საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საქართველოს საპატრიარქოს განცხადება

28 ოქტომბერი
519-2

ბოლო პერიოდში ეკლესიის შეურაცხმყოფელმა კამპანიამ საზოგადოებაში მწვავე საპროტესტო განწყობა გამოიწვია და გამოითქვა მოსაზრებები ახლო მომავალში ფართომასშტაბიანი აქციების მოწყობის შესახებ, მათ შორის სამების საკათედრო ტაძართანაც.

რეაქცია ხალხისა, რომლის რელიგიური გრძნობები და ღირსება შელახეს, ჩვენთვის გასაგებია, მაგრამ ქრისტიანული მორალიდან გამომდინარე, ეკლესია საზოგადოებას მაინც თავის შეკავებისაკენ მოუწოდებს.

აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენთვის გაუგებარია “საზოგადოებრივი მაუწყებლის” მხრიდან საპატრიარქოს ინიციატივის იგნორირება პირდაპირი ეთერის გამოყოფის შესახებ, რაც ბადებს ეჭვს, რომ საქმე არა გვაქვს მხოლოდ ცალკეული პირების მიერ გაჟღერებულ ცილისწამებებთან, არამედ გარკვეული ძალების ქმედებებთან;

სამწუხაროა, რომ ზემოაღნიშნული კამპანია გრძელდება, რამაც, შეიძლება, ქვეყნისთვის ცუდი შედეგები მოიტანოს და არსებული სიტუაცია სერიოზულად დაძაბოს.

ჩვენის მხრიდან ვაცხადებთ, რომ კვლავ ვთავაზობთ აღნიშნულ ტელე-მაუწყებლობას არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით დებატებს პირდაპირ ეთერში.

27 ოქტომბერი, 2009 წელი