საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

21 ნოემბერი – მთავარანგელოზობაა

21 ნოემბერი
38-2

21 ნოემბერს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია წმიდისა მთავარანგელოზისა მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ძალთა კრებას აღნიშნავს.
დღესასწაული ნოემბერში აღინიშნება, რადგან ნოემბერი მარტიდან მეცხრე თვეა, რომლიდანაც უწინ წელიწადის ათვლა იწყებოდა, ხოლო ცხრა – ანგელოზთა ცხრა დასს შეესაბამება.
ეკლესიის სწავლების თანახმად, წმიდისა მთავარანგელოზისა მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა კრების აღნიშვნა გადაწყდა ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე, რომელიც IV საუკუნის დასაწყისში, ნიკეის I მსოფლიო კრებამდე რამდენიმე წლით ადრე გაიმართა.
ანგელოზთა დასნი სამ იერარქიად განიყოფიან. უმაღლეს იერარქიას შეადგენენ: სერაბიმნი, ქარუბიმნი და საყდარნი. წმიდა სამებასთან ყველაზე ახლოს დგანან ექვს-ექვს ფრთენი სერაბიმნი (ანთებულნი, ცეცხლოვანნი). ისინი ადამიანებს ღვთაებრივი სიყვარულის ალით აღაგზნებენ.
სერაბიმთა შემდგომ უფალს წარუდგებიან მრავალთვალნი ქერუბიმნი (შეს. 3, 24), რომელთა სახელიც ნიშნავს: სიბრძნის გარდამოსვლას, განათლებას, რადგან სწორედ მათი მეშვეობით გადმოედინება ჩვენზე სიბრძნე და განათლება ჭეშმარიტი ღვთისშემეცნებისათვის.
ქერუბიმებს მოსდევენ საყდარნი, რომლებიც ღვთის მართლმსაჯულებას ემსახურებიან. ანგელოზთა საშუალო იერარქიას შეადგენენ: უფლებანი, ძალნი და ხელმწიფებანი.
მთავარანგელოზ მიქაელს – მძლეველს ყველა მტრული ძალისა – ხატებზე ჯავშნით, ანუ ღვთიური მადლით შემოსილს ხატავენ. იგი ფეხებით დემონს თრგუნავს, მარცხენა ხელში ზეთისხილის მწვანე რტო, ან სამკუთხედი ფარი უჭირავს. მარჯვენაში უპყრია შუბი თეთრი ალმით (ზოგჯერ – ცეცხლოვანი მახვილი), რომელზედაც მეწამული ჯვარია გამოსახული.
ზოგიერთ ხატზე ზეციურ ძალთა მხედართმთავარი მახვილით გმირავს დედამიწაზე შემოხვეულ გველს. მიქაელ მთავარანგელოზისადმი ლოცულობენ დემონურ ცთუნებათა დროს.
სადღესასწაულო წირვა თბილისის წმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში უწმინდესმა და უნტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ აღავლინა.