საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

1999

13 იანვარი
კატეგორია: საშობაო,

საშობაო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა ერთგულ შვილს:

„მოდი, ნათელო ჭეშმარიტო, მოდი, ცხოვრებაო დაუსრულებელო,
მოდი, იდუმალებავ დაფარულო, …მოდი, მარტომყოფო მარტოსულთან“
(სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი, ნაწყვეტი ლოცვიდან).

შობა უფლისა არის სათავე ჩვენი რწმენისა. სახარებაში ვკითხულობთ: „დასაბამიდან იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა… და სიტყვა ხორციელ იქმნა და დაემკვიდრა ჩვენ შორის, სავსე მადლითა და ჭეშმარიტებითა“ (იოან. 1,1,14).

დიახ, იესო ქრისტე ყოვლადწმიდა სამების მიერ სამყაროს წინაშე გამოვლენილი სიტყვა, ლოგოსია.

მოციქული პავლე მას მეორე ადამს უწოდებს: „პირველი კაცი ადამი შეიქმნა ცოცხალ მშვინვად; უკანასკნელი ადამი კი – ცხოველსმყოფელ სულად. პირველი კაცი – მიწისაგან, მიწიერი; მეორეც კაცი – ზეციერი… და როგორც ვატარებთ მიწიერის ხატს, ასევე ვატარებთ ზეციერის ხატსაც“ (1 კორ. 15,45,47,49).

ძველი აღთქმის ხანა მესიის მობრძანებისათვის მოსამზადებელი ჟამი იყო. ძველი აღთქმის ბოლო პერიოდს მოციქული პავლე „დროის სისავსედ“, „დროის სისრულედ“ სახელდებს.

„როდესაც მოიწია დროის სისრულე, – წერს იგი გალატელთა მიმართ ეპისტოლეში, – მოავლინა ღმერთმა თავისი ძე, რომელიც იშვა დედაკაცისაგან და დაემორჩილა რჯულს, რათა გამოესყიდა რჯულის ქვეშ მყოფნი, და ამრიგად მიგვეღო ძეობა“ (გალ. 4,4-5).

მაცხოვრის მომავალი შობის შესახებ არა მარტო ძველი ებრაელი წინასწარმეტყველები წერდნენ, არამედ მას მთელი კაცობრიობა მოელოდა. და აი, ეს ხანგრძლივი ლოდინის პროცესი დასრულდა: „ღმერთი გამოჩნდა ხორცით“ (1 ტიმ. 3,16).

ადამიანის გონება უძლურია, გააცნობიეროს ღვთის განკაცების უდიდესი საიდუმლო – უხორცო იგი ხორციელ იქმნა, დაუსაბამოს სათავე დაედო, დაუტევნელი შემოისაზღვრა.

წმინდა კოზმა, მაიუმელი ეპისკოპოსი, წერს: „ვხედავ უჩვეულო და სასწაულებრივ საიდუმლოს: ავაზაკთა ქვაბს – ცად, ქალწულს – ქერუბიმთა ტახტად, ბაგას – უსაზღვრო და უნაპირო ღმერთის – ქრისტეს სამყოფელად“ (ძლისპირი, კანონის მე-9 გალობა).

ამსოფლად მოვლინებით მაცხოვარმა დაადასტურა თავისი უდიდესი სიყვარული და მოწყალება ადამის ცოდვით დაცემული მოდგმისადმი, მაგრამ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ, მართალია, იშვა დედამიწაზე, მაგრამ ამით წმიდა სამების ერთარსობა არ დარღვეულა.

წმიდა ბასილი დიდი გვასწავლის: „ძე ღვთისა ზეცით გარდამოხდა, მაგრამ არ განშორებია მამას. დაიბადა ავაზაკთა სამყოფელში, მაგრამ არ ჩამობრძანებულა სამეფო ტახტიდან, მიიძინა ბაგაში, მაგრამ არ დაუტოვებია მამის წიაღი, ხორცი შეისხა ქალწულისაგან და იშვა უმამოდ, ვითარცა ღმერთი“.

ყოველ მოვლენას ჩვენ ორი სახით აღვიქვამთ: თეორიულად და პრაქტიკულად. თეორიულ ცოდნას მეცნიერება იძლევა, პრაქტიკულს – ყოველდღიური გამოცდილება, თეორიული ცოდნა ღირებულია მაშინ, თუ იგი ცხოვრებაშია გამოყენებული. ამასთან ნამდვილი ცოდნა ზნეობრივ და კეთილ საქმეებში ვლინდება. ამიტომაც თქვა ანტიკური ხანის ცნობილმა ფილოსოფოსმა სოკრატემ, რომ ცოდნა სიკეთეაო.

