საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

1997

13 იანვარი
კატეგორია: საშობაო,

საშობაო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთივკურთხეულ შვილებს:

„შეჰღაღადეს უფალს თავიანთი მწუხარების ჟამს
და გაჭირვებიდან იხსნა ისინი, და დააყენა ისინი
სწორ გზაზე“ (ფს. 106,6-7).

ქრისტესმიერ საყვარელნო ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო,
მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ძმანო და დანო,
საქართველოს სამოციქულო წმიდა ეკლესიის ღვთისსათნო შვილნო,

ჩვენთან არს ღმერთი!

„აჰა მოვა უფალი ღმერთი ძლიერებით და იხელმწიფებს მისი მკლავი, აჰა საზღაური მასთანაა და მის წინაშეა გასამრჯელო და როგორც მწყემსი, დამწყსის თავის ფარას“, – ბრძანებს ესაია წინასწარმეტყველი (ესაია 40,10-11),

დასასრულს უახლოვდება მეორე ათასწლეული, – რთული და წინააღმდეგობებით სავსე დრო; დრო, როდესაც შეიძლება ბევრი რამ ადვილად შეიძინოს კაცმა და შეიძლება, ყველაფერი ერთბაშად დაკარგოს. მთავარია, არ დავივიწყოთ, რომ ჩვენი მიწიერი ყოფა დასაწყისია მარადიული ცხოვრებისა. ამიტომაც ყოველნაირად უნდა ვეცადოთ, ამქვეყნადვე დავუახლოვდეთ უფალს, ყოვლადწმიდა სამებას გავუღოთ გულის კარი, რათა დაივანოს მასში და იყოს ჩვენთან განუშორებლად. მხოლოდ ამ შემთხვევაში გავხდებით თანაზიარნი სინათლის, მშვიდობის, სიხარულის და ნეტარებისა.

დღეს ყველანი დიდებული ზეიმის – ქრისტეს შობის მონაწილენი ვართ.

როგორც ვიცით, ძე ღვთისას ამქვეყნად მოვლინების პირველი მაუწყებელი იყო უჩვეულოდ ნათელი ვარსკვლავი, რომელმაც უწინამძღვრა ბრძენ მოგვებს აღმოსავლეთიდან ვიდრე ბეთლემის გამოქვაბულამდე.

საზეიმო სიჩუმე და სიწყნარე იდუმალი ღამისა დაარღვია ელვარე ნათლით მოსილმა ანგელოზთა საგალობელმა: „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება“ (ლკ. 2,14), რომელიც ყოველთა უწინარეს მწყემსებმა გაიგონეს.

ღვთაებრივმა სიყვარულმა შესაძლებელი გახადა უფლის განკაცება. „სიტყვა იგი ხორციელ იქმნა და დაემკვიდრა ჩვენს შორის, სავსე მადლითა და ჭეშმარიტებითა“ (იოანე 1,14), – ვკითხულობთ სახარებაში, რაც ერთხელ კიდევ გვახსენებს იმ რეალობას, რომ სიტყვა ღვთისა მთლიანად მოიცავს მადლსა და ჭეშმარიტებას; და რომ უფალი, ამავე დროს, ამ ნიჭით აჯილდოებს ყველას, მასთან რწმენით და სიყვარულით მიმავალს. სამწუხაროდ, ადამიანები ხშირად თავისი ნებით ამბობენ უარს მადლსა და ჭეშმარიტებაზე, რადგან ჩაფლულნი არიან ცოდვის ჭაობში და აღარ ძალუძთ იქიდან გამოსვლა.

ყველა გონიერ ადამიანს აღელვებს და აინტერესებს არა მარტო საკუთარი ბედ-იღბალი, არამედ თავისი ხალხის და, საერთოდ, მთელი მსოფლიოს აწმყო და მომავალი. როდესაც უყურებ მიმდინარე პროცესებს, ზოგჯერ გულგატეხილობა გეუფლება; გეჩვენება, თითქოს კაცობრიობა სადღაც უძირო უფსკრულისაკენ მიექანება და აღარ არსებობს ძალა, რომელიც მოახლოებულ ტრაგედიას შეაჩერებს, მაგრამ ეს ასე არ არის. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ის, რაც კაცთათვის შეუძლებელია, ღვთისათვის არის შესაძლებელი, ოღონდ მთავარია, სწორ გზაზე დავდგეთ და სწორად ვიცხოვროთ.

