საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

ახალგაზრდული ორგანიზაციების კოალიციის „მოძრაობა ზნეობრივი საქართველოსათვის“ მიმართვა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდს

4 ივლისი
304-2

თქვენო უწმიდესობავ და უნეტარესობავ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქო ილია II

ყოვლადსამღვდელონო მეუფენო საქართველოს ღვთივკურთხეული ეკლესიის წმიდა სინოდის წევრებო

ღრმა პატივისცემითა და მოწიწებით გამოვითხოვთ თქვენს ლოცვა-კურთხევასა და მოგმართავთ თხოვნით განიხილოთ წმიდა სინოდის სხდომაზე ის სრულიად უკონტროლო და აღმაშფოთებელი მდგომარეობა, რომელიც შექმნილია საქართველოს სამაუწყებლო სივრცეში.

თქვენო უწმიდესობავ თქვენ არაერთხელ აღგინიშნავთ თქვენს ეპისტოლეებსა თუ ქადაგებებში ის შეურაცხმყოფელი და სრულიად მიუღებელი, არა თუ ქრისტიანისთვის, არამედ ნებისმიერი ჭკუადმყოფელი ადამიანისთვის, უზნეობის, ძალადობის, ბილწსიტყვაობის, აგრესიისა და უგემოვნობის ნიაღვარი, რომელიც დღედაღამ უწყვეტი ნაკადით გადმოედინება ჩვენს მოსახლეობაზე და განსაკუთრებით ჩვენზე – ახალგარზრდებსა და მოზარდებზე.

ჩვენი თანატოლები და, განსაკუთრებით, ჩვენზე უმცროსი თაობა, ფაქტობრივად უზნეობისა და უხამსობის პროპაგანდის ალყაში ვიმყოფებით და ერთადერთი საყრდენი და ამ მორევიდან თავდახსნის საშუალება ჩვენი წმიდა ეკლესიაა.

სწორედ ამიტომ მოგმართავთ თქვენ, რათა დაგვიცვათ და აღიმაღლოთ ხმა ჩვენი უფლების დასაცავად – აღვიზარდოთ უსაფრთხო და მაღალზნეობრივ გარემოში.

მოგეხსენებათ, დღეისათვის ფაქტობრივად გაუქმებულია და არ მოქმედებს არასრულწლოვანთა დამცავი დებულებები „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში, „რეკლამის შესახებ“ კანონში, ამოღებულია და აღარ მოქმედებს „მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონის უმთავრესი მუხლები, რომლებიც ეხება „არასრულწლოვანთა დაცვას მავნე ზეგავლენისაგან, რომელიც დაკავშირებულია კინო-, ვიდეო-, ტელეფილმების ჩვენებასა და ნაბეჭდ პროდუქციასთან“ („მაუწყებლობის შესახებ“ კანონის ამოღებული მუხლის სახელწოდება).

უკვე ორი წელი სრულდება მას შემდეგ, რაც „მაუწყებლობის შესახებ“ კანონით კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ უნდა შემუშავებულიყო და საჯარო განხილვის შედეგად მიღებულიყო (2006 წლის დეკემბრამდე) „მაუწყებელთა ქცევის კოდექსი“, რომელსაც უნდა დაერეგულირებინა აღნიშნული საკითხები, მაგრამ, სამწუხაროდ ისე მოხდა, რომ „თავისუფლების ინსტიტუტის“ მიერ კულუარებში შემუშავებული აღნიშნული კოდექსის პრინციპები, რომლებიც ზნეობის საკითხებში სრულ ანარქიისკენ უბიძგებს სამაუწყებლო კომპანიებს, ვერა და ვერ გახდა საზოგადოებისათვის მისაწვდომი, ფართო და თავისუფალი განხილვის საგანი.

ჩვენი განსაკუთრებული დაინტერესების მიუხედავად, ვერ მივაღწიეთ იმას, რომ ჩვენი შენიშვნები და წინადადებები არა თუ გათვალისწინებულიყო, არამედ თუნდაც, განხილვის საგნად ქცულიყო. „ზეპირი მოსმენები“, რომლებიც კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში ძალზედ იშვიათად და დროის კატასტროფული დეფიციტის ვითარებაში იმართება, საკითხის განხილვის საჯაროობის ილუზიის შექმნას ემსახურება.

ამა წლის 9 ივლისს დაგეგმილია აღნიშნული „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ ე.წ. განხილვის დასრულება და დაკანონება, რის შედეგადაც ის ანარქია და უკონტროლობა, რაც ჯერ-ჯერობით სამაუწყებლო კომპანიების ნება-სურვილით სუფევს, უკვე კანონის ძალით იქნება დადასტურებული.

უმორჩილესად გთხოვთ დაიცვათ ჩვენი ახალგაზრდობა და, ზოგადად, საქართველოს საზოგადოება, უზნეობისა და უხამსობის, ძალადობისა და აგრესიის ნიაღვარისგან, რომელიც გადმოედინება სამაუწყებლო სივრციდან და ანგრევს ჩვენს ცხოვრებასა და მომავალს.

მიმართვას თან ერთვის ჩვენი კოალიციის მიერ სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული განცხადებები, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. გამოთქვამთ მზადყოფნას ნებისმიერ დროს წარმოვადგინოთ ჩვენს მიერ შემუშავებული წინადადებები, აგრეთვე ჩვენს ხელთ არსებული დოკუმენტები.

პატივისცემითა და სიყვარულით
ახალგაზრდული ორგანიზაციების კოალიციის
„მოძრაობა ზნეობრივი საქართველოსათვის“ საკოორდინაციო საბჭო