ღვთის ნებასაც ასევე ორი გზით შევიმეცნებთ: ღვთისმეტყველებით და საკუთარი სულიერი პრაქტიკული გამოცდილებით.

წმინდა მამები გვასწავლიან, რომ სუფთა გული არის ღვთის აღქმის მთავარი საშუალება. როგორც ჭუჭყიანი სარკე ვერ აირეკლავს საგნებს ნათლად, ასევე ცოდვით დამძიმებული და შებღალული გული ვერ მისწვდება, ვერ შეიგრძნობს და ვერ აღიბეჭდავს ღვთის ხატებას.

ცნობილია, მსგავსი მსგავსს შეიცნობს; ამიტომაც ბრძანებს უფალი: „ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ“ (მათ. 5,8).

XX საუკუნემ თავისი უხეში პრაგმატიზმით, უწმუნოებითა და უსულოებით დაამახინჯა და დაასახიჩრა მილიონობით ადამიანთა სული.

რწმენის დაკარგვის გამო ისინი დამძიმდნენ, გაბოროტდნენ და აღდგნენ ერთმანეთის წინააღმდეგ; მათ თავიანთი უბედურების მიზეზის ძებნა სხვაში დაიწყეს, მარტივი ჭეშმარიტება კი დაივიწყეს, რომ ყველაფრის სათავე ჩვენ თვითონ ვართ, რომ დანაშაული თითოეულ ჩვენგანშია, ჩვენს უმეცრებაში, სულიერ სიღატაკესა და დაცემაშია.

რაკი ხალხი ასეთი მოუმზადებელია, ეკლესიამ უნდა გამოიჩინოს მეტი მოთმინება, მორჩილება, დაიმდაბლოს თავი, შემწყნარებელი თვალით შეხედოს ადამიანთა უძლურებებს და შეძლებისდაგვარად სწორი მიმართულება მისცეს მის ყოფას. ჩვენ ყველა უნდა შევიყვაროთ და არავის არ უნდა ვკრათ ხელი; არც ლოთებს, არც ნარკომანებსა და ქურდებს, არც მეძავებს, არც ბოროტმოქმედთ, არც ურწმუნოთ. ღმერთმა ინებოს, ყველანი ჭეშმარიტი სინანულით მოვიდნენ ეკლესიაში და მიიღონ კურნება სულისა.

მხოლოდ ეკლესიაში პოვებს კაცი ცხოვრების აზრს და შინაგან მშვიდობას, რადგან აქ ხდება ადამიანის შეხვედრა უფალთან. ერთ პიროვნებას, რომელსაც დიდი განსაცდელი შეხვდა, ჰკითხეს: საიდან გაქვს ასეთი შინაგანი სიმტკიცე და ღრმა რწმენა? პასუხი ასეთი იყო: მე ეკლესიაში გავიზარდე.

მართლაც, მას, ვინც სულიერად ეკლესიაში დაიბადა და გაიზარდა, ვერ მოერევა სასოწარკვეთა, შური, ეჭვი, შიში და გაუტანლობა, რადგან უფალი არის მასთან და მადლი ღვთისა იცავს მას.

სამწუხაროდ, დღეს ძალიან ცოტას ფიქრობენ სულიერობასა და მორალზე, სამაგიეროდ ხშირად საუბრობენ სოციალურ, პოლიტიკურსა თუ ეკონომიკურ კრიზისზე.

ერთი შეხედვით ძნელია, ილაპარაკო ზნეობაზე, ამაღლებულ თემებზე, როცა ხალხს არ ჰყოფნის პროდუქტი, არ გაიცემა პენსიები და ხელფასები, არ არის სამუშაო ადგილები და მოსახლეობა მეტად გაღიზიანებულია. მხოლოდ მცირე ნაწილი უძლებს ღირსეულად დროის ამ გამოცდას.

