საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთში მიემგზავრება

11 მაისი
465-2

12 მაისს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II, თანმხლებ პირებთან ერთად საფრანგეთში გაემგზავრება, სადაც მონაწილეობას მიიღებს ახალი ქართული ტაძრის გახსნაში.

საპატრიარქოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან:

დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი აბრაამი (გარმელია),

ბათუმის, ლაზეთისა და ჩრდილოეთ ამერიკის მიტროპოლიტი დიმიტრი (შიოლაშვილი),

საპატრიარქოს საგარეო განყოფილების თავმჯდომარე, ზუგდიდ-ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე),

ვანისა და ბაღდათის მთავარეპისკოპოსი ანტონი (ბულუხია),

არქიმანდრიტი დავითი (ჭინჭარაული),

არქიმანდრიტი კონსტანტინე (ჭინჭარაული),

პროტოპრესვიტერი გიორგი (ზვიადაძე),

არქიდიაკონი დემეტრე (დავითაშვილი),

კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი,

მონაზვნები და მგალობელთა გუნდი.

14 მაისს, წმინდა თამარ მეფის ხსენების დღეს, პარიზში გაიხსნება წმინდა მეფე თამარის სახელობის ახალი ქართული ტაძარი, რომელსაც აკურთხებს და პირველ სადღესასწაულო წირვას აღავლენს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ქართველ მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად.

ახალ ტაძარში იმსახურებს მღვდელ-მონაზონი ანტონი (კანდელაკი).

ტაძრის კტიტორია ბუბა ქებურია, არქიტექტორი _ არჩილ მინდიაშვილი, კედლის მხატვრობა შეასრულა მამუკა მიქელაძემ.

პარიზში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საფრანგეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან, საფრანგეთის კარდინალთან, ქართულ დიასპორასთან. კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ლევილის სასაფლაოზე, ემიგრაციაში გარდაცვლილ თანამემამულეთა სულის საოხად, პანაშვიდს აღავლენს.

საქართველოს ეკლესიის დელეგაცია სამშობლოში 15 მაისს დაბრუნდება.