საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ქადაგება

24 იანვარი
24-ianvari-1993

სიონი, 24 იანვარი, 1993 წ.

მოწყალებით სულს გადავირჩენთ

სახელისათა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა,
ჩვენთან არის ღმერთი.

დღეს არის ხსენება მსოფლიო ეკლესიის მოძღვრის, წმიდა თეოდოსი დიდისა, რომელიც ანტონი დიდთან ერთად დამაარსებელია ბერმონაზვნობისა.

წმიდა თეოდოსი, რომელიც წარმოშობით კაპადოკიიდან იყო, მე-5 საუკუნის ბოლოსა და მე-6 საუკუნის დასაწყისში ცხოვრობდა. იგი ღვთისმოყვარე მშობელთა ოჯახში დაიბადა და აღიზარდა. ეს ფაქტი ერთხელ კიდევ შეგვაგონებს იმას, რომ ცოდვა-მადლი შვილებზეც გადადის და კეთილი ნაყოფი კეთილი ხისაგან მიიღება. როგორც წმიდა მამის ცხოვრებაში ვკითხულობთ: იშვა წმიდა ესე თევდოსი ძირისაგან პატიოსანისა.

როდესაც წმიდა თეოდოსი გაიზარდა, იერუსალიმში წავიდა წმიდა ადგილების მოსალოცად, სადაც მან საბოლოოდ გადაწყვიტა ღვთის სამსახურს შესდგომოდა. ამიტომ იერუსალიმიდან საკვირველი მთისაკენ გაეშურა სვიმეონ მესვეტესაგან ლოცვა-კურთხევის მისაღებად. სვიმეონ მესვეტემ დალოცა იგი და ბერად აღკვეცა ურჩია; ბერად აღკვეცილმა თეოდოსიმ პალესტინაში ერთ-ერთი გამოქვაბული შეარჩია და იქ დამკვიდრდა. გადმოცემით იცოდნენ, რომ ამ გამოქვაბულში გაათიეს ღამე ბეთლემიდან წამოსულმა მოგვებმა, როცა უკან დაბრუნება ჰეროდეს გვერდის ავლით გადაწყვიტეს. ამ გამოქვაბულში, რომელსა შინა დღეს ძეს გუამი მისი წმიდა, მოღვაწეობდა წმიდა მამა ოცდაათი წლის განმავლობაში. ამ ხნის მანძილზე მისი სახელი ისეთი ცნობილი გახდა, რომ მასთან ერთად მოღვაწეობა მრავალმა ბერმა მოინდომა. მალე ამ გამოქვაბულში შვიდასამდე ბერმა მოიყარა თავი. მაშინ წმიდა თეოდოსიმ დიდი მონასტრის აშენება გადაწყვიტა, სადაც ყველა ერთად იცხოვრებდა. ადგილის შევრჩევაში შემწეობა უფალს სთხოვა, საცეცხლურში ჩამქრალი ნახშირი ჩაყარა და პალესტინის უდაბნოში წავიდა ლოცვით. მან უფალს შესთხოვა, რომ სადაც მისი ნება იქნებოდა, ნახშირიც იქ ანთებულიყო, ღმერთმა ისმინა წმიდა მამის თხოვნა: მან ნახა, რომ ნახშირი თავისით აინთო და საკმეველიც აკმევდა. წმიდა თეოდოსი მიხვდა, რომ ღმერთმა ეს ადგილი აკურთხა მონასტრის ასაშენებლად. მართლაც, უფლის შემწეობით და ღირსი მამის ღვაწლით იმ ადგილას მალე დიდებული მონასტერი აღიმართა.

თუ ბერების განმარტოებულ ცხოვრებას სათავე ანტონი დიდმა დაუდო, მათი ერთად ცხოვრება თეოდოსი დიდმა დააკანონა. მამების სულიერი მოღვაწეობის შედეგად ამ მონასტერში განსაკუთრებული მადლი დატრიალდა. წმიდა მამის კურთხევით მონასტრის მკვიდრთა ძირითადი მიზანი ქველმოქმედება გახდა. წმიდა მამები ყოველთვის მზად იყვნენ გასაჭირში ჩავარდნილთა დახმარებისა და მშიერ-მწყურვალთა დაპურებისათვის. ერთხელ, როცა პალესტინაში შიმშილობა ჩამოვარდა, წმიდა თეოდოსის ლავრას უამრავი ხალხი მიაწყდა. ბერებმა მოძღვარს ჰკითხეს, როგორ მოქცეულიყვნენ. წმიდა მამამ ყველას შეშვება ბრძანა. როცა ათასობით მშიერი ადამიანი მონასტრის ეზოში შევიდა და დასხდა, ბერებმა ნახეს, რომ მათი ბეღლები სავსე იყო სასმელ-საჭმელით. ასეთი სასწაულით დააჯილდოვა გულმოწყალებისათვის უფალმა წმიდა თეოდოსი დიდი და მისა ძმები.