ტოტალიტარული რეჟიმის დროს ადამიანი შეეჩვია, რომ ყველა საკითხს ხელისუფლება წყვეტდა, პიროვნება კი მექანიკური შემსრულებელი იყო. ახლაც მრავლად არიან ისეთნი, რომელნიც ძველებურად სახელმწიფოსგან ელიან მზამზარეულ რეცეპტებს და დროის მოთხოვნილებების შესაბამისად ვერ მოქმედებენ. ეს არც არის გასაკვირი. ადრე კერძო ინიციატივა უცხო იყო საზოგადოებისათვის, ახლა კი, როცა დრო შეიცვალა და ამის გარეშე უკვე შეუძლებელია ცხოვრება, ადამიანებს სწრაფი გარდატეხა უჭირთ.

ჩვენი ყოფა დადებითისკენ რომ შეიცვალოს, აუცილებელია, ხელისუფლებამ ხელი შეუწყოს მოსახლეობის საშუალო ფენის ჩამოყალიბებას, რაც მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებით მიიღწევა. ყველა კარგად ხედავს, რომ დღეს ქვეყანა ბიზნესის ძირითადად ორი ნაწილისაგან – უკიდურესად ღარიბთა და მდიდართა ფენებისაგან შედგება, რომელთა შორის უფსკრული სულ უფრო ღრმავდება. საშუალო ფენა არის სახელმწიფოს დასაყრდენი, ამიტომაც მეწარმეობის განვითარება დროის მოთხოვნა და ჩვენი გადარჩენის საწინდარია.

მე ვთხოვ ჩვენს ხელისუფლებას, ყველას, ვისზეც არის დამოკიდებული ამ მიმართულების განვითარება, იქნებ როგორმე გამოიძებნოს საშუალება, რათა დამწყები მეწარმენი დროებით მაინც განთავისუფლდეს გადასახადებისაგან. ეს მოუსხნის მათ წარუმატებლობის კომპლექსს და გაუღვივებს საქმის ინტერესს.

სახელმწიფომ უნდა დააარსოს მცირე ბიზნესის შემსწავლელი სკოლებიც და თუ იქ უცხოეთიდან მოწვეული გამოცდილი სპეციალისტები წაიკითხავენ ლექციებს, ეს მალე დიდ შედეგს მოგვცემს.

მეწარმეებს აქვთ ერთი ასეთი გამოთქმა: „თუ ეჭვობ, არ გააკეთო, თუ არ ეჭვობ – მოიფიქრე“. და მართლაც, ვინც წარმოების ჩამოყალიბებას გადაწყვეტს, კარგად უნდა გაანალიზოს ყოველივე, მცოდნე ადამიანებს რჩევა ჰკითხოს, შეაჯეროს მოპოვებული ინფორმაცია და მხოლოდ შემდეგ შეუდგეს იდეის ხორცშესხმას.

ყველაზე დიდი შეცდომა, რასაც ჩვენი მეწარმეები უშვებენ, ის არის, რომ გრანდიოზულ გეგმებს აწყობენ, დიდ საქმეებს ეჭიდებიან და სწრაფად გამდიდრება სურთ.

სინამდვილეში კი, წარმატებას რომ მიაღწიო, მცირედით, შეიძლება ითქვას, უმნიშვნელოთი უნდა დაიწყო, გამოციდლება თანდათან შეიძინო და საქმიანობა გააფართოვო. მაშინ იქნება წამოწყება რეალური და იმედის მომცემი.

მინდა ერთი პატარა მაგალითი მოვიყვანო:

აშშ-ში ვიზიტის დროს ჩვენმა დელეგაციამ დაათვალიერა მცირე ქარხანა, რომელიც ორ ძმას ეკუთვნის. ეს ქარხანა რძითა და რძის პროდუქტებით ამარაგებს ხუთ მილიონ ადამიანს. ჩვენ მეგზურობას ერთ-ერთი მეპატრონე გვიწევდა და თანაც თავისი ოჯახის ისტორიას გვაცნობდა. გვითხრა, რომ ადრე მშობლებთან ერთად ღარიბულად ცხოვრობდა გერმანიაში. შემდეგ გადაწყვიტეს ამერიკაში წასვლა. ნასესხები თანხით შეიძინეს ბილეთი და გაემგზავრნენ.

უკვე ამერიკაში ყოფნისას გაჭირვებით იყიდეს ერთი ძროხა, შემდეგ მეორე, მესამე… და გახდნენ ფერმერები. ბოლოს ფერმა გაყიდეს, შეიძინეს მიწა და ააშენეს რძის გადამამუშავებელი საწარმო (კომბინატი), რომელიც დღეს, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ხუთ მილიონ ადამიანს აწვდის პროდუქტს.

