საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმიდესისა და უნეტარესის ილია II ქ. ბაქოში სტუმრობასთან დაკავშირებით

9 ნოემბერი

2009 წლის 4-8 ნოემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II ოფიციალურ ვიზიტით იმყოფებოდა აზერბაიჯანში საერთაშორისო სამშვიდობო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც ეძღვნებოდა სრულიად კავკასიის მუსლიმთა ლიდერის, შეიხულ-ისლამის ალაჰ-შუქურ ფაშა-ზადეს დაბადებიდან 60 და მოღვაწეობის 30 წლისთავს.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი თანმხლებ დელეგიციასთან ერთად პირველივე დღეს მიიღო აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ბატონმა ილჰამ ალიევმა. შეხვედრამ გულთბილ ატმოსფეროში ჩაიარა. საუბარი შეეხო აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის, რელიგიათაშორის და კულტურული ურთერთობის გაღრმავებასა და განვითარებას.

ბატონმა ილჰამ ალიევმა ხაზი გაუსვა ილია II დიდ ავტორიტეტს და აღნიშნა, რომ იგი სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობს არა მხოლოდ სამშობლოში, არამედ აზერბაიჯანშიც და საერთოდ მთელ კავკასიის რეგიონში. მან დახმარება აღუთქვა მის უწმიდესობასა და უნეტარესობას აზერბაიჯანში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიის რეგისტრაციასა და ქალაქ ბაქოში ეკლესიის აშენებისთვის მიწის ნაკვეთის გამოყოფის საქმეში.

ასევე თბილსა და უშუალო ატმოსფეროში ჩაიარა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის შეხვედრამ ჰეიდარ ალიევის ფონდის პრეზიდენტთან, ქალბატონ მეხრიბან ალიევასთან. ქალბატონმა მეხრიბანმა ისაუბრა აზერბაიჯანისა და საქართველოს სულიერი ლიდერების ურთიერთობის მნიშვნელობაზე, როგორც აზერბაიჯანისა და საქართველოს, ასევე მთელი რეგიონის სტაბილურობისათვის. ორივე შეხვედრისას ხაზი გაესვა ჩვენი ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხსაც.

საიუბილეო ღონისძიებებში მონაწილე მრავალ სტუმართაგან უშუალობით გამორჩეული იყო აზერბაიჯანისა და საქართველოს სულიერი ლიდერების, – შეიხ-ულ ისლამ ალაჰ შუქურ ფაშა-ზადესა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის შეხვედრა, რომელთა ურთიერთობაც ნამდვილად სამაგალითოა მთელს ახლო აღმოსავლეთსა და კავკასიაში რელიგიათშორისი თანამშრომლობის თვალსაზრისით.

კონფერენციის შემდეგ შედგა ორი მნიშვნელოვანი საუბარი: მის უწმიდესობასთან, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილესთან და მსოფლიო პატრიარქის წარმომადგენელთან, საფრანგეთის მიტროპოლიტ ემანუელთან.

საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესი იყო მიპყრობილი რუსეთისა და საქართველოს პატრიარქების კირილეს და ილია II დიალოგისადმი, რომელმაც ურთიერთგაგების ატმოსფეროში ჩაიარა. ეს იყო პატრიარქ კირილესათვის მის უწმიდესობა ილია მეორესთან პირველი შეხვედრა რუსეთის ეკლესიის მეთაურის რანგში. მისალმების შემდეგ პატრიარქებმა ერთმანეთს საჩუქრად პანაღიები გადასცეს.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველო არასოდეს შეურიგდება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაკარგვას და ეს უნდა კარგად ესმოდეს, როგორც საერო, ასევე სასულიერო ხელისუფლებას რუსეთში. საუბარი ასევე შეეხო ორ ეკლესიას შორის არსებული პრობლემების მოგვარების გზებს, მათ შორის კონფლიქტურ რეგიონებშიც. უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II პატრიარქ კირილეს წარუდგინა იღუმენი ვახტანგ (ლიპარტელიანი), რომელიც გაიგზავნება მოსკოვის ქართულ ეკლესიაში მსახურებისთვის.

აქვე შევნიშნავთ, რომ გავრცელდა ინფორმაცია, საქართველოში რუსეთის პატრიარქის შესაძლო ვიზიტის შესახებ, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ამ თემაზე საერთოდ არ ყოფილა საუბარი, რადგანაც საეკლესიო კანონიკის მიხედვით, რუსეთის ახლადარჩეული პატრიარქი ჯერ უნდა ეწვიოს დიპტიხით საქართველოს ეკლესიაზე წინ მდგომ მართლმადიდებელ ეკლესიებს.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ასევე ჰქონდა შეხვედრები ბელორუსიის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტ ფილარეტთან, რელიგიების ურთიერთობის ორგანიზაციის ხელმძღვანელთან ირანში, – აიათოლა თასხირთან, ქუვეიტის იუსტიციის მინისტრის მოადგილესთან რელიგიის საკითხებში, – დოქტორ ადელ ალ ფალახთან და აზერბაიჯანის რელიგიის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ბ-ნ ჰიდაიათ ორუჯევთან.

საქართველოს კათოლოკოს-პატრიარქი დაესწრო საქართველოს ელჩის, ბატონ ნიკოლოზ ნათბილაძის აზერბაიჯანში ყოფნის გამოსამშვიდობებელ საღამოს, სადაც შეხვდა აზერბაიჯანის ინტელიგენციის და კულტურის ცნობილ წარმომადგენლებს, დიპლომატიურ კორპუსს და ჩვენს თანამემამულეებს. ქართულ დიასპორასთან საგანგებო მიღება შედგა წამოსვლის წინა დღესაც; მათ საჩუქრად წიგნები, სანთლები და ხატები გადაეცათ.

8 ნოემბერს უწმიდესი და უნეტარესი ილია II თანმხლებ პირებთან ერთად სამშობლოში დაბრუნდა.

საქართველოს საპატრიარქო

9 ნოემბერი 2009 წელი