ხშირად მთელ ჩვენს ძალებს ვახმართ ფუჭ და ამაო საქმეს, რაც კიდევ უფრო ამყარებს ჩვენს ეგოიზმს; გვავიწყდება კი, რომ ასეთი ცრუ შინაგანი სიმტკიცე დამღუპველია და პირიქით, მოყვასის სიყვარულით, ჩვენი „მე“-ს, ჩვენი ეგოისტური სურვილების უარყოფით, ვაღწევთ უმაღლეს სულიერ სიძლიერესა და სიმტკიცეს. სულიერი აღმასვლის ამ კიბეზე მთავარი მამოძრავებელი ძალა სიყვარულია.

ცნობილი ფილოსოფოსი ვლადიმერ სოლოვიოვი წერს: „სიყვარული ნიშნავს თვითუარყოფას, სხვისთვის მსხვერპლის გაღებას. ამასთან თვითუარმყოფელ პიროვნებაში ხდება უმაღლესი თვითდამკვიდრება. სიყვარულის ანუ თვითუარყოფის უარყოფა, ე.ი. ეგოიზმი, არ არის ნამდვილი თვითდამკვიდრება, იგი უნაყოფო, დაუკმაყოფილებელი სწრაფვა და ძალისხმევაა თვითდამკვიდრებისათვის, რომლის შედეგად იბადება ეგოიზმი, რომელიც იქცევა ყველა განსაცდელის სათავედ. ჭეშმარიტი თვითდამკვიდრება კი მხოლოდ საკუთარი თავის უარყოფით მიიღწევა. ასე რომ, როდესაც ვამბობთ: აბსოლუტური პირველსაწყისი არის ერთიანობა საკუთარი თავისა და საკუთარი ნების უარყოფისა, ამით უფრო გასაგები ენით ვიმეორებთ მოციქულის სიტყვებს – ღმერთი სიყვარული არს“ (2,310). მაშასადამე, რაკი ეგოიზმის დამამარცხებელი ძალა მხოლოდ ნამდვილი სიყვარულია, ეგოიზმის დაძლევით მიიღწევა ჭეშმარიტი თვითდამკვიდრება.

აი, ამ მიმართულებით უნდა მოხდეს აღზრდა და განვითარება ჩვენი ხალხისა, ჩვენი ახალგაზრდობისა.

სიყვარულის სხვადასხვა სახე არსებობს. ყველაზე მაღალი მათ შორის არის შემოქმედის სიყვარული როგორც მთელი სამყაროსადმი, ისე ცალკეული პიროვნებებისადმი. ღვთის ყველა ქმნილება, მათ შორის ადამიანიც, არის ნაყოფი უსაზღვრო და უნაპირო სიყვარულისა. ეს სიყვარული სარკის მსგავსად აისახება მატერიასა და ყოველ ცოცხალ ორგანიზმში და განსაკუთრებული ძალით გამოვლინდება ადამიანში.

ადამიანურ სიყვარულთაგან უპირველესი არის სიყვარული ღვთისადმი, რომელიც აუცილებლად ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე უნდა იყოს დაფუძნებული. ჭეშმარიტი რწმენა საძირკველია ჩვენი სულის შენობისა, იგია განმსაზღვრელი ჩვენი დამოკიდებულებისა ღვთისადმი, ადამიანისადმი და საერთოდ სამყაროსადმი. თუ პიროვნებას ჭეშმარიტი სარწმუნოება არა აქვს, მასში ყველა მოვლენა დამახინჯებულად აირეკლება და შედეგიც ასეთივე ექნება.