ეს მაგალითი იმიტომ მოვიტანე, რათა ხალხმა იცოდეს, რომ დღეს არას მქონე, მაგრამ გონიერი ადამიანი, თავისუფლად შეიძლება ხვალ გამდიდრდეს. ამიტომაც გული არ უნდა გავიტეხოთ და ღვთის შეწევნის იმედი არ უნდა დავკარგოთ.

საჭიროა კეთილგონიერება, შრომისმოყვარეობა და მტკიცე ხასიათი.

მინდა ვუთხრა ახლადდამწყებ მეწარმეებს: არ შეუშინდეთ მარცხს. თუ ერთ საქმეში არ გაგიმართლათ, ხელი მოჰკიდეთ მეორეს. კარგად გააცნობიერეთ თქვენი შესაძლებლობები, შეისწავლეთ თქვენივე თავი, ნუ იქნებით სხვისი დახმარების მომლოდინე, გამოიჩინეთ საზრიანობა და წარმატებას აუცილებლად მიაღწევთ.

ცნობილი ბიზნესმენი, ჰენრი ფორდი ასეთ რჩევა-დარიგებებს იძლევა:

1. „არ გირჩევთ მთავარი ყურადღება მიაქციოთ ფინანსურ წარმატებას. ყოვლისმომცველი ზრუნვა ფულის დაგროვებისათვის მოადუნებს თქვენს სიფრთხილესა და შიშს არასწორი ნაბიჯების გადაგმის გამო.

2. თუ თქვენ ვინმესგან მოითხოვთ, რომ მან თავისი დრო და ენერგია საქმეს მოახმაროს, იმაზეც იზრუნეთ, რომ ფინანსური პრობლემები მოუხსნათ. დაკვირვება გვიჩვენებს: მუშახელის მაღალი ანაზღაურება და კონტროლი საქმეში ყველაზე მომგებიანი პრინციპია.

3. როდესაც მყიდველის ან დაქირავებული პირისაგან შემოსავლის (მოგების) ამოღება სრულად ხდება, ეს საქმის ცუდ წარმართვას მოწმობს. უფრთხილდით საქონლის ხარისხის დაცემას და ხალხის განაწყენებას, უფრთხილდით ხელფასის შემცირებას.

4. წარუმატებლობა შედეგია შიშის, უმოქმედობის, უდარდელობისა და უზრუნველობის. შიშის უკუგდებით მოდის სიმტკიცე და ბარაქა. მაშ, გაძლიერდით და შეუდექით საქმეს. დაე, მოწყალება სუსტებმა მიიღონ“.

უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ არ შეიძლება ყველა პრობლემის ერთბაშად გადაჭრა, რომ აუცილებელია ზუსტად გამოიკვეთოს პირველი რიგის ამოცანები, რაც იმას ნიშნავს, რომ უნდა ვიყოთ მიზანსწრაფულნი და მობილიზებულნი. წმიდა მამები და, საერთოდ, გონიერი ადამიანები საოცრად მიზანმიმართულნი იყვნენ. ისინი დიდი მოთმინებით ეძიებდნენ მიზნის განხორციელებისთვის ხელშემწყობ გზებს, ყოველ ნაბიჯს ღრმად აანალიზებდნენ და ყველა შესაძლო შედეგს ითვალისწინებდნენ.

ჩვენს წ. აღ-მდე V საუკუნის ჩინელი ფილოსოფოსის, ლე-ცზის ერთ-ერთ ნაშრომში ვკითხულობთ ასეთ მაგალითს:

მასწავლებელი თავის მოწაფეს მშვილდის სროლაში ავარჯიშებდა. მოწაფემ მიზანს მოახვედრა და მასწავლებელს სთხოვა, ახლა სხვა დავალებანი მიეცა მისთვის. მან ჰკითხა: – იგი კი შენ რატომ მოახვედრე მიზანში? ყმაწვილმა უპასუხა: – არა. მაშინ მასწავლებელმა მიუგო: ესე იგი, ეს ხელობა შენ ჯერ კიდევ არ იცი.

მოსწავლე სახლში დაბრუნდა და სამი წელი თავდაუზოგავად მეცადინეობდა. შემდეგ კვლავ მივიდა პედაგოგთან და უჩვენა თავისი შესაძლებლობები. ხოლო როდესაც მან იგივე კითხვა გაუმეორა, უყოყმანოდ უპასუხა: „ვიცი“.

