საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საქართველოს საპატრიარქოს განცხადება

9 აგვისტო

“ეს არის ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლა და არა ეთნოკონფლიქტი”
საქართველოს ეკლესია გამოხატავს დიდ მწუხარებას ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო და თანაგრძნობას უცხადებს დაღუპულთა და დაჭრილთა ოჯახებს – როგორც ქართველებს ისე ოსებს.

ეს ჩვენი საერთო ტრაგედიაა, მაგრამ აუცილებლია ყველამ იცოდეს და განსაკუთრებით ცხინვალის რეგიონის მოსახლეობამ (ისევე როგორც აფხაზეთში მცხოვრებთაც), რომ მათ ქართველები არ ებრძვიან და მათი გაძევება არავის სურს. საქართველო თავისი საზღვრების მთლიანობას იცავს. ეს სურვილი სამართლიანია და ამას საერთოაშორისო ნორმებიც ითვალისწინებს.

ყველამ იცის, რომ სამხრეთ ოსეთის ავტონომია საქართველოს ძალადობრივი გასაბჭოების შედეგია, რომელიც ჩვენს ისტორიულ ტერიტორიაზე მხოლოდ 80-90 წლის წინ შეიქმნა და იგი არ უნდა იქნას გამოყენებული სეპარატიზმის საფუძვლად.

ამ მიწა-წყალზე საუკუნეთა მანძილზე ქართველებთან ერთად ყოველთვის მშვიდობიანად ცხოვრობდნენ ოსებიც, ისევე როგორც აფხაზეთში აფხაზები. ჩვენ კვლავაც მოსურნენი ვართ მშვიდობიანი თანაცხოვრებისა, მაგრამ ქართველი ერი ვერასოდეს შეეგუება თავისი საზღვრების ხელყოფას. საქართველოს არასდროს მიუტაცია სხვისი ტერიტორია, მაგრამ თავისას ბოლომდე დაიცავს. ასე, რომ ეს არის ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლა და არა ეთნოკონფლიქტი.
თუმცა საქართველოს ეკლესია ყოველთვის იყო და არის პრობლემების სამართლიანი და მშვიდობიანი გზით გადაჭრის მომხრე. ხოლო, მშვიდობა სამართლის გარეშე ვერ დამყარდება. ამიტომაც მივმართავთ რუსეთის ხელისუფლებას – შეწყვიტონ სრულიად გაუმართლებელი აგრესიული ქმედებები საქართველოს ტერიტორიაზე და თავისი მხარდაჭერით ნუ წაახალისებენ სეპარატისტულ ძალებს. ასევე მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას და საერთაშორისო საზოგადოებას – გამოიყენონ ყველა შესაძლებლობა, რათა შეჩერდეს სისხლისღვრა და პოლიტიკური და სხვა გზები გამოიძებნოს სამართლიანობის აღსადგენად.

ეს არ არის მხოლოდ საქართველოსთვის და თუნდაც მხოლოდ კავკასიისთვის საჭირო ქმედება. აქ, ევრაზიის შესაყართან, მრავალი ქვეყნის ბედი წყდება.
საქართველოს ისტორია – განსაცდელების ისტორიაა. ჩვენ შევძლებთ გავუძლოთ შექმნილ პრობლემებსაც. მთავარია დროულად გადაიდგას სწორი ნაბიჯები, რათა სიტუაცია კიდევ უფრო არ გართულდეს.

ლოცვას დიდი ძალა აქვს.

ყველას კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ გააძლიეროთ ღვთისადმი ვედრება.

9 აგვისტო, 2008 წელი