წმიდა მამის ცხოვრების თხრობისას მე შევეცადე თქვენი ყურადღება გამემახვილებინა მოწყალებისა და ქველმოქმედების ძალაზე. როგორც იცით, ამა წლის პირველი იანვრიდან ყოველი შაბათი მოწყალებისა და ქველმოქმედების დღედაა გამოცხადებული. შაბათობით ყოველი ქრისტიანი მოვალეა, რითაც შეუძლია დაეხმაროს გასაჭირში ჩავარდნილს. ძალიან ხშირად გვეკითხებიან, შაბათი მხოლოდ ამ წელში გამოცხადდა ქველმოქმედების დღე თუ საერთოდ, რა თქმა უნდა, საერთოდ. ბიბლიაში მას წმიდა შაბათი ეწოდება და იგი ღვთის სადიდებელ დღედაა დაწესებული. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ მოწყალების გაცემით, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი სულის გადარჩენისათვის ვზრუნავთ, ამიტომ, ადამიანი ყოველთვის მოწყალე უნდა იყოს, მაგრამ ქველმოქმედებისათვის მან განსაკუთრებით შაბათს უნდა მოიცალოს.

მე მინდა გითხრათ, რომ გუშინ ჩვენ უპატრონო ბავშვთა სახლში ვიყავით, რომელიც დიღმის მასივშია. მიუხვდავად იმისა, რომ ბევრ მათგანს დედ-მამა ჰყავს, რომელთაც თავიანთი ნებით მიატოვეს ისინი, ბავშვებს მშობლები მაინც უყვართ. ჩვენ დავათვალიერეთ მათი საცხოვრებელი ოთახები და გაგვაოცა სისუფთავემ და წესრიგმა, რომელიც იქ სუფევს. ეს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში საბავშვო სახლის დირექტორისა და მასწავლებლების დამსახურებაა. ღმერთმა დალოცოს ისინი. ჩვენმა სტუმრობამ და საჩუქრებმა ბავშვები ძალიან გაახარა.

ამქვეყნიდან არავის არაფერი არ წაუღია. ამიტომაც შეგვაგონებს ჩვენი დიდი წინაპარი შოთა რუსთაველი: „რასაცა გასცემ შენია, რასც არა, დაკარგულია“. ქველმოქმედება ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო და იოლი საშუალებაა სულის ცხონებისა და ღმერთთან მიახლოებისათვის. ნუ დაკარგავთ ამ საშუალებას.

მინდა გაგახსენოთ ერთი ასეთი ეპიზოდი წმინდანთა ცხოვრებიდან. ერთი მორწმუნე ქალი ლოცულობდა და ღმერთს ევედრებოდა – გამომეცხადე და მომეცი დარიგება, როგორ ვიცხოვრო და რა გავაკეთოო. მართლაც მას მოესმა ხმა – მოემზადე და მე მოვალ შენთანო. ეს ქალიც შეუდგა მზადებას, ოღონდ სულის განწმენდა კი არა, სახლის დალაგება-დასუფთავება დაიწყო. ამ დროს კარებზე ძონძებით შემოსილმა მათხოვარმა მიუკაკუნა და დახმარება სთხოვა. ქალმა უარით გაისტუმრა, ხომ ხედავ, როგორი არეული სახლი მაქვს, სხვა დროს მოდიო. შემდეგ ეზოში გავიდა და პატარა ბავშვი დახვდა, მშიერი და ატირებული. ვერც მისთვის მოიცალა, მესამე მთხოვნელიც უარით გაისტუმრა. ამასობაში სახლის დალაგებასაც მორჩა, მაგრამ უფალი არ მოდიოდა. დაიწყო ლოცვა და უფალს ცრემლებით შეევედრა, გამოცხადებოდა. ამ დროს მოესმა ხმა: სამჯერ მოვედი შენთან და სამჯერვე უარი მითხარიო. როცა ჩვენ დახმარებაზე უარს ვეუბნებით გაჭირვებულს, უნდა გვახსოვდეს, რომ ამ დროს უარს თვითონ უფალს ვეუბნებით.

ღმერთმა მოგცეთ სულიერი ძალა მოწყალებისა თქვენი სულების საცხონებლად. ამინ.