საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

პატრიარქმა ცხოველმყოფელ ჯვარს საქართველოს გამთლიანება შეავედრა

27 სექტემბერი
510-2

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას ცხოველმყოფელ ჯვარს საქართველოს გაერთიანება და გამთლიანება კიდევ ერთხელ შესთხოვა.

“დაგვიცავი და დაგვიფარე ჩვენ, დაიცავი და დაიფარე სრულიად საქართველო. გაამთლიანე სრულიად საქართველო. დღევანდელი დღე არის უდიდესი დღესასწაული. ჯვარი არის დიდი საიდუმლოებით მოცული. ადამიანმა უნდა შექმნას ვერტიკალური და ჰორიზონტალური სწრაფვა. ვერტიკალური ეს არის სწრაფვა ღვთისაკენ, ჰორიზონტალური – არის სწრაფვა და სიყვარული ადამიანების მიმართ. ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც შექმნის ჯვარს თავისი ცხოვრებისა. ჩვენი ცხოვრება იწყება და მთავრდება ჯვრით. ჯვარი არის უდიდესი სიწმინდე და ძალა ეშმაკის საწინააღმდეგოდ”, – ბრძანა პატრიარქმა.

უწმინდესმა სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას დალოცა პირველი საჯარო სკოლისა და სკოლა-ლიცეუმ “მწიგნობართუხუცესის” მოსწავლეები და მასწავლებლები, რომლებიც სამებაში იმყოფებოდნენ. პატრიარქმა მოსწავლეებსაც და მათ მშობლებსაც რჩევა-დარიგებები მისცა. ილია მეორის განცხადებით, მშობელმა ბავშვს უპირველეს ყოვლისა უნდა ასწავლოს რწმენა, სარწმუნოება.

“მე არ მახსოვს ჩვენს ოჯახში ისეთი საღამო, რომ ლოცვის გარეშე დავწოლილიყავით. ეს წესი უნდა იყოს ყველა ოჯახში. ყველა ოჯახს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ნაკურთხი წყალი და ყოველ დღე უნდა ასხუროს სახლს”, – ბრძანა პატრიარქმა.

უწმინდესის განცხადებით, პირველ რიგში მშობელმა შვილს უნდა ასწავლოს რწმენა, ეკლესიაში სიარული, აღსარება, ზიარება, ნათლობა. მშობელმა შვილი ყოველ დღე უნდა დალოცოს და ასევე შვილმა ყოველდღე უნდა სთხოვოს მშობელს დალოცვა და უნდა ემთხვიოს ხელზე. “ყოველდღე უნდა დალოცოთ თქვენი შვილები და ისინი დალოცვილები იქნებიან ღვთისაგან. მშობლებმა შვილებს უნდა ასწავლონ სიყვარული ღვთისა. სიყვარული არის მადლი და ეს ძალა გადმოგვცა უფალმა ჩვენ და ჩვენ ეს სიყვარული უნდა გავცეთ. რაც მეტს გასცემს ადამიანი, იმდენად მეტი დაუბრუნდება მას”, – ბრძანა პატრიარქმა.

მესამე რჩევა, რომელიც უწმინდესმა მშობლებს მისცა, არის ის, რომ მათ საკუთარ შვილებს უნდა ასწავლონ იმედი, იმედი ღვთისა, იმედი ადამიანისა და იმედი მომავლისა. “უიმედო ადამიანი ძალიან საცოდავია. თუ გვექნება იმედი, ღმერთი შეისმენს თქვენს სათხოვარს”, – ბრძანა პატრიარქმა.