საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საქართველოს საპატრიარქოს განცხადება

24 სექტემბერი

ბოლო დროს ბაგრატის ტაძრისა და ატენის სიონის ისტორიული მონასტრის აღდგენის გარშემო შექმნილი ვითარების გამო შევნიშნავთ, რომ აქ წარმოებული სამუშაოები სახელმწიფოს შესაბამის სტრუქტურებთან შეთანხმებით და მათი ზედამხედველობით მიმდინარეობდა, ვინაიდან საქართველოში, ისევე როგორც სხვა ქვეყნებშიც, ისტორიული ძეგლები და მითუმეტეს ისეთი, როგორიც ბაგრატი და ატენია, ხელისუფლების განსაკუთრებული ზრუნვის ქვეშ იმყოფება. ეს ტაძრები იუნესკოს დაცვის სიაშიც შედის.

რადგან მიმდინარე პროცესებმა საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, ჩვენი პოზიცია ასეთია: დროებით შეჩერდეს ყოველგვარი სამუშაოები, შეიქმნას როგორც კულტურის სამინისტროს, ისე საპატრიარქოს და იუნესკოს წარმომადგენლებით დაკომპლექტებული ერთობლივი კომპეტენტური კომისია, რომელშიც უნდა შევიდეს დღევანდელი სახით სამშენებლო საქმიანობის მოწინააღმდეგე პოზიციის მქონე ექსპერტებიც.

აღნიშნულმა კომისიამ დეტალურად უნდა შეისწავლოს არსებული სიტუაცია და მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება სამუშაოების შემდგომ გაგრძელებასთან დაკავშირებით.

24 სექტემბერი, 2009 წელი