საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პაპი და პატრიარქი საქართველოს ეწვია

29 ივლისი
317-2

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორეს მოწვევით საქართველოს ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პაპი და პატრიარქი, უნეტარესი თეოდორე II ოფიციალური ვიზიტით ეწვია.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საპატიო სტუმარს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე და და წმინდა სინოდის წევრები დახვდნენ.

თეოდორე მეორემ საქართველოში მათე მახარობლის თავის ქალის წმინდა ნაწილები ჩამოაბრძანა. საპატრიარქოში საპატიო სტუმარს საზეიმო დახვედრა მოუწყვეს.

შეხვედრაზე პატრიარქებმა საქართველოსა და ალექსანდრიის ტრადიციებსა და ქრისტიანული სარწმუნოების გაღრმავებაში შეტანილ ღვაწლზე ისაუბრეს. “ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ღვაწლს, რომლიც შეიტანა ეკლესიაში და მსოფლიოში ალექსანდრიის ეკლესიამ”, – განაცხადა უწმინდესმა და უნეტარესმა.

ვიზიტის ფარგლებში იგეგმება ერთობლივი ღვთისმსახურება სამებისა და სიონის ტაძრებში. ალექსანდრიის პატრიარქი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარესა და პრემიერ-მინისტრს.

ვიზიტის ფარგლებში თეოდორე II საქართველოს მთელ რიგ ეკლესია-მონასტრებს მოინახულებს. კერძოდ, ჯვრის მონასტერს, სამთავროს, შიო მღვიმეს, სტეფანწმინდას და გერგეთის სამებას ეწვევა.

გარდა ამისა, ვიზიტის ფარგლებში თეოდორე II მოინახულებს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარს, სადაც საზეიმო წირვა აღევლინება, დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსს, ბოდბის წმინდა ნინოს მონასტერს, ვარძიას, ბათუმის საკათედრო ტაძარს და სხვა ეკლესია-მონასტრებს, ასევე მოილოცავს ნეკრესს, გრემს, ალავერდსა და ატენის სიონის მონასტერს.