მასწავლებელმა დიდად გაიხარა და უთხრა: აი, ახლა კი ნამდვილი ოსტატი ხარ. გაუფრთხილდი შენს შესაძლებლობებს და არ დაკარგო იგი. ცხოვრების ასეთი წესი დაგეხმარება არა მარტო მშვილდის სროლაში, არამედ სახელმწიფოს მართვაშიც და შენს თავზე მუშაობის დროსაც, რადგან ბრძენი არა სიცოცხლეს ან სიკვდილს იძიებს, არამედ მათ მიზეზებს.

იგივე ლე-ცზი გვასწავლის, რომ ის, ვინც სილამაზის გაფურჩქვნის პერიოდშია – ქედმაღალია, ვისაც ძლიერების დრო უდგას – თავაშვებული. ამიტომ ასეთებთან არ შეიძლება ლაპარაკი სიბრძნეზე, რადგანაც რჩევას ისინი არ იღებენ, მარტო დარჩენილნი კი მრავალ შეცდომას უშვებენ.

„გონიერი კაცი ბრძენს დაეყრდნობა, რადგან კიდევაც რომ მოხუცდეს, არ დაჩაჩანაკდება და გონებაც რომ დაუსუსტდეს, არ დაიბნევა“, – გვასწავლის ჩინური სიბრძნე. ყოველთვის უნდა ვცდილობდეთ, ჩვენ გვერდით გონიერი ადამიანები იყვნენ, რათა მათთან ურთიერთობით ანალიტიკური აზროვნების უნარი გავიღრმავოთ, რაც უხეში შეცდომებისაგან დაგვიცავს.

XX საუკუნეს რომ ვაანალიზებთ, უწინარესად თვალს ხვდება გაამპარტავნებული და გადიდგულებული ადამიანი; მეცნიერებასა და ტექნიკაში საოცარმა აღმოჩენებმა მისი გონება უსაზღვრო სიამაყით აავს. პატივმოყვარეობამ ისეთ ზღვარს მიაღწია, რომ მან უარყო ყოველივე, რასაც თავისი აზროვნებით ვერ მისწვდა. გააზრებული, გამიწიერებული რწმენისაკენ ლტოლვამ ერთიანად მოიცვა მისი გონება. ამ მდგომარეობას ცნობილი ღვთისმეტყველი და ფილოსოფოსი პავლე ფლორენსკი თავნებობის, სატანისეული ამპარტავნების საწყისს უწოდებს, რომლისგანაც წარმოდგება სურვილი ღმერთის უარყოფისა, რათა მისი ადგილი ადამიანმა დაიკავოს.

ამ სენით იყო ჩვენი საზოგადოება 70 წლის მანძილზე დაავადებული. სამწუხაროდ, ამ ავადმყოფობამ შეარყია ხალხში ღვთის შიში, და საერთოდაც, მის სულში ღრმა კვალი დატოვა.

მხოლოდ ამით შეიძლება აიხსნას ის საოცარი ფაქტი, რომ ნასუფრალის მიღების სურვილით შეპყრობილი ადამიანები ადვილად იცვლიან სარწმუნოებას, უარყოფენ ჩვენს ისტორიას, ტრადიციებს, ჩვენს სარწმუნოებას, ეროვნულ კულტურას და ბრმა მიმდევარნი ხდებიან ამა თუ იმ სექტისა. ასეთნი ხშირად ამბობენ: ღმერთი ერთია და რა მნიშვნელობა აქვს, როგორი რწმენა გვექნება და სად ვილოცებთო.

ღმერთი მართლაც ერთია, ჭეშმარიტებაც ერთია. არ შეიძლება არსებობდეს ათი, ასი, ათასი ჭეშმარიტება და ამდენივე ღმერთი. მათ შორის მხოლოდ ერთია ნამდვილი და მართალი. ამ ჭეშმარიტ ნათელს ჩვენი წინაპრები მსოფლიოში ერთ-ერთნი პირველნი ეზიარნენ 2000 წლის წინ, უშუალოდ მოციქულთაგან შეითვისეს და შეისისხლხორცეს იგი. ამიტომაც, ვინც დღეს ცდილობს ეს ნათელი დაუხშოს ხალხს და ფსევდოჭეშმარიტებით შეუცვალოს (სთავაზობს რა არჩევანის დიდ შესაძლებლობას), უზარმაზარ ცოდვას იდებს ღვთისა და ერის წინაშე.

