საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საქართველოს საპატრიარქოს განცხადება

20 აგვისტო

ვთხოვთ ხელისუფალთ, არ დაუშვან სოდომ-გომორელთა საჯარო მსვლელობა

ვრცელდება ხმები იმის შესახებ, თითქოს თბილისში ან ბათუმში განზრახულია ე.წ. გეი-აღლუმის ჩატარება.

ამასთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II ლოცვა-კურთხევით ვაცხადებთ შემდეგს:
2000 წლოვანი ქრისტიანული ისტორიის მქონე ჩვენს ქვეყანაში, 100000 მოწამის სისხლით მორწყულ ღვთისმშობლის წილხვედრ ივერიაში, წარმოუდგენელია და სრულიად დაუშვებელი ხალხისთვის მისაღებ ფორმად ჰომოსექსუალიზმის წარმოჩენა, რასაც მათი საჯარო მსვლელობის მოწყობა ნიშნავს.

გაუკუღმართებული სექსუალური ურთიერთობები არის უმძიმესი ცოდვა, რომლის ჩამდენნიც ამისგან სინანულით, აღსარებითა და ზიარებით უნდა გათავისუფლდნენ, რათა “ცოცხლივ ჯოჯოხეთად შთამხდელ რისხვას” გადაურჩნენ (რუსი-ურბნისის კრება).

საერთოდ ცოდვა და მისი თითქმის ყველა გამოვლინება კაცობრიობის განვითარების მთელ მანძილზე არსებობდა, მაგრამ არცერთ დროს იგი ნებადართულ მოვლენად არ მიიჩნეოდა. დღეს პირდაპირ თუ ირიბად ამის საწინააღმდეგო მდგომარეობა იქმნება.

ჩვენ ასევე ვალდებულნი ვართ, კიდევ ერთხელ გავაფრთხილოთ, როგორც ადამიანის მორალურ-ზნეობრივი დაცემის ხელშემწყობნი, ისე განსაკუთრებით მამათმავლობის, ლესბოსელობის და სხვა ავხორცული გამოვლინებების ლეგალიზების უფლების მქონენი, რომ თავის თავზე ღვთის დიდ სასჯელს მოიწევენ და ეს სასჯელი ერზეც გადავა.

შევნიშნავთ იმასაც, რომ მიუხედავად კომუნისტური რეჟიმის მავნე 70 წლიანი ზეგავლენისა, ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილი ზნეობრივი ღირებულებების მტკიცე დამცველია (არა აქვს მნიშვნელობა რა აღმსარებლობისაა იგი) და ამდენად ჰომოსექსუალთა აღლუმი, ბუნებრივია, მათში მძაფრ რეაქციას გამოიწვევს, რაც შეიძლება მკვეთრ დაპირისპირებაში გადაიზარდოს.
ვთხოვთ ხელისუფალთ, არ დაუშვან სოდომ-გომორელთა საჯარო მსვლელობა, რომ იგი არ იქცეს საშინელი ცოდვის და საზოგადოებრივი აღშფოთებისა და არეულობის მიზეზად.

დავდგეთ სასუფევლისკენ მიმავალ გზაზე, რათა ღმერთმა დალოცოს, დაამშვიდოს, გაამთლიანოს და გააძლიეროს სრულიად საქართველო.

20 აგვისტო, 2010 წელი