საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

მაცხოვრის საფლავზე ღვთაებრივი ცეცხლი გადმოვიდა

3 აპრილი
547-2

იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. ზეციური ცეცხლის გადმოსვლა უტყუარი ნიშანია მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლების ჭეშმარიტებისა და მასში მადლის არსებობისა.

საფლავთან შეკრებილი მრევლისთვის წმინდა ცეცხლი, რომლის გარდამოსვლასაც მორწმუნენი დღეს დილიდან ელოდებოდნენ, იერუსალიმის მართლმადიდებელთა პატრიარქმა თეოფილემ გამოიტანა.

იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი აღდგომის ტაძარში, უფლის საფლავზე თბილისის დროით, დაახლოებით, 15.00 საათზე შევიდა, რის შემდეგაც საფლავი დაიხურა. ცეცხლი საფლავიდან ზუსტად 15.06 საათზე გადმოვიდა.

მაცხოვრის საფლავზე ზეციური ცეცხლის გადმოსვლისთვის იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქმა საგანგებო ლოცვები შეასრულა.

წმინდა ცეცხლის გადმოსვლისთვის აღდგომის ტაძარში მომლოცველები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩავიდნენ, მათ შორის არიან მომლოცველები საქართველოდანაც.

ზეციური ცეცხლი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში პირველად III საუკუნეში გადმოვიდა. გადმოცემით, სააღდგომო ლიტანიობაზე კანდელში ზეთი შემოაკლდათ და პატრიარქმა ნარცისმა კურთხევა გასცა, მათში სილოამის ემბაზის წყალი ჩაესხათ. როდესაც პატრიარქის კურთხევა შეასრულეს, ზეციდან ცეცხლი გადმოვიდა და კანდელები აანთო, რომლებიც მთელი ლიტანიობის განმავლობაში არ ჩამქრალა.

წმინდა ცეცხლს საქართველოში დღეს გვიან ღამით ჩამოაბრძანებენ. იგი სააღდგომო ლიტანიობის დროს ყველა ტაძარში გავრცელდება და მორწმუნეებს მისი სახლში წაღების საშუალება ექნებათ.