სიყვარული ღვთისა – ეს არის ცხოვრება ღმერთში და ღვთის არსებობა ჩვენში. ადამიანი მხოლოდ მაშინ მოიწევს ნაყოფს ჭეშმარიტი სიყვარულისას, როცა გახდება ღვთის მატარებელი, ღმერთშემოსილი. წმ. ისააკ ასური ბრძანებს: „ღვთის სიყვარული ლოცვით მოიპოვება და შედეგია მისი. სიყვარული უფლისა არის სამოთხე, ხე სიცოცხლისა, მეუფება ღვთისა, იგია „ღვინო“, რომელი ახარებს გულსა კაცისასა და ნეტარია, ვინც იგემებს მას. შესვეს იგი განლაღებულთ და დაირცხვინეს, იგემეს ცოდვილთ და დაუტევეს გზა წარწყმედისა, იხმიეს მემთვრალეთ და შეუდგნენ მარხვას, შესვეს მდიდართა და ისურვეს სიღარიბე, მიიღეს გლახაკთა და განმდიდრდნენ სასოებითა, დალიეს სნეულთა და განძლიერდნენ, იგემეს უვიცთა და იქმნენ ბრძენნი“ (სიტყვა 83). ამიტომაც ვამბობთ: მხოლოდ ჭეშმარიტ რწმენას და ღვთის სიყვარულს შეუძლია შეცვალოს და მთლიანად გარდაქმნას ჩვენი ყოფის უღიმღამო რეალობა, ჩვენი დროის დაუნდობლობა და სისასტიკე, რაც არის შედეგი ურწმუნოებისა დ სულიერი სიცარიელისა.

სამწუხაროდ, ღვთის რწმენისა და სიყვარულის დაკარგვით დაიკარგა მიწიერი სიყვარულიც. სიყვარული, რომელიც უფრო მეტს გასცემს, ვიდრე იღებს – ანუ მშობლების სიყვარული შვილებისადმი და პირიქით, დაიკარგა ან დამახინჯდა შვილების სიყვარული მშობლებისა და წინაპრებისადმი. იმის გამო, რომ დედ-მამა არ უყვართ, ბავშვები ხშირად ბედნიერებას ოჯახის გარეთ ეძებენ და, სამწუხაროდ, მეტწილად იქ, სადაც იგი საერთოდ არ არის. ეს იმიტომ ხდება, რომ მათ ოჯახებში ნამდვილი სიყვარული არ სუფევს. მხოლოდ ეგოიზმის დაძლევით შეიძლება ცოლ-ქმრის სიყვარულით ცხოვრება და მათი ოჯახას ბედნიერება და კეთილდღეობა.

გულისტკივილით უნდა აღვნიშნოთ, რომ ახალგაზრდები, რომელნიც ამთავრებენ საშუალო სკოლას, თუნდაც უმაღლეს სასწავლებელს, საერთოდ არ არიან მომზადებულნი იმ ფრიად საპასუხისმგებლო საიდუმლოსათვის, რომელსაც ქორწინება ჰქვია. ახალგაზრდამ არაფერი იცის ოჯახზე, არ იცის, როგორ შექმნას იგი და როგორ მოუფრთხილდეს მას. ბიბლიიდან ვიცით, რომ ქორწინება ღვთივდადგენილია. ქორწინებით, ჯერ ერთი, ხდება გამრავლება და გადარჩენა კაცთა მოდგმისა (შესქ. 1,27-28) და მეორეც, მეუღლეები სიყვარულის საფუძველზე ეწევიან ერთმანეთს მიწიერი ცხოვრების სიძნელეთა დაძლევაში (შესქ, 2,18).

მართლმადიდებელი ეკლესიის კატეხიზმოში ვკითხულობთ: „ქორწინება არის საიდუმლო, რომლითაც ეკლესია აკურთხებს სასიძოსა და სასძლოს კავშირს ეკლესიასთან ქრისტეს სულიერი კავშირის მსგავსად და ითხოვს მათთვის მადლს ერთსულოვნებისას შვილთა შობისა და ქრისტიანულად აღზრდისათვის“.

ზოგიერთები ქორწინებაში ხედავენ რაღაც არაწმიდას, ცოდვისმიერს, რაც არასწორია. რა თქმა უნდა, ოჯახურ ცხოვრებაშიც შეიძლება იყოს დიდი ცოდვები, მაგრამ თუ ქორწინება კანონიერია, ღვთივკურთხეულია და შეესაბამება ქრისტიანულ ნორმებს, იგი წმიდაა და შეუბილწავი. უფალი იესო ქრისტე თვითონ დაესწრო ქორწილს კანას გალილეაში, აკურთხა იგი და მოახდინა პირველი სასწაული – წყალი ღვინოდ შეცვალა.

