა და ანტონ მარტყოფელის ხსენების დღესთან დაკავშირებით წმინდა სამების საკათედრო ტაძარში აღავლინა.