ურწმუნოება ან ნელთბილი სარწმუნოებაა მიზეზი იმისა, რომ ასე გავრცელებულია ისეთი უარყოფითი მოვლენები, როგორიცაა ნარკომანია, ლოთობა, აბორტი, მოსახელობის მორალური დაცემა, ოჯახის რღვევა და ა.შ.

სამწუხაროდ, ტელევიზია, პრესა და ფილმები, რომლებიც პროპაგანდას ეროტიკას, მკვლელობასა და ძალმომრეობას უწევენ, ბოლომდე არღვევენ საზოგადოების ჯერ კიდევ შემორჩენილ ზნეობრივ ჯებირს. და ეს ყველაფერი დღეს თავისუფლებისა და დემოკრატიის სახელით ინიღბება.

ეს არ არის დემოკრატია; ესაა ყველაზე მდაბალი ვნებების თარეში; ეს არის ფსევდოკულტურა, რომელიც თავს მოახვიეს ჩვენს ახალგაზრდობას.

ამ უარყოფითი მოვლენების გამო ჩვენ ყველანი პასუხისმგებელნი ვართ. და თუ რამის გამოსწორება გვინდა, ისევ ყველამ ერთად უნდა ვიმოქმედოთ. სახელმწიფო, ეკლესია, სკოლა (სასწავლებელი) თუ ოჯახი ერთი და იმავე პრობლემების წინაშე დგას.

საქართველოს ეკლესია ყოველთვის იყო და დარჩება ერის სულიერ გამაერთიანებელ ძალად, ამიტომაც ეკლესია უნდა დაეხმაროს სახელმწიფოს, – როგორც კოორდინატორს, – ყოველი სასიკეთო ნაბიჯის გადადგმისას, რა თქმა უნდა, იგივე მიმართულება უნდა ჰქონდეს სკოლასაც და ოჯახსაც.

1998 წელი მძიმე იყო. შინაური თუ გარეშე მტერი ცდილობდა არეულობა შეეტანა როგორც საერთოდ ჩვენს ქვეყანაში, ისე, კერძოდ, ეკლესიაშიც. ფაქტია, უცხო ძალა ყოველთვის პოულობდა და პოულობს თავისი ბოროტი ზრახვების განმახორციელებლებს ჩვენ შორის.

მინდა ორიოდე სიტყვით შევეხო იმ სასულიერო პირებსაც, რომელნიც განუდგნენ დედაეკლესიას და ამით უარი თქვეს სულიწმიდის მადლზე. ისინი ხის მოჭრილი ტოტებივით არიან, რომელნიც თავშესაფარს მოსკოვში, საბერძნეთსა თუ ამერიკაში (ბოსტონში) ეძებენ უმადლო მწვალებლებთან და ავიწყდებათ უფლის სიტყვები: „როგორც ლერწი თავისუფლად ვერ გამოღებს ნაყოფს, თუ კი არ შერჩება ვაზს, ასევე თქვენც“.

ეს ადამიანები დაუსრულებლად განგვიკითხავენ, გვლანძღავენ და შეურაცხგვყოფენ, გაოცებას იწვევს მათი ღვარძლი  და გაბოროტება. ნუთუ ასეთია მათი გაგებით ქრისტიანობა?

მაგრამ ეს არ არის მთავარი; უმთავრესი და მეტად სამწუხარო ის არის, რომ მათი და მათ მიმდევართა მარადიული სული ისეთი ცოდვით იღუპება, რომლის მსგავსი არ ახსოვს საქართველოს ეკლესიის ისტორიას. საქმეში გაუცნობიერებელი ადამიანები ვერ ხვდებიან, რომ ჯოჯოხეთის საშინელ ცეცხლს ეთამაშებიან. და რაოდენ სამწუხაროა, რომ მათ ეს განაჩენი თავს თავითონვე გამოუტანეს. ასეთ საერო და სასულიერო პირებზე მხოლოდ დანანებით შეიძლება ილაპარაკო.

ვაფრთხილებ ყველა მორწმუნეს: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისგან განდგომილ მღვდელმსახურებს მსოფლიო და ადგილობრივი კრებების დადგენილებებისა და წმიდა მამების სწავლების თანახმად, მღვდელმსახურება აკრძალული აქვთ (ზოგიერთი განიკვეთა კიდეც) და არვითარი უფლება არ გააჩნიათ წირვა-ლოცვის ჩატარების ან რაიმე წესის შესრულებისა. ამიტომაც მათ მიერ გადახდილი პანაშვიდი, მიღებული აღსარება, ჩატარებული ნათლობა, ქორწინება, სახლის კურთხევა თუ ზიარება და ა.შ. არის სიცრუე, თავის მოტყუება და უდიდესი ცოდვა როგორც ამ „მოძღვართათვის“, ისე იმ საერო პირთათვის, ვინც მათ აგვარ საქმეთათვის მიმართავს.

