საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საქართველოს საპატრიარქო სადავო ეკლესიების საკითხს ეხმაურება

8 დეკემბერი

საქართველოს საპატრიარქო სადავო ეკლესიების კუთვნილების საკითხს ეხმაურება.

საქართველოს საპატრიარქოში დეკანოზმა დავით შარაშენიძემ დღეს პრესკონფერენცია გამართა.

მამა დავითმა საპატრიარქოს სახელით გულისტკივილი გამოთქვა ბოლო პერიოდში სომხური და საერთაშორისო მედიასაშუალებების მიერ საქართველოს ეკლესიის მიმართ გაკეთებული შეფასებების გამო, სადაც საქართველოში მცხოვრები სომხური მოსახლეობის რელიგიურ დისკრიმინაციაზე იყო საუბარი.

პრესკონფერენციაზე ითქვა, რომ სომხური ეკლესიის მიერ სადავოდ არის ქცეული ლესელიძის ქუჩაზე, “ჯვრის მამის” გვერდით მდებარე ტაძარი, რომელიც სომხურ წყაროებში “ნორაშენის” სახელით არის დაფიქსირებული.

ქართული მხარის განცხადებით, ეს არის “ხარების” ტაძარი. სადავოდ არის ქცეული რამდენიმე ტაძარი სამცხე-ჯავახეთში, თუმცა მამა დავით შარაშენიძეს მათი რაოდენობა არ დაუკონკრეტებია.

პრესკონფერენციაზე აღინიშნა, რომ საჭიროა ამ ტაძრების წარმომავლობის გასარკვევად პროცესში სპეციალისტების ჩართვა, რომლებიც ჩაატარებენ შესაბამის მოკვლევებს და დასკვნებსაც მოამზადებენ.

ამ მიზნით 26 ნოემბერს საპატრიარქოში ორმხრივი შეხვედრაც გაიმართა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ რეალურად დაიწყოს მუშაობა ორმხრივმმა კომისიამ, მანმდე კი “ხარების” ტაძარზე გამოცხადდა ორმხრივი მორატორიუმი.
მიღწეული შეთნხმების შემდეგ საქართველოს საპატრიარქოში უკვირთ, თუ რატომ მოყვა ეკლესიების საკითხს აქციები სომხეთში.

როგორც ცნობილია, სომხეთში ამ საკითხზე აქციები 27 ნოემბერსა და 3 დეკემბერს გაიმართა.