საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

ქართველ მართლმადიდებელთა ამერიკული ცხოვრება

16 იანვარი
540-2

ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები ქართველების ხელშეწყობით, ვაშინგტონში წმ. თამარის სახელობის ეკლესიის მოსაწყობად შენობა იქირავეს, სადაც პირველად წირვა-ლოცვა 8 და 9 იანვარს აღევლინა. ერთი წლის წინ უწმინდესისა და უნეტარესის, საქართველოს კათალიკოს პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით და წმიდნა სინოდის გადაწყვეტილებით, ამერიკის ტეროტორიაზე რამდენიმე სამრევლო გაიხსნა. სინოდის გადაწყვეტილებით , ჩრდილოეთ ამერიკისა და კანადის სამრევლოების ხელმძღვანელობა ბათუმისა და ლაზეთის მიპროპოლიტ დიმიტრის დაევალა. წლის დასაწყისში უწმინდესის ლოცვა-კურთხევით სულ ორი ქართველი სასულიერი პირი,ფილადელფიასა და ვაშინგტონში მამა პეტრე, ხოლო ლოს-ანჯელესსა და სან-ფრანცისკოში მამა იოანე მოღვაწეობდნენ.

ნიუ-იორკის წმინდა ნინოს სახელობის სამრევლოში მამა ალექსანდრე დიდი ხანია, წირვა-ლოცვას აღავლენს. მამა ნიკოლოზი ახლა ჯორჯიის შტატში, ატლანტაში მოღვაწეობს. ერთ კვირაში ჩიკაგოში, წმინდა კეთილმსახურ მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სამრევლოში ჩამოსასვლელად მამა მატათა ემზადება.

დეკანოზი მამა პეტრე ყრუაშვილი : “ეს უკვე რიგით მესამე ეკლესიაა, რომელიც დამოუკიდებელია ამერიკაში და ჩვენ ნებისმიერ დროს შეგვიძლია მსახურება . ღვთისწყალობით, ყველა მოძღვარი ცდილობს, დაარსოს საკუთარი ქართული ეკლესია, რომ ქართველი მრევლი შემოიკრიბოს, რათა სამშობლოს გამარჯვებული დავუბრუნდეთ.”

დეკანოზმა პეტრე ყრუაშვილმა ვაშინგტონის, მერილენდისა და ვირჯინიის ქართველი მრევლი ერთი წლის წინ გაიცნო, ამბობს, რომ ხალხი მას სულიერად მომზადებული დახვდა:
“ვაშინგტონში, სხვა შტატებთან შედარებით, კარგი მდგომარეობა იყო, აქ იყო დეკანოზი მამა მიქაელ ფოფხაძე, რომელმაც არა მხოლოდ მოამზადა, არამედ ფაქტიურად აღაშენა სულიერი ტაძარი. ჩემი აქ ჩამოსვლის შემდეგ, მის დაწყებულ საქმეს შევასხით ხორცი. ხალხი ეკლესიურად ცხოვრობდა ჩემს ჩამოსვლამდეც და მათი დახმარებით გაიხსნა ეკლესია, სხვა კუთხეებთან შედარებით, აქ უფრო ადვილი იყო ამის გაკეთება”

ქართული ეკლესიის საგანგებო გახსნას, სხვა შტატების ქართველი ემიგრანტებიც დაესწრნენ, მათ შორის იყო პენსილვანიაში მცხოვრები კობა ბუქვაიძე, რომელსაც თბილისში სასულიერო სემინარია აქვს დამთავრებული და სამომავლოდ, ამავე გზის ერთგულებას აპირებს.

“ქართველობის ერთობისთვის, ერთად რომ შეიკრიბნენ, ძალიან სასიხარულო ფაქტია, მადლობა უფალს, მადლობა მამა პეტრეს, რომ ამდენს შრომობს და ღვთის შეწევნით საქართველოს ერთიანობისთვის გამოდის ეს საქმე.
პენსიალვანიის შტატიდან, სადაც ქართველობამ წმ. მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის დედათა მონასტერი შეიძინა, სადაც ყოველკვირას წირვა-ლოცვა ტარდება, 27-ში, ნინოობისთვის იმედია, იქ დედაოებიც იქნებიან.“

სოფო თავართქილაძე ოჯახთან ერთად 10 წელია, ვაშინგტონში ცხოვრობს. მანამდე წირვა-ლოცვაზე ამერიკულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში დადიოდა, სადაც ერთმანეთს ქართული და რუსული ღვთისმსახურება ენაცვლებოდა.
“ჩვენ მანამდეც გვყავდა მოძღვარი, შეკედლებულები ვიყავით 10 წელი რუსულ ეკლესიას,ჩვენი ქართული ეკლესიის საძირკველი იქ ჩაიყარა. მამა პეტრეს ჩამოსვლის შემდეგ, საკუთარი კუთხის ძიება დავიწყეთ,რაღაც წვლილიც შევიტანეთ, ვიცით ტაძარი საგანმანათლებლო კერა, ქართული ენის, რწმენის, სულეირების და ყოველივე საუკეთესოს ჩასახვის კერა იქნება.”

როგორც მამა პეტრე აცხადებს, “აქ ქართველები სულიერად მომზადებულები იყვნენ, მამა მიქაელმა ისინი აღზარდაეკლესიურად და ფაქტიურად იმიტომ, რომ ქართული ეკლესია არ იყო ისინი სხვადასხვა ეკლესიაში მისვლას ცდილობდნენ. ჩვენ ამით არ გავჩერდებით, ჩვენ სურვილი გვაქვს რომ მიწა გამოიყოს და ვაშინგტონში ავაშენოთ ქართული არქიტექტურის ეკლესია. ვაშინგტონში, ვირჯინიაში, მერილენდში და ბალტიმორში მცხოვრები ქართველი მრევლისთვის.”

“ამერიკის ხმა”