განდგომილნი ხიბლის მდგომარეობაში იმყოფებიან. ასეთი დანაშაულის ჩამდენთ, როგორც წესი, ეშმაკი მძიმე განსაცდელში აგდებს, რომლისგანაც განთავისუფლებს მეტად ჭირს; ზოგჯერ შეუძლებელია, რადგან ერთმევათ უნარი საკუთარი თავის დანახვისა.

ამიტომაც აუცილებელია მათთვის ლოცვა, რათა თავიანთი ნამდვილი სახე იხილონ და გააცნობიერონ თავიანთი მდგომარეობა. შევსთხოვ უფალს, შეეწიოს მათ უძლურებას.

რაც შეეხება საქართველოს ეკლესიას, იგი მუდამ იყო და იქნება მართლმადიდებელი და ვერავითარი გარეშე და შინაური ბნელი ძალა ვერ შეარყევს მის საფუძველს.

ჩვენი ყოფისთვის დამახასიათებელი ყველა სიძნელის მიუხედავად, გასულ წელს მაინც იყო გარკვეული წარმატებები, განსაკუთრებით მეცნიერების, ხელოვნების, კულტურის დარგში. ეკლესიამაც თავისი წვლილი შეიტანა ხალხისათვის ზრუნვის საქმეში. როგორც თბილისში, ისე სხვა ეპარქიებში ფუნქციონირებდა საპატრიარქოს მიერ გახსნილი უფასო სასადილოები, გარკვეულ დახმარებას იღებდნენ მრავალშვილიანი ოჯახები. ძეგვის ბავშვთა ასხლში კვლავაც პატრონობენ ქუჩიდან აყვანილ 115 უსახლკარო ბავშვს. მალე თბილისში გაიხსნება საეკლესიო საავადმყოფო გაჭირვებულთათვის.

1998 წელი იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ შეივსო მღვდელმთავართა რიცხვი. ახლა უკვე 27-ივე ეპარქიას თავისი მმართველი – მიტროპოლიტი, მთავარეპისკოპოსი ან ეპისკოპოსი ჰყავს. მთელ საქართველოში მიმდინარეობს ეკლესია-მონასტრების აღდგენა ან ახლის მშენებლობა. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სასულიერო განათლებას. საქართველოში ფუნქციონირებს ორი სასულიერო აკადემია, ოთხი სასულიერო სემინარია, გახსნილია საეკლესიო გიმნაზიები, სამრევლო სკოლები, წარმატებით მუშაობს გელათის მეცნიერებათა აკადემია.

ამ წელს ზეიმით აღინიშნა თბილისის სასულიერო აკადემიის 10 წლისთავი. ეს სასწავლებელი იძლევა თვალსაჩინო მაგალითს მაღალი სულიერობისა და ასევე მაღალი აკადემიური დონისა.

შემოდგომაზე საპატრიარქოს სასწავლო კომიტეტმა გამართა სამდღიანი კონფერენცია ახალგაზრდობის აღზრდის თემაზე. წარმოდგენილი იყო დაახლოებით 50 მოხსენება, რომელთა შორის ბევრი ჩვენს ცნობილ მეცნიერებს ეკუთვნოდა.

დიდი კმაყოფილებით გვსურს აღვნიშნოთ, რომ საქართველოს ეკლესიასა და თავდაცვის სამინისტროს შორის 1998 წელს დადებულ იქნა ხელშეკრულება ურთიერთთანამშრომლობის შესახებ.

ამ წელსვე საპატრიარქოში შეიქმნა თავისუფლების აღკვეთის ადგილებში მყოფებთან ურთიერთობის განყოფილება.

მოძღვრების ხელმძღვანელობით მორწმუნეთა სახლებში მოგზაურობენ ხატები. წინასწარ შედგენილია სიები იმ ოჯახებისა, სადაც ერთი კვირის განმავლობაში დაბრძანდება ღვთისმშობლის ან წმიდა გიორგის ხატი. უკვე მრავალი ოჯახი დაილოცა მათი მადლით და კვლავაც მრავალი დაილოცება.

