საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საქართველოს პრეზიდენტმა სარფში წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესიის მშენებლობა მოინახულა

27 თებერვალი
207-2

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სარფში წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესიის მშენებლობა მოინახულა, სადაც ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ საზეიმო პარაკლისი აღავლინა. ჯვარგუმბათოვანი ეკლესია სარფში, საზღვართან ახლოს აშენდება. მშენებლობა პრეზიდენტის ფონდიდან მილიონი ლარით დაფინანსდება. ეკლესიის მშენებლობა წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.
“საქართველოს კარიბჭესთან ჩვენ სრული მასშტაბით ვიწყებთ ტაძრის მშენებლობას… ამ მშენებლობას პირადად ავიყვან კონტროლზე. ორგანიზაციულ და დაფინანსების საკითხებს უკვე ვაგვარებთ. მსურს მადლობა მოვახსენო მეუფე დიმიტრის იმისათვის, რომ ამ საქმეს ჩაუდგა სათავეში, ასევე მათ, ვინც მეუფეს მხარში ამოუდგა, მათ შორის გივი თარგამაძეს, და ყოველ წუთს გვახსენებს ამ ადგილზე ტაძრის მშენებლობის აუცილებლობის თაობაზე. მინდა მეუფეს ვუთხრა, რომ ეს ტაძარი მისივე ხელმძღვანელობითა და ლოცვა-კურთხევით, საქართველოს ეკლესიისა და მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით საქართველოს ღირსება გახდება”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის მშენებარე ეკლესია რიგით მესამეა, რომელიც სარფში აშენდება.
საქართველოს პრეზიდენტთან ერთად, ტაძრის კურთხევას შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები, ფოთის და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი, სხალთის ეპისკოპოსი სპირიდონი, სამღვდელო დასი, ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები და მრევლი დაესწრნენ.