აი, რას ბრძანებს მაცხოვარი მეუღლეთა შესახებ: „ვინც გაეყრება თავის ცოლს სიძვის მიზეზის გარეშე და სხვას შეირთავს, მრუშობს“ (მათე, 19,9). ამიტომაც ადამიანებს სერიოზული დაფიქრება მართებთ ცხოვრების თანამგზავრის არჩევისას. სოლომონ ბრძენი გვასწავლის: „სახლი და დოვლათი მამის დანატოვარია, გონიერი დედაკაცი კი უფლისაგან არის“ (იგავნი 19,14).

ახალგაზრდებმა, რომლებიც ოჯახს ქმნიან, უნდა იცოდნენ, რომ მათი ცხოვრების გზა ყოველთვის ია-ვარდით მოფენილი არ იქნება, რომ წინააღმდეგობები ბევრი შეხვდებათ და მზად უნდა იყვნენ მათ დასაძლევად. მთავარია, ურთიერთსიყვარული და თანადგომა ჰქონდეთ და არ დაკარგონ იმედი და აქედან გამომდინარე რწმენა მომავლისა. ხშირად მეუღლენი ჩივიან ერთმანეთის მძიმე ხასიათის გამო და ამ მიზეზით არღვევენ ოჯახს. თუ ერთ-ერთ მათგანს აქვს კეთილი თვისებები და რწმენა და სიყვარული ამოძრავებს, იგი შეძლებს მთლიანად შეცვალოს თანამეცხედრის შინაგანი სამყარო.

მინდა მოგიყვანოთ შესანიშნავი მაგალითი ერთი ბედნიერი ოჯახის ცხოვრებიდან: წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველის დედა, ნონა, იყო შვილი ქრისტიანი მშობლებისა. იგი მტკიცე სარწმუნოებით და მორჩილი ხასიათით გამოირჩეოდა. როდესაც გათხოვების დრომ მოაწია, მისი ნების საწინააღმდეგოდ მშობლებმა ნონა ახალგაზრდა წარმართს გააყოლეს. აქედან დაიწყო მისი მძიმე გამოცდა. მეუღლეებს ერთმანეთის არ ესმოდათ, მათი ინტერესები და მისწრაფებანი სხვადასხვა იყო. როდესაც ნონა ოთახში ხატების წინ ლოცულობდა, მისი მეუღლე მეორე ოთახში წარმართულ ადათებს ასრულებდა. ნონა იმედს არ კარგავდა და დღემუდამ გულმხურვალედ შესთხოვდა უფალს, შინაგანი თვალი აეხილა მისი მეუღლისათვის, რათა მასაც ეცნო ჭეშმარიტება. და აი, ერთხელ ნონას ქმარს ძილში გგმოცხადება ჰქონდა, იგი გალობდა მისთვის უცნობი დავით წინასწარმეტყველის ფსალმუნის სიტყვებს: „გავიხარე, როცა მითხრეს უფლის სახლში წავიდეთ“ (ფს. 121,1). ამ ხილვის შემდეგ სრულიად შეიცვალა ნონას ქმრის ცხოვრება. ამ დღიდან დაიწყო სვლა მისი უფლის სახლისაკენ, იგი გახდა არა მარტო კარგი ქრისტიანი, არამედ სასულიერო პირიც – მოძღვარი; უფალმა განსაკუთრებული მადლი მოიღო ამ ოჯახზე, ეკლესიის მნათობად გამობრწყინდა მათი შვილი, დიდი გრიგოლ ღვთისმეტყველი, მთავარეპისკოპოსი კონსტანტინეპოლისა. ასეთია შედეგი რწმენისა, სიყვარულისა, სასოებისა და მოთმინებისა, ამიტომაც ყოველმა ჩვენგანმა ჩვენი ახალგაზრდები ოჯახური ცხოვრებისათვის უნდა მოვამზადოთ. ამ საკითხით სახელმწიფოც, ეკლესიაც, ოჯახიც და სასწავლებელიც უნდა დაინტერესდეს. მტკიცე ოჯახი – მტკიცე სახელმწიფოა.

