საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სამართლიანობის დამყარებისკენ მოუწოდებს

3 ოქტომბერი
358-2

ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაური, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მიიჩნევს, რომ “სანამ საქართველოში არ დამყარდება სამართლიანობა, ქვეყანაში არ დამყარდება სიმშვიდე”. ამის შესახებ მან პარასკევს, გაზეთ “რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

“რეალურად ომის მიზეზი გახდა შეკვეთილი პოლიტიზირებული ისტორია ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და მისი არაარგუმენტირებული იურიდიული სტატუსი. სამართლიანობა – მშვიდობის გარანტიაა და სანამ საქართველოში არ იქნება სამართლიანობა, ქვეყანაში არ იქნება მშვიდობა”, – განაცხადა ილია მეორემ.

პატრიარქი აღნიშნავს, რომ “ეს არ იყო ეთნიკურ ან რელიგიურ საფუძველზე განვითარებული კონფლიქტი”. “აგვისტოს მოვლენებს თავისი გლობალური გეოპოლიტიკური მიზეზები გააჩნია, ამიტომ, ჩვენი ქვეყანა მსოფლიო პოლიტიკური ძალების შეტაკების ადგილად გადაიქცა”, – განაცხადა ილია მეორემ.

ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაური აღნიშნავს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად ის კატეგორიულად გამორიცხავს ძალისმიერ მეთოდს.

“ტერიტორიული მთლიანობის მისაღწევად ძალისმიერ მეთოდს კატეგორიულად გამოვრიცხავ. ჩვენი ეკლესია დღეს და კონფლიქტამდეც სისხლისღვრის წინააღმდეგია, ამის შესახებ არაერთხელ განვაცხადეთ. დიპლომატიური, ეკონომიკური, კულტურული და რელიგიური ბერკეტები “ჩატეხილი ხიდის” აღდგენის საშუალებას მოგვცემს”, – მიიჩნევს ილია მეორე.

სრულიად საქართველოს პატრიარქი თავის ინტერვიუში ასევე იხსენებს, რომ ადრე რუსულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის იურისდიქცია აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში აღიარა.

“მართალია, ჯერ ჩვენ ამ რეგიონებში შესვლა არ შეგვიძლია და არ ვიცით, რა მდგომარეობაშია V-XIX საუკუნეების ქართული ეკლესიები და მონასტრები”, – აღნიშნავს პატრიარქი.