საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიმართვა

7 აგვისტო
492-2

დღევანდელი დღე არის გლოვის დღე არა მარტო ქართველებისათვის, არამედ ოსებისათვის, რუსებისათვის და ყველასათვის, რომელთა სისხლიც დაიღვარა გასული წლის აგვისტოს ომში. ამიტომაც დღეს ჩვენ აღვავლენთ ლოცვებს ბრძოლის ველზე მოწყვეტილ როგორც ჩვენს სულიერ შვილთათვის, ისე საერთოდ მართლმადიდებლებისთვის: ქართველებისათვის, აფხაზებისათვის, ოსებისათვის, რუსებისათვის. . .

აღვნიშნავ იმასაც, რომ ზოგიერთს მიაჩნია, თითქოს ეს დღე არის მათი გამარჯვების დასაწყისი, მაგრამ მე, როგორც სულიერი მამა, ვალდებული ვარ გავაფრთხილო აფხაზებიც და ოსებიც, რომ საქართველოს გარეშე ისინი დადგებიან დიდი საფრთხის წინაშე: იარსებებს აფხაზეთი აფხაზების გარეშე, იარსებებს ცხინვალის რეგიონი ოსების გარეშე და ეს იქნება ღვთის სასჯელი, რადგან უსამართლოდ მოხდა საქართველოს ძირძველი ტერიტორიების მიტაცება.

ჩვენ დიდ პატივს ვცემთ რუსეთს, მის კულტურას, მის სულიერობას. ჩვენ გვყავს საერთო წმინდანები, მაგრამ რუსეთმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენ ვერასდროს ვერ შევურიგდებით საქართველოს ტერიტორიული საზღვრების დარღვევას.

ამ საკითხში ერთსულოვნებაა მთელ საქართველოში.

ჩვენ უნდა ვეძებოთ მშვიდობიანი გზები მდგომარეობის გამოსწორებისათვის.

რუსეთისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიები ყოველთვის იყვნენ და არიან მომხრენი პრობლემების მშვიდობიანი გზით გადაჭრისა; გამოვთქვამ იმედს, რომ რუსეთის ხელისუფლება გამოავლენს კეთილ ნებას და სიბრძნეს და გამოძებნის გზებს საკითხის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტისა.
შევთხოვთ უფალს, რათა უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით.

ილია II

სრულიად საქართველოს

კათოლიკოს-პატრიარქი

7 აგვისტო, 2009 წელი