საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საქართველოს საპატრიარქოს განცხადება

21 ოქტომბერი

მრავალი საუკუნეა ქრისტიანობა ქართული სახელმწიფოსათვის გამაერთიანებელ ძალას და იდეოლოგიურ საყრდენს წარმოადგენს.

ამიტომაც ებრძოდნენ და ებრძვიან მას ჩვენი ერთიანობისა და თავისუფლების მტრები ადრეც და ახლაც.

პატრიარქის და ეკლესიის წინააღმდეგ წარმოებული ინფორმაციული კამპანია მიზნად ისახავს ეკლესიისადმი უნდობლობის დანერგვას, რათა შემდეგ ადვილად მოშალონ ქართული სახელმწიფოს საფუძვლები, ჩვენი ფუნდამენტალური ღირებულებები და ამასთან საქართველოს მომავალი ქართული ტრადიციებისათვის უცხო და მიუღებელ წესებზე დაამყარონ.

საქართველოს ეკლესიის მრევლი და საერთოდ ხალხი აღშფოთებულია საკუთარი ღირსების და რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის გამო და პასუხს ითხოვს.
ეკლესია მათ მოუწოდებს ლოცვის გაძლიერებისა და სიმშვიდისკენ.
შევნიშნავთ იმასაც, რომ სასულიერო პირების ჩართვა დისკუსიებსა და პოლემიკაში არის მტრული ძალების მიერ დაგეგმილი პროვოკაციის ნაწილი და ამას არ უნდა ავყვეთ.

საზოგადეობრივ არხს კი მივმართავთ ინიციატივით, რომ ჩვენს მიერ შემოთავაზებულ საზოგადოების წარმომადგენლებს პირდაპირ ეთერში მისცენ საშუალება პასუხი გასცენ ბოროტგანმზრახველთა ქმედებებს.
ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო.

21 ოქტომბერი, 2009 წელი