საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

პატრიარქმა არასრულწლოვანთა კოლონიის პატიმრები მოინახულა

4 ივლისი
303-2

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დღეს არასრულწლოვანთა კოლონიის პატიმრები მოინახულა.

არასრულწლოვან პატიმრებს უწმინდესმა და უნეტარესმა საეკლესიო ნივთები და სურსათი გადასცა.

კათოლიკოს-პატრიარქი გაეცნო კოლონიებში არსებულ მდგომარეობას და განაცხადა, რომ საპატიმროები არ არის გამოსასწორებელი ადგილი.

უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე აპირებს მიმართოს საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რათა მან გაათავისუფლოს საზოგადოებისათვის ნაკლებად საშიში არასრულწლოვანი დამნაშავეები.

“მათთვის ისეთი მუხლის გამოყენება შეიძლება, რომელიც მათ თავისუფლებაზე გამოსვლის და საკუთარ ოჯახებში დაბრუნების შესაძლებლობას მისცემს. მათი იქ ყოფნა ცოდვაა. ისინი ციხეში გამოსწორებას ვერ შეძლებენ, პირიქით, ისეთ ჩვევებს შეიძენენ, რომელიც მანამდე არ ჰქონდათ. მიმაჩნია, რომ ჩვენი პრეზიდენტი გაითვალისწინებს ამას და მათ უმრავლესობას შეიწყალებს”, – ბრძანა მისმა უწმინდესობამ ავჭალის არასრულწლოვანთა კოლონიის მონახულების შემდეგ.

გარდა ამისა, კათოლიკოსი ეწვია ქალთა და არასრულწლოვანთა სასჯელაღსრულების მე-5 დაწესებულებას და პატიმარ ქალებს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა, რომლებიც საკუთარი და არასრულწლოვნების საქმეების გადახედვას მოითხოვენ.

კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით პატიმარმა ქალებმა შიმშილობა შეწყვიტეს.