საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საქართველოს საპატრიარქოს განცხადება

10 დეკემბერი

საქართველოს საპატრიარქო კვლავაც ადასტურებს პატივისცემას სომეხი ერისა და სომხური სამოციქულო ეკლესიისადმი და აღნიშნავს, რომ სახელმწიფოებრიობისა და ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებისათვის ბრძოლის ურთულეს და ხანგრძლივ გზაზე ჩვენს ხალხებს არაერთხელ გაუწვდიათ ერთმენეთისთვის დახმარების ხელი; რისი დამადასტურებელი არაერთი საბუთი შემოინახა უმდიდრესმა ქართულმა და სომხურმა ისტორიოგრაფიამ; თუმც ზოგჯერ, სამწუხაროდ, გაუგებრობებსაც ჰქონდა ადგილი, როდესაც მტრის სურვილს – გათიშე და იბატონეს პრინციპს, _ ჩვენის მხრიდან საკმარისი შორსმჭვრეტელობა და სიბრძნე ვერ დავუპირისპირეთ.

საქართველოს საპტრიარქო გულისტკივილს გამოთქვამს უკანასკნელ პერიოდში სომხურ და საერთაშორისო მედია-საშუალებებში საქართველოს ეკლესიის მიმართ გაკეთებული შეფასებების გამო, სადაც საქართველოში მცხოვრები სომხური მოსახლეობის რელიგიურ დისკრიმინაციაზეა საუბარი მაშინ, როდესაც ათასწლეულების განმავლობაში საქართველოში არსებობს და ვითარდება მრავალრიცხოვანი სომხური დიასპორა, თავისუფლად და შეუზღუდავად მოქმედებს სომხური სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქია, შექმნილია სომხური კულტურის ცენტრები, _ თეატრი, საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, რეგიონული სომხურენოვანი ტელევიზიები, ფუნქციონირებს სკოლები, უმაღლეს სასწავლებელში არის სომხური სექტორი, იბეჭდება გაზეთები, და სხვა, რაც სწორედ ქართული სახელმწიფოსა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ ჩვენი სომეხი თანამოქალაქეების მიმართ პატივისცემისა და კეთილგანწყობის დადასტურებაა.

ის, რომ თბილისში, ლესელიძის ქუჩაზე, “ჯვრის მამის” ეკლესიის გვერდით მდებარე ძეგლის (სომხური წყაროების მიხედვით “ნორაშენის”) წარმომავლობის შესახებ ქართულ და სომხურ ეკლესიებს განსხვავებული მოსაზრებები აქვთ, ცნობილია, რადგან სიტუაცია დაიძაბა, ვფიქრობთ, უნდა მოხდეს მისი მეცნიერული შესწავლა და შედეგების შეჯერება პროფესიონალი ექსპერტებით დაკომპლექტებული კომისიების მიერ. ჩვენი ეს პოზიცია კიდევ ერთხელ დაფიქსირდა საქართველოს საპატრარქოში 26 ნოემბერს გამართულ ორმხრივ შეხვედრაზეც, რომელსაც ესწრებოდნენ: კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაოკლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), საქართველოს საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობების განყოფილების ხელმძღვანელი, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე, თბილისის ვიცე-მერი, ბატონი მამუკა ახვლედიანი; ხოლო სომხური სამოციქულო ეკლესიის მხრიდან: ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი, სომხური ეკლესიის ვიკარი ჯავახეთში მამა ბაბკენი, და სომხური დიასპორის წარმომადგენელი გაზეთ “ვრასტანის” რედაქტორი ვან ბაიბურთი.

მიღებული იქნა შემდეგი შეთანხმება:

1. დაუყონებლივ შეწყდეს ყოველგვარი სამუშაოები სადაო ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე.

2. ორივე ეკლესიის წარმომადგენლებმა წერილით მიმართონ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, რათა შეფასდეს ძეგლის მდგომარეობა, დაიგეგმოს და განახორციელდეს ყველა საჭირო ღონისძიება.

3. რეალურად დაიწყოს მუშაობა ორმხრივმა კომისიამ, რომელიც წყაროთმცოდნეობითი, ისტორიული, ხელოვნებათმცოდნეობითი ექსპერტიზისა და არქეოლოგიური გათხრების საფუძველზე შეისწავლის ძეგლის კუთვნილების საკითხს და დადებს შესაბამის დასკვნებს

4. მანამდე კი აღნიშნულ ძეგლზე გამოცხადდეს ორმხრივი მორატორიუმი.

ბუნებრივია, ასეთი შეთანხმების ფონზე, სომხეთში ა. წ. 27 ნოემბერსა და 3 დეკემბერს გამართული აქციები და სომხური ეკლესიის მიერ გაკეთებული მკაცრი განცხადებები მოულოდნელია ჩვენთვის. თუმცა შექმნილი მდგომარეობის მიუხედავად, ვფიქრობთ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ისა და მისი უწმინდესობის, ყოველთა სომეხთა უმაღლესი პატრიარქისა და კათალიკოსის გარეგინ II-ის ძმური ურთიერთობა ხელს შეუწყობს, რათა განიმუხტოს დაძაბულობა და კეთილგონიერებითა და სამართლიანობით გადაიჭრას პრობლემა.