საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

პატრიარქი – განსაცდელი, რომელშიდაც იმყოფება საქართველო, სიხარულით შეიცვლება

21 მაისი
471-2

განსაცდელი, რომელშიდაც იმყოფება საქართველო, სიხარულით შეიცვლება, _ ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს ყოვლად წმინდა სამების საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგიაზე განაცხადა.

წმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ხსენების დღესთან დაკავშირებით სადღესასწაულო ლიტურგია გაიმართა, რომელიც სრულიად საქართველოს პატრიარქმა, უწმინედსმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღავლინა.

ლიტურგიის შემდეგ უწმინდესმა მრევლს ქადაგებით მიმართა, რომელზედაც წმინდა იოანე ღვთისმეტყველისა შესახებ და სიყვარულის აუცილებლობაზე იქადაგა.

“მას არ ეშინოდა არც სიკვდილის და არც განსაცდელის, რადგან უფლის განსაკუთრებული ერთგულება ჰქონდა. იოანე ღვვთისმეტყველს სიყვარულის მქადაგებელს უწოდებენ. წმინდა იოანე ღვთისმეტყველი ყოველთვის ქადაგებდა სიყვარულს. თქვენ რომ წაიკითხოთ მისი სახარება, ეპისტოლეები, ყველგან ქადაგებს სიყვარულს. გიყვარდეთ ერთმანეთი”, _ ბრძანა უწმინდესმა.

მისივე თქმით, როგორც შეუძლებელია, ადამიანმა განსაზღვროს ღმერთი, ასევე, შეუძლებელია აიხსნას, თუ რა არის სიყვარული. როცა ადამიანს ღმერთი უყვარს, უყვარს სამშობლო, ადამიანები და მზად არის, თავისი სიცოცხლე სხვებს შესწიროს.

“ქართველი ადამიანი სიყვარულით არის დაჯილდოებული და უფალი დაგვეხმარება. სიხარულის შედეგია სიყვარული. თუ ადამიანში სიხარული არ არის, მას სიყვარული არ ექნება. გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს და ვთხოვ უფალ ღმერთს, აღავსოს საქართველო და მთელი ქვეყანა სიხარულით”, _ აღნიშნა უწმინდესმა.

პატრიარქმა ასევე ბრძანა, რომ დღევანდელ დროში სიყვარულმა იკლო, ყველაზე მეტი დეფიციტი არის სწორედ სიყვარულის ნაკლებობა და რაც ჩვენს გარშემო ხდება, სწორედ ამის შედეგია.

“განსაცდელი, რომელშიც ახლა საქართველო იმყოფება, სიხარულით შეიცვლება”,- ბრძანა პატრიარქმა და იმედი გამოთქვა, რომ ღვთისმშობლის, წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ლოცვებით ყოველივე, რაც ხდება საქართველოში, მშვიდობიანად დასრულდება.