საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

პატრიარქის ვიზიტი დასავლეთ ევროპის ეპარქიაში

7 მარტი
431-2

„მუდამ გახსოვდეთ, როგორც უფალი, სამშობლო ერთია ქვეყანაზედა“ – სრულიად საქრთველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ეს სიტყვები უცხოეთში მცხოვრები ქართველებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია. ამიტომაც გასაგებია, ის განცდა, რომელიც გერმანიაში მყოფ ქართველებს დაეუფლათ ა.წ. თებერვალში მკურნალობის მიზნით მისი გერმანიაში ჩამობრძანებისას. მაშინ როცა საქართველო იდუმალ შიშსა და მღელვარებას მოეცვა, გერმანიაში მცხოვრებ ქართველებს სევდანარევი სიხარული დაუფლებოდათ,ეს სიხარული იყო უწმინდესთან შეხვედრის და უცხო მიწაზე მისი ლოცვა-კურთხევის მიღების განცდის სიხარული…

გერმანია არსებული ეკლესიები და მრევლი დასავლეთ ევროპის ეპარქიას მიეკუთვნება და მიტროპოლიტ აბრაამის (გარმელია) სამღვდელმთავრო ომოფორის მფარველობის ქვეშაა. ჩვენდა სასიხარულოდ მის ბევრ ქალაქში არსებობს ქართული მართლმადიდებლური სამრევლოები და ტარდება წირვები ქართულ ენაზე: მიუნხენში დეკანოზ თამაზის მიერ, დიუსელდორფში მღვდელ-მონაზონ იესეს მიერ, ასევე შტუტგარტში, ფრანქფურტში, ბონსა და კიოლნში, ჰამბურგსა და ბერლინში.

უნდა აღინიშნოს, რომ ქართველების ყველაზე უფრო დიდი რაოდენობა ბერლინშია კონცენტრიერებული, ამიტომ მრევლის პოტენციალიც შესაბამისად დიდია ამ ქალაქში. საქართველოს საელჩო და საკონსულოც ბერლინშია განთავსებული.

პატრიარქმა მისი გერმანიაში ვიზიტის განმავლობაში მოინახულა და მოილოცა ბერლინის ბერძნული კონსტანტინეპოლის საპატრიარქო ტაძარი და ასევე ესტუმრა ბერლინის რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიას. განსაკუთრებულად შთამბეჭდავი იყო პატრიარქის შეხვედრა ქართულ მრევლთან ბერლინის სერბულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში, რომელსაც სერბები ქართველებს თვეში ერთხელ უთმობენ მშობლიურ ენაზე წირვა-ლოცვის ჩასატარებლად. პატრიარქმა აღავლინა პარაკლისი ამ ტაძარში, დალოცა მრევლი და უსურვა მას სამშობლოში დაბრუნება. ილია II ასევე დაესწრო ტრაპეზს, რომელიც პარაკლისის შემდეგ გაიმართა.

გარდა ამ შეხვედრებისა, იგი მოინახულეს გერმანიაში მოღვაწე ქართველმა მუსიკოსებმა პაატა ბურჭულაძემ და ლადო ათანელმა, სხვა ხელოვნების მოღვაწეებმა და პოლიტიკოსებმა. განსაკუთრებით აღსანიშნავი იყო საქართველოს საელჩოს წარმომადგენლების გულისხმევა, რომელიც პატრიარქმა განსაკუთრებული მადლიერებით მოიხსენია. ისინი ყოველგვარ დახმარებას უწევდნენ უწმინდესს და გვერდიდან არ სცილდებოდნენ მას მისი გერმანიაში ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში.

პატრიარქი აგრეთვე მოინახულეს და მას ლოცვა-კურთხევა სთხოვეს ბელგიაში და ავსტრიაში მოღვაწე ქართველმა მღვდლებმა. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი უწმინდესობის შეხვედრა დასავლეთ ეპარქიის მმართველ მეტროპოლიტ აბრაამთან, რომელიც თავად ეწვია პატრიარქს ბერლინში.

„შევსთხოვ უფალს: სრულიად საქართველო, ყოველნი ქართველნი, ყოველი ადამიანი იყოს უფლის მარჯვენა მხარეს, რომ ყოველი თქვენთაგანისა და სრულიად საქართველოს სახელი იყოს ჩაწერილი უფლის წიგნსა ცხოვრებისასა“ –
ღმერთმა ისმინოს პატრიარქის ლოცვა და დიდხანს უცოცხლოს იგი საქართველოს!

გერმანიის ქართველი მრევლის სახელით
ხათუნა გეგეჩკორი