სამშობლოს, შენი სახელმწიფოს წინაშე მოვალეობის გრძნობა ერთ-ერთი ყველაზე მაღალი და საუკეთესო თვისებაა ადამიანისა, ბიბლიაც და ჩვენი ქვეყნის ისტორიაც სავსეა მამულისა და ქვეყნისადმი თავდადებული სიყვარულის მაგალითებით. ძველ აღთქმაში ვკითხულობთ მოსე წინასწარმეტყველის, ისუ ნავეს, სამუელის, მეფე დავითის, ელიას, ძმათა მაკაბელთა და სხვათა შესანიშნავ ცხოერებებს; ისინი სამშობლოსთვის სანთლებად იწვოდნენ და მზად იყვნენ, ყოველ წუთს გაეწირათ სიცოცხლე თავიანთი ხალხის დაცვისათვის.

რა მგზნებარე სიყვარულის გრძნობაა ჩადებული ფსალმუნის ამ სიტყვებში: „თუ დაგივიწყო შენ, იერუსალიმ, დამივიწყოს მარჯვენამა ჩემმა. მიეკრას ჩემი ენა ჩემ სასას, თუ არ გაგიხსენო, თუ არ დავაყენო იერუსალიმი ჩემი მხიარულების სათავეში“ (ფს. 136,5-6), ასე ეფიცებოდნენ ბაბილონის ტყვეობაში მყოფი ებრაელები სამშობლოს ერთგულებას. ისინი მარტო კი არ იფიცებდნენ და გოდებდნენ, არამედ იბრძოლეს და გაიმარჯვეს კიდეც, თავისი ხალხი იესო ქრისტესაც უყვარდა.

ჩვენი ქვეყნის წარსულიც მამულისადმი თავგანწირული სიყვარულის მრავალი მაგალითითაა სავსე: მოწამეებმა დავითმა და კონსტანტინემ, მეფეებმა არჩილმა და ლუარსაბმა, დიმიტრი თავდადებულმა, ქეთევან დედოფალმა, და ათასობით სხვამ თავი დადეს რწმენისა და სამშობლოსათვის და როგორც მისაბაძნი მაგალითნი, ჩვენი ხალხისა და ეკლესიის ისტორიაში დიდ წმინდანებად შევიდნენ.

ჩვენი ახალგაზრდობის აღზრდა ამ მიმართულებითაც უნდა გაძლიერდეს. ბავშვებს მამულის სიყვარულის, სულის სიძლიერის და ვაჟკაცობის გრძნობა, პირველ ყოვლისა, მშობლებმა უნდა ჩაუნერგონ; ეს უნდა ასწავლონ სკოლაშიც; ამ თემაზე უნდა დაიწეროს წიგნები და სპექტაკლები და კინოფილმები უნდა შეიქმნას.

განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ახალგაზრდობის აღზრდის საქმეში ეკლესიას ენიჭება.

ყოველნაირად უნდა ვეცადოთ, რომ მომავალი თაობა ამავე დროს მშვიდობის და მეგობრობის სულისკვეთებით აღვზარდოთ. ეს გრძნობები ჩვენი ხალხისათვის ოდითგანვე მახლობელი იყო, მაგრამ ურწმუნოებამ ბევრი რამ დაამახინჯა და ამიტომაც ეგოიზმს აყოლილი ჩვენი ახალგაზრდები ხშირად ავლენენ დაუნდობლობას მოყვასის მიმართ.

სამართლიანობა და სიყვარული მთავარი პირობაა ადამიანებს შორის მშვიდობისა. კაცთმოყვარეობა ჩვენი თვისებაა და იგი ღვთისგან ნაბოძები დიდი წყალობაა, ადამიანი ესწრაფვის სხვასთან დაახლოებას, რადგან ამით გარკვეულწილად ივსებს სიცარიელეს, იღებს ენერგიას, ებადება ახალი აზრები და იდეები; ასეთი ურთიერთობით ერთმანეთს ვეხმარებით ამქვეყნიური ცხოვრების ჯვრის ზიდვაში. წმ. პავლე მოციქული წერს: „ურთიერთას უღელი იტვირთეთ და ამით აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესი“ (გალ. 6,2).

