საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

გორს მფარველი ოქონის ხატი დაუბრუნდება

29 აპრილი
275-2

კრისტის აუქციონზე 2 მილიონ დოლარად შეფასებული ხატი დღეს გორში დაბრძანდება. ოქონობის დღესასწაულზე გორს მფარველი ოქონის ხატი დაუბრუნდება.

ოქონის ტრიპტიკონი, რომელიც მე-12 საუკუნიდან ქალაქის მფარველ ხატად ითვლებოდა, ას წელზე მეტია გორში არ ყოფილა. სასწაულმოქმედი ხატის ხილვა და მის წინაშე ლოცვა მხოლოდ ერთი დღით ყველა გორელს შეეძლება.

გორის ღვთისმშობლის შობის ტაძარში დღეს სადღესასწაულო წირვა ჩატარდება. ოქონობის დღესასწაულის ტრადიცია თამარ მეფის სახელს უკავშირდება და ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს აღინიშნება.

სპილოს ძვლისგან დამზადებულ და ვერცხლით მოჭედილ ხატზე ღვთისმშობელი, იესო და იოანე ნათლისმცემელია გამოსახული. ხატი ბიზანტიური ხელოვნების ნიმუშად ითვლება და მე-10 საუკუნის მიწურულით თარიღდება.

მეცნიერთა აზრით, ტრიპტიკონი საქართველოში ბაგრატ IV-ის მეუღლემ, დედოფალმა ელენემ მზითვად ჩამოიტანა, მე-12 საუკუნეში კი თამარ მეფემ გორში ოქონის ტაძარი ააშენა და იქ ოქონის ტრიპტიკონის დასვენება ბრძანა.

ქართულ-ოსური კონფლიქტის დროს ცხინვალის მუზეუმიდან ხატი დაიკარგა და 2001 წელს ჟენევაში კრისტის აუქციონზე აღმოაჩინეს, სადაც სპეციალურმა კომისიამ მისი საწყისი ფასი 2 მილიონი აშშ დოლარით განსაზღვრა.

ოქონის ტრიპტიკონი საქართველოში 2004 წელს ჩამოიტანეს და ის თბილისის სახელმწიფო მუზეუმის საგანძურს გადაეცა.