იწურება ჩვენი წელთაღრიცხვის მეორე ათასწლეული და, ბუნებრივია, ისმის კითხვა: რა როლი ეკისრება თითოეულ ჩვენგანს მესამე ათასწლეულის მიჯნაზე, რა არის ჩვენი მოვალეობა?

„თითოეულმა ჩვენგანმა – როგორც ბრძანებს ბასილი დიდი, – უნდა იგრძნოს, რომ ვართ ჭურჭელი კეთილსურნელოვანი, რომელსაც სიცოცხლე ღმერთმა მოანიჭა, ამიტომაც უნდა შევასხათ ქება შემოქმედს. ამქვეყნად იმიტომ დავიბადეთ, რომ ღირსეულად ვადიდოთ იგი სიტყვით და საქმით.

მთელი სამყარო ჩვენ წინაშე გადაშლილი ცოცხალი წიგნია, რომელიც ღაღადებს დიდებას უფლისას და კაცთა გონიერ ნაწილს აუწყებს იდუმალ და დაფარულ ბრწყინვალებას ღვთისას“ („მაგალითები და გაკვეთილები ქრისტიანული სარწმუნოებისა“, მ., 1900 წ. გვ.176).

ამიტომაც, უპირველეს ყოვლისა, ნათლად უნდა განვსაზღვროთ, რისი გაკეთება შეგვიძლია ამქვეყნად, რომელიც ღვთის წინაშე სათნო იქნება; აუცილებლად უნდა გავაცნობიეროთ, რა არის სიკეთე და რა – ბოროტება, რომელ გზას მივყავართ ცხონებისაკენ და რომელს – დაღუპვისაკენ. ჩვენ მომსწრე ვართ ორი მსოფლიო ომის, მეცნიერებისა და ტექნიკის უჩვეულო მიღწევების, უღმერთობის ხანის, გენური ინჟინერიისა და კლონირების მეთოდის დანერგვის, არნახული ზნეობრივი და სულიერი დაცემისა; დადებითიცა და უარყოფითი მოვლენებიც მთელი ძალით დაატყდა თავს ადამიანს და მის წინაშე მთელი სერიოზულობით დაისვა კითხვა: სად არის გამოსავალი? არსებობს კი იგი საერთოდ?

ხსნა მხოლოდ ღმერთშია. უფალი თითოეულ ჩვენგანს უხმობს:

„მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტჳრთმძიმენი, და მე განგისუენო თქუენ“ (მათ. 11,28), რადგან „თჳნიერ ჩემსა არარაჲ ძალ-გიც ყოფად“ (იოან. 15,5).

დიახ, ხსნა მხოლოდ ადამიანისა და ღმერთის ერთობაშია.

ხსნა ისეთ სიყვარულამდე ამაღლებაშია, ახალი აღთქმა რომ გვასწავლის: „სიყვარული სულგრძელია და ტკბილი; სიყვარულს არ შურს; სიყვარული არ ქედმაღლობს, არ ზვაობს; არ უკეთურობს, არ ეძებს თავისას, არ მრისხანებს, არ განიზრახავს ბოროტს; არ შეჰხარის უსამართლობას, არამედ ჭეშმარიტებით ხარობს; ყველაფერს იფარავს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის იმედი აქვს, ყველაფერს ითმენს“ (1 კორ. 13,4-7). თუ მოვოპოვებთ ასეთ მადლს, ღვთის შვილობის ღირსი გავხდებით.

ღმერთი გულში ივანებს. ამიტომაც ბრძენი სოლომონი გვაფრთხილებს: „დაიცავი გული ყოველ დასაცავზე მეტად“ (იგავ. 4,23).

რწმენით, სიყვარულითა და იმედით აღვსილი ყველას გულითადად გილოცავთ ქრისტეშობის დიდებულ დღესასწულს.

დაე, დამდეგი წელი იყოს მშვიდობის, სიკეთის, ურთერთგაგების წელი. შევსთხოვ უფალს, თქვენი გული წმინდა ყოს და სული წრფელი მოგანიჭოთ თქვენ.

„მარადის ხარობდეთ. გამუდმებით ილოცეთ. მადლიერნი იყავით ყველაფრისათვის“ (1 თეს. 5, 16-18).

მაშ, მოდი, ნათელო ჭეშმარიტო!

ქრისტესმიერი სიყვარულით,

ქრისტეს შობა.
თბილისი, 1999 წ.