თუ გვსურს, ადამიანებთან მშვიდობა გვქონდეს, აუცილებელია მშვიდობა დავამყაროთ საკუთარ თავთან, მოვიპოვოთ სულის სიმშვიდე, ეს კი ისევ და ისევ ეკლესიურობით, ვნებებთან და ცოდვებთან ბრძოლით, ღვთის მცნებებისა და მისი ნებისადმი ერთგულებით მიიღწევა.

ჩვენ ხშირად ვფიქრობთ ეკლესიის დანიშნულებაზე და მის საიდუმლო ცხოვრებაზე, თუმცა ბოლომდე ვერ ვწვდებით, ვერ ვაცნობიერებთ მის არსს. მრწამსში ვკითხულობთ: „მრწამს… ერთი წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია…“ ეკლესია ღვთით დადგენილი ის წიაღია, სადაც ხდება საოცარი ფერისცვალება ძველი კაცისა ახალ ადამიანად, რომლის დროსაც თითოეულ ჩვენგანში იშვება ქრისტე. ხელახლადშობის პროცესი მძიმე და რთულია. იგი „მშობიარობის ტკივილებში“ ანუ საკუთარ თავთან, ხილულ და უხილავ ბოროტ ძალებთან, მიწიერ ვნებათა და საცდურთა წინააღმდეგ ბრძოლაში გამოვლინდება და სულიერი დაღუპვისაკენ მიმავალი ფართო გზის უარყოფას ნიშნავს.

ეკლესია მადლმოსილია არა მარტო იმიტომ, რომ მან მაცხოვრის ჯვარცმიდან ორმოცდამეათე დღეს მიიღო სულიწმიდის მადლი, არამედ იმიტომაც, რომ ეს მადლი დღემდე გადადის თითოეულ მის წევრზე და სიახლით, სიცოცხლის ძალითა და სინათლით ავსებს მთელს სამყაროს. ბედნიერნი ვართ, რომ სულიწმიდის ეკლესიის წევრები ვართ. ეკლესია სულის განსაკურნებელი სავანეა. აქ მოდიან ყველანი: კეთილნი და ბოროტნი, ქვრივნი და ღატაკნი, მდიდარნი და მრუშნი, მკვლელები; მოდიან ცხოვრებით დაღლილნი, მოდიან ტვირთმძიმენი და სნეულნი, კეთილშობილნი და ბოროტი ძალით შეპყრობილნი, მოდიან, რათა უკეთესი გახადონ თავიანთი ცხოვრება, გამოასწოროს ჩადენილი დანაშაული, ჩამოიბანონ ბიწი სულისა. ეკლესია ყველას აძლევს საშუალებას განწმენდისა და სულიერი ფერისცვალებისა, ოღონდ უნდა იყოს ჭეშმარიტი სინანული და დიდი სურვილი ცოდვისაგან განთავისუფლებისა.

არაეკლესიური ადამიანები ხშირად განიკითხავენ ეკლესიას იმის გამო, რომ აქ ცოდვებით დამძიმებულ ადამიანებს ხედავენ. მათ ავიწყდებათ მაცხოვრის სიტყვები: „არა მოვედ მართალთა მოწოდებად, არამედ ცოდვილთა სინანულად“ (მათე 9,13).

