საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საქართველოს საპატრიარქოს რუსეთში ვიზიტი დღეს დელეგაციის წევრებმა შეაჯამეს

14 ნოემბერი
380-2

საქართველოს საპატრიარქოს რუსეთში ვიზიტის შედეგები დღეს დელეგაციის წევრებმა შეაჯამეს.

4-10 ნოემბრის შეხვედრების შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა, სამთავისისა და გორის მთავარეპისკოპოსმა ანდრიამ, დეკანოზმა გიორგი ხარაზიშვილმა და პოლიტიკურმა ექსპერტმა ზურაბ აბაშიძემ ისაუბრეს.

ზურაბ აბაშიძის განცხადებით, რუსეთში გამართული შეხვედრების ძირითადი თემა იყო, თუ როგორ შევა ქართველი სამღვდელოება თავის ტაძრებში აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში.

სწორედ ამ საკითხებზე გაიმართა მოლაპარაკებები, როგორც რუსეთის პატრიარქ ალექსი მეორესთან, ასევე, რუსეთის საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელთან, მიტროპოლიტ კირილთან.

როგორც ცნობილია, რუსეთის საპატრიარქო საქართველოს საპატრიარქოს სთავაზობდა, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე არსებულ ტაძრებში რუს სასულიერო პირებს განეხორციელებინათ მსახურება, სწორედ ისინი ყოფილიყვნენ ქართული სამწყსოს სულიერი მამები იმ პერიოდში, ვიდრე ქართველი მოძღვრები იქ შესვლას მოახერხებდნენ. თუმცა, საქართველოს საპატრიარქო ამაზე თანახმა არ არის.

საუბარია მხოლოდ იმაზე, რომ მხოლოდ ქართველი მოძღვრები შეიძლება იყვნენ თავიანთი სულიერი შვილების მამები და ეს არ შეიძლება განახორციელოს სხვა ეკლესიამ, თუნდაც ის კეთილგანწყობილი იყოს.

“ასე რომ, თუ როგორ მოგვარდება აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში ქართული სამღვდელოების დაბრუნების საკითხი, ამის მზა რეცეპტი არ არსებობს, თუმცა დაიწყო მოლაპარაკებები. ეს ვიზიტი არის უფრო მნიშვნელოვანი თავისი არსიდან გამომდინარე – ეკლესიები ცდილობენ, აგვისტოს უმძიმესი მოვლენების შემდეგ პირველი ხიდი გადონ ურთიერთობებისა”, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

მისივე თქმით, საპასუხო ვიზიტით რუსეთის დელეგაცია საქართველოში 25 დეკემბერს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრების დღეს ჩამოვა და აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკებები გაგრძელდება.

გარდა ამისა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, საქართველოს დელეგაციამ შეხვედრები გამართა სამინისტროს წარმომადგენლებთან. გაიმართა შეხვედრები ქართულ დიასპორასთან და რუსეთის საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდთან.

მეუფე გრიგოლის განცხადებით, რუსეთის საპატრიარქოს ფონდი და საქართველოს საპატრიარქოს ფონდი კვლავ გეგმავენ ერთობლივ პროექტებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საპატრიარქოს დელეგაციის ვიზიტი რუსეთში აგვისტოსთვის იყო დაგეგმილი, თუმცა აგვისტოში განვითარებული მოვლენების გამო, ვიზიტი ნოემბერში შედგა.