საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

რუსული ეკლესია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ეკლესიების დამოუკიდებლობას არ აღიარებს

7 სექტემბერი

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ეკლესიების საქართველოს ეკლესიისგან დამოუკიდებლობას არ აღიარებს და საკუთარ შემადგენლობაში მიღებას არ აპირებს.
ამის შესახებ “ნეზავისიმაია გაზეტას” დამატება – “ნეზავისიმაია გაზეტა – რელიგია” იუწყება.

რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლეს იერარქებს რუსეთის მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე ჯერჯერობით არანაირი რეაგირება არ მოუხდენიათ.

მოსკოვის საპატრიარქოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვსევოლოდ ჩალინმა მხოლოდ ის განაცხადა, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილებები საეკლესიო იურისდიქციის საკითხებს არ განსაზღვრავს. მისი თქმით, ეს საკითხები ორ ეკლესიას შორის დიალოგში უნდა გადაწყდეს.

“მოსკოვის საპატრიარქო აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს კვლავ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიერ ტერიტორიად მიიჩნევს. მეტიც, პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევის მიერ ამ რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ რუსული ეკლესია ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობის კურსის ოპოზიციაშიც აღმოჩნდა. რუსული ეკლესია ამ ტერიტორიების საკუთარ შემადგენლობაში შეყვანისთვის მზად არ არის”, – იუწყება “ნეზავისიმაია გაზეტა”.