საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ქადაგება

4 დეკემბერი
4-dekemberi-2003

სიონის საპატრიარქო ტაძარი, 4 დეკემბერი, 2003 წელი

„…მთავარზე უნდა ვიფიქროთ – ჩვენს ეროვნულ და მართლმადიდებელ ფასეულობებზე!“

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მეოხებით ღმერთმა ინებოს თქვენი და საქართველოს მშვიდობა და სიცოცხლე!

ჩვენთან არს ღმერთი!

დღეს არის დიდი დღესასწაული – ტაძრად მიყვანება ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლისა.

როცა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი 3 წლის შესრულდა, იგი მისმა მართალმა მშობლებმა იერუსალიმის ტაძარში მიიყვანეს. ანგელოზები გაკვირვებულნი შესცქეროდნენ მღვდელმთავარს, რომელმაც ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი პირდაპირ წმიდათა წმიდაში შეიყვანა, სადაც თვითონ წელიწადში მხოლოდ ერთხელ შედიოდა. ეს იყო ნიშანი ამისა, რომ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი დედა არის ტაძარი სულისა წმიდისა და იგი უნდა გამხდარიყო დედა უფლისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი.

დღეს უნდა ვიფიქროთ იმის შესახებ, თუ რა მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის, ქართველი ერისთვის ეკლესიას. საქართველოს ეკლესია – უძველესია. იგი I საუკუნეში დააარსეს წმიდა მოციქულებმა – ანდრია პირველწოდებულმა და სვიმონ კანანელმა. მოციქულთა ჩამობრძანებას წინ უსწრებდა მოვლენები, რომელთაც მოამზადეს ქართველი ერი მათ მისაღებად: ქართველმა ებრაელებმა საქართველოში ჩამოაბრძანესკვართი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და ჩვენი ქვეყანა გახდა წილხვედრი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა. გარდა ამისა, 600 წლით ადრე, საქართველოში ებრაელებმა ასევე ჩამოაბრძანეს ხალენი წმიდა ელია წინასწარმეტყველისა. როცა ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა ისრაელი დაარბია და ებრაელები იძულებულნი გახდნენ სამშობლო დაეტოვებინათ, – მათი ერთი ნაწილი საქართველოში წამოვიდა და თან ეს უდიდესი სიწმიდე წამოაბრძანეს, რომელიც მცხეთაში იმ ადგილზე დაიკრძალა, სადაც შემდგომში სვეტიცხოვლის დიდებული ტაძარი აიგო. ეს ხალენი თითქოს იყო წინამორბედი ქრისტიანობისა საქართველოში, იგი იყო წინამორბედი ქრისტეს კვართის ჩამობრძანებისა ჩვენს ქვეყანაში. აი, ასეთი დიდი მადლი მოუვლინა ღმერთმა საქართველოს; და ამიტომ უკავია ჩვენს ეკლესიას ღირსეული ადგილი ქრისტიანულ სამყაროში. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ, როცა უფალი მადლს ანიჭებს, – ეს არის არა მხოლოდ უდიდესი წყალობა ღვთისა, არამედ უდიდესი პასუხისმგებლობაც.

სახარებაში წერია: „მადლი ღვთისა – უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი“ – ანუ უძლურ ადამიანთა მკურნალი და ნაკლის აღმავსებელი. უნაკლო ადამიანი არ არსებობს. აი, ამ მადლით გადარჩა საქართველო და მოვიდა დღემდე; ამ მადლით უნდა იარსებობს საქართველომ მომავალშიც.

დღეს ჩვენ გვმართებს ფიქრი იმის შესახებ, თუ რამ უნდა გადაარჩინოს საქართველო, რა გზით უნდა ვიაროთ, რა ფასეულობებია ჩვენთვის ღირებული. უპირველესყოვლისა, უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ქართველები ვართ და იმაზე უნდა ვიზრუნოთ, რომ ჩვენი აზროვნება იყოს ეროვნული. უნდა დავიცვათ ეროვნული ფასეულობები და გავუფრთხილდეთ მათ.

დღეს უცხოეთიდან შემოიჭრა არა მხოლოდ კულტურა, არამედ ფსევდოკულტურაც და ჩვენ მათი ერთმანეთისგან გარჩევა უნდა შეგვეძლოს, უნდა ვიცოდეთ, თუ რა არის ჩვენთვის მისაღები და რა – არა. ქართველი კაცი უნდა გაუფრთხილდეს ეროვნულ ფასეულობებს – მამულს, ენას, სარწმუნოებას, ჩვენს ისტორიას, კულტურას, დამწერლობას, მუსიკას – ყოველივე ეროვნულს. და კიდევ, რაც მნიშვნელოვანია – ეს არის ქრისტიანული მენტალიტეტი, მართლმადიდებლური აზროვნება. აი, ეს ორი ძალა გადაარჩენს საქართველოს.

საქართველოს წარსულში ებრძოდა ისეთი დიდი ძალა, როგორიცაა სპარსეთი, ოსმალეთის იმპერია და მრავალი სხვა მტერი. კარგად ვიცით, თუ როგორ ცდილობდნენ ისინი, დაეპყროთ და მოესპოთ ჩვენი ქვეყანა. და როცა მტერი შემოიჭრებოდა, უპირველეს ყოვლისა, სარწმუნოებას ებრძოდა, ანგრევდა ტაძრებსა და მონასტრებს. მან კარგად იცოდა, რომ თუ შეარყევდა ერში სარწმუნოებას, ადვილად დაიპყრობდა და გაანადგურებდა ქვეყანას. ამიტომ ებრძოდა მტერი მუდამ ქრისტიანობას და ჩვენს ეროვნულ მეობას. დღეს განსაკუთრებით გვმართებს ამაზე ფიქრი. ძალიან მიხარია, როცა ჩვენი ახალგაზრდობა ამაზე ფიქრობს. თუმცა, დღეს ჩვენი ახალგაზრდობა ზედმეტად პოლიტიზირებულია; სხვა თითქოს აღარაფერი ახსოვს. ამისგანაც უნდა გავთავისუფლდეთ და მთავარზე ვიფიქროთ – ჩვენს ეროვნულ და მართლმადიდებლურ ფასეულობებზე. აი, ეს ორი ძალაა, რომელიც იხსნის საქართველოს.

ყოვლედწმიდა ღვთისმშობელმა დედამ გადაგაფაროთ თავისი კალთა თქვენ და სრულიად საქართველოს!

ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა დედამ გაამთლიანოს საქართველო და მოგვანიჭოს ქართველებს ერთსულოვნება, რათა გვიყვარდეს მოყვასი ჩვენი. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ლოცვით მოგვანიჭოს უფალმა: „განცდაი თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა.“

ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი