საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საქართველოს საპატრიარქოს განცხადება

5 სექტემბერი

სამწუხაროდ, მასმედიაში ისევ გამოჩნდა ეკლესიის დისკრედიტაციისკენ მიმართული ინფორმაციები. ამჯერად შევჩერდებით გუშინ, 3 სექტემბერს, ტელევიზიით გადაცემულ ვრცელ სიუჟეტზე, სადაც განხილული იყო რუსი ჟურნალისტების საქართველოში სტუმრობის თემა და რუსულ-ქართული კომისიის მიერ ჩატარებული კონფერენცია.

ეს მოვლენები შეფასდა საქართველოს მიმართ კრემლის აგრესიული და იდეოლოგიური პოლიტიკის მორიგ გამოვლინებად.

აღნიშნულ სიუჟეტში ითქვა ისიც, რომ `საქართველოს ეკლესია შეიძლება ძალიან სახიფათო თამაშში იქნას ჩათრეული და რომ არ არის გამორიცხული პატრიარქის მაღალი ავტორიტეტი რუსულმა ძალებმა იდეოლოგიური ინტერვენციის გათეთრებისათვის გამოიყენონ~. გავრცელდა აზრიც, თითქოს ეკლესია იყო ინიციატორი აღნიშნული ვიზიტისა.

გვინდა განვაცხადოთ, რომ ეკლესია არ ყოფილა მომწვევი მხარე ხოლო რუსულ-ქართული კომისიისგან ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით სტუმრების ჩამოსვლის საკითხი შეთანხმებული იყო ხელისუფლებასთან, რისი ერთ-ერთი დადასტურება ისიც იყო, რომ კონფერენცია უნდა ჩატარებულიყო ახლადგახსნილ სასტუმრო `რედისონ-ივერიაში~.

შევნიშნავთ იმასაც, რომ რამდენადაც საქართველოს ეკლესია ნეიტრალურია შიდა პოლიტიკურ ძალებთან მიმართებაში, იმდენად საგარეო-პოლიტიკურ პროცესებში იგი აქტიურად გამოდის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და ქართველი ერის ერთიანობის გარანტად.

ის, რომ საქართველო არის გლობალური პოლიტიკური ინტერესების დაპირისპირების ადგილი და, რომ ყველა ძალა სათავისოდ ცდილობს ეკლესიის ავტორიტეტის გამოყენებას ახალი არ არის, მაგრამ საქართველოს ეკლესია ყოველთვის იყო და დარჩება ქართველი ერის ეროვნული ინტერესების დამცველად და ყველა მისი ნაბიჯი და მოქმედება მხოლოდ ამ მიზნით იყო და კვლავაც იქნება ნაკარნახევი.

ამდენად ბრალდება ნებსით თუ უნებლიედ ეკლესიის მიერ უცხო ქვეყნის ინტერესების ხელშეწყობაზე სრულიად უსაფუძვლოა.

4 სექტემბერი, 2009 წელი