საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

დაანიის წმიდა გრიგოლ ფერაძის სახელობის სამრევლო

23 ნოემბერი

ამა წლის 15-17 ნოემბერს ვენის წმ დავით აღმაშენებლის სახელობის სამრევლოს წინამძღვარი, არქიმანდრიტი ლაზარე (სამადბეგიშვილი) იმყოფებოდა დანიაში, კოპენჰაგენში. მამა ლაზარე აქ დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტის, მეუფე აბრაამის (გარმელია) ლოცვა-კურთხევით და დანიაში არსებული წმ გრიგოლ ფერაძის სახელობის მცირერიცხოვანი ქართული სამრევლოს მიწვევით ჩავიდა.
ეს მამა ლაზარეს მეორე სტუმრობა იყო დანიაში. პირველად გასულ თებერვალს იმყოფებოდა ჩვენთან და სწორედ მაშინ შეხვდა პირველად საქართველოს ელჩს დანიაში ბნ დავით კერესელიძეს და საელჩოს თანამშრომლებს და მათი თხოვნით დანიაში მაშინ სულ ახალი გახსნილი საქართველოს საელჩო-საკონსულოს შენობაც აკურთხა. ამჯერადაც შეხვდა არქიმანდრიტი საელჩოს წარმომადგენლებს.
პარასკევს, 16 ნოემბერს, მამა ლაზარე ესწრებოდა დანიაში მცხოვრები ქართველებისა და საქართველოს საელჩო-საკონსულოს შეხვედრას, რომელიც დანიაში არსებული ქართული სათვისტომოს და მისი ხელმძღვანელის ქნ რუსუდან გიორგბერიძის ინიციატივით ჩატარდა. შეხვედრას ესწრებოდნენ ქართველი სტუმრები შვედეთიდან და აგრეთვე არაქართველი სტუმრები დანიიდან.
შაბათს, 17 ნოემბერს აღესრულა საღმრთო ლიტურგია, რომელსაც საქართველოს საელჩოსა და სათვისტომოს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. წირვის დაწყებამდე მოინათლა და მერე პირველი ზიარება მიიღო ერთი ქართველი ქალბატონის მეუღლემ, ეროვნებით ავსტრიელმა. ასევე იკურთხა ახლად დაწერილი ხატი წმ მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძისა.
დანიაში მცხოვრები ქართველებისათვის ეს დღეები სავსე იყო სულიერი სიხარულითა და მადლით.
ქართული ღვთისმსახურება დანიაში მამა ლაზარეს ჩამოსვლამდეც ტარდებოდა; მღვდელი მამუკა (თავხელიძე) ორჯერ იყო ჩამოსული მიუნხენიდან. ახლა კი სურვილია უფრო რეგულარული სახე მიეცეს ქართველი მღვდლის ჩამოსვლას დანიაში. სურვილი გვაქვს, რომ სამ თვეში ერთხელ მოვიწვიოთ მამა ლაზარე დანიაში.
ქართველები კოპენჰაგენში ღვთისმსახურებას სერბულ და რუსულ ეკლესიებში ვესწრებით, სადაც ძალიან დიდ სითბოსა და სიყვარულს ვღებულობთ. დანიაში სხვადასხვა ქვეყნის მართლმადიდებლურ ეკლესიებს შორის საოცარი ერთიანობა და სიყვარულია. წირვაზე სხვა ენებთან ერთად ქართულადაც ითქმის საუფლო ლოცვა. ხშირად ტარდება ერთობლივი წირვა-ლოცვები და ქართულ ღვთისმსახურებასაც ესწრებიან ხოლმე სერბული, რუსული თუ კონსტანტინეპოლის ეკლესიის ღვთისმსახურები.
იმედი გვაქვს უფლის შეწევნით და წმ მღვდელმოწამე გრიგოლის მეოხებით ქართული წირვა-ლოცვა არ მოაკლდება ქართველ სამწყსოს დანიაში.