საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

თბილისში კონფერენცია “რწმენა და ცოდნა” გაიმართა

25 დეკემბერი
406-2

საქართველოს პატრიარქის მოკოვში შეხვედრების შემდეგ, საქრთველოში რუსეთიდან დიდი დელეგაცია ჩამოვიდა. მოსკოველმა სტუმრებმა თავიანთი ვიზიტი საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის აღსაყდრებიდან 31-ე წლისთავს დაამთხვიეს. ილია მეორეს საიუბილეო თარიღი “ქორთიარდ მარიოტში” საგანგებო კონფერენციაზე მიულოცეს. ფორუმში სახელწოდებით “რწმენა და ცოდნა – მსოფლიო კულტურის საფუძველია“ – რუსი და ევროპელი სასულიერო პირები და საზოგადო მოღვაწეებიც მონაწილეობდნენ. კონფერენციაზე საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა რუსულ-ქართული ურთიერთობები გახდა.

ილია II-ის თქმით, რწმენა უნდა იყოს საფუძველი ყოველგვარი ცოდნისა და ამ შემთხვევაში ცოდნა არ იქნება კაცობრიობისთვის დამანგრეველი “მთელი ჩვენი კულტურა აშენდა ქრისტიანულ რწმენაზე და ურთიერთობა ადამიანებს შორის ცოდნაზე და რწმენაზეა დამოკიდებული,” – თქვა მან.

ორენბურგის მიტროპოლიტმა მეუფე ვალენტინმა კი განაცხადა: “ჩვენ ქართველი ხალხის მსგავსად გვიყვარს საქართველოს კათალიკოსი უწმინდესი ილია II”.

რუსეთის დელეგაციას რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი კულტურის საკითხებში მიხაილ შვიდკოი ხელმძღვანელობს. დიალოგის აღდგენასთან დაკავშირებულ თემებზე ის ფრთხილ განცხადებებეს აკეთებს. “მისი უწმინდესობა იმდენად განიცდის საქართველოს ყველა პრობლემასა და ტკივილს, რომ მასთან საუბარი ბევრ რამეს ცხადს ხდის,” – თქვა მან.

დიალოგის აუცილებლობაზე კონფერენციის ქართველი მონაწილეებიც საუბრობენ, თუმცა იმასაც აღიარებენ, რომ ყველაფრის დავიწყება შეუძლებელი იქნება.

პატრიარქის აღსაყდრებასთან დაკავშირებული ღონისძიებები რამდენიმე დღეს გაგრძელდება. საღამოს სამების საკათედრო ტაძარში ერთობლივი საზეიმო წირვა ჩატარდება. კონფერენციის სტუმრები მოგვიანებით მცხეთასაც მოინახულებენ.