საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ევროპის ქვეყნებს ეწვევა

27 ოქტომბერი
369-2

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, თანმხლებ პირებთან ერთად, ვიზიტით ეწვევა ევროპის ქვეყნებს გერმანიას, იტალიასა და საფრანგეთს.

იტალიაში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მონაწილეობას მიიღებს მსოფლიო პოლიტიკოსთა ფორუმში, რომელიც 6-7 ნოემბერს ბასკო-მარენგოში გაიმართება.

საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის გამოსვლა, რომელიც საქართველოში დღეს არსებულ ვითარებას შეეხება, 6 ნოემბრისთვის არის დაგეგმილი,
7 ნოემბერს კი ტურინში მაცხოვრის სუდარის მონახულება და აფხაზეთისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენის გახსნაა დაგეგმილი.

8 ნოემბერს შედგება შეხვედრა რომის პაპთან, ბენედიქტე XVI-თან. 12 ნოემბერს, სავარაუდოდ, პატრიარქი წირვას აღავლენს ბარში, წმიდა ნიკოლოზის საფლავთან.

14 ნოემბერს სტრასბურგში ევროპის კულტურის ფონდის პრეზიდენტი, მისი უდიდებულესობა დანიის პრინცი კათოლიკოს-პატრიარქს გადასცემს ფონდის ჯილდოს მშვიდობის, ჰუმანურობისა და საქართველოში საეკლესიო ცხოვრების დამკვიდრების საქმეში შეტანილი წვლილისთვის.

16 ნოემბერს პარიზში ქართული ეკლესიის გახსნაა დაგეგმილი. მისი უწმიდესობა საქართველოში 18 ნოემბერს დაბრუნდება.