ჯერ კიდევ ძველ აღთქმაში ღმერთმა უბრძანა დავით მეფეს და სოლომონს აეგოთ ტაძარი – სახლი უფლისა. ახალ აღთქმაში ტაძრის მნიშვნვლობა კიდევ უფრო გაიზარდა. ზეცა მიწაზე, – ასე უწოდებს ეკლესიას დიდი მამა, წმ. გერმანე – პატრიარქი კონსტანტინეპოლისა. და მართლაც, აქ ხდება შეერთება ზეციური და მიწიერი ეკლესიისა. ზეციური ეკლესია, რომელიც არის ანგელოზთა, მოციქულთა, წმინდანთა და ჩვენს დიდებულ წინაპართა მთელი დასი, ლოცვის და წირვის დროს უკავშირდება მიწიერ ეკლესიას, რომელსაც წმ. მამები მებრძოლ და მოგზაურ ეკლესიას უწოდებენ და იქმნება ერთიანი განუყოფელი სხეული ქრისტესი. ამით სრულდება აღთქმა მაცხოვრისა, ამაღლების შემდეგ რომ დაუდო თავის მოწაფეებს და მათ მიმდევართ: „მე თქვენთანა ვარ ყოველთა დღეთა ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა“ (მათე 18,20). საბრალონია, რომელნიც სიცოცხლეს ეკლესიის – ქრისტეს სხეულის გარეშე განლევენ, ამქვეყნად ვერაფერი ვერ შეავსებს იმ სიცარიელეს, რასაც ადამიანი არაეკლესიურობით კარგავს. ეკლესია, მართალია, განსაზღვრულია დროით და სივრცით, მაგრამ იგი მიმართულია ზეცისკენ და თავისი შვილები ნეტარი მარადიულობისაკენ მიყავს.

საეკლესიო დღესასწაულები არა მარტო იმ ღირსშესანიშნავ წმიდა მოვლენებს გვახსენებენ შორეულ წარსულში რომ მოხდა, არამედ გვაახლოებენ იმ სულიერ სიწმინდესა და რეალობასთან, რომელიც უჟამოა, დროზე მაღლა დგას და სულიერ ძალას გვმატებს.

ქრისტეს შობისას იგალობება საგალობელი: „…ქრისტე იშვა ბეთლემს…“. ბეთლემი – ეს ჩვენი გულია, ჩვენს გულში არათუ უნდა დაიბადოს ქრისტე, არამედ უნდა სუფევდეს განუშორებლად. მისი მარადიული სიყვარული უნდა ავსებდეს და ათბობდეს ჩვენს სულს ამქვეყნადაც და იმ სოფელშიც. ამისთვის ვართ ჩვენ მოწოდებულნი.

ცნობილი ღვთისმეტყველი და მღვდელმოწამე მეთოდიოსი ქრისტიანებს ასწავლის, როგორ უნდა მოამზადონ გულები სულიწმიდის მისაღებად; „უფალო განწმინდე გული ჩემი და ქმენ იგი სავანედ სულისა წმიდისა“, – ეს სიტყვები მიგვანიშნებს, რომ თუ გვსურს შევიმოსოთ სულიწმიდის მადლი, უპირველეს ყოვლისა, გული უნდა განვიწმინდოთ, რაც ეკლესიის გარეშე შეუძლებელია.

ეკლესია ერთადერთი ადგილია ჩვენი გადარჩენისა; იგი კარიბჭეა მარადიული ნეტარი ცხოვრებისა. არ შეიძლება დაგვიანება, დაუშვებელია სულიერი განწმენდის კიბეზე ზეაღსვლის სამომავლოდ გადადება. არავინ იცის, რას გვიმზადებს ხვალინდელი დღე. მაშ, ნუ დავაყოვნებთ, გავხდეთ წევრნი ქრისტეს ეკლესიისა და ვეზიაროთ იმ სიწმინდეთ, რასაც იგი ნათლობის, მირონცხების, აღსარების, ზიარებისა და სხვა საიდუმლოთა მადლით გვთავაზობს.

ღირსი ანტონი დიდი ბრძანებს: „ილოცეთ, რომ უფალმა მოგანიჭოთ მადლი, რათა ყოველივეს ნათლად ხედავდეთ, სწორად განსჯიდეთ და შეუცდომლად განარჩევდეთ, რა არის სიკეთე და რა ბოროტება“. თუ ვიქნებით ეკლესიურნი და გავხდებით ღირსნი ამ მადლისა, მაშინ აღარც ჩვენს წინაშე მდგარი პრობლემების შეგვეშინდება.

სკეპტიკოსები, როდესაც დიდ წინააღმდეგობებს აწყდებიან, ამბობენ: ამის გაკეთება შეუძლებელია; მორწმუნის პასუხი კი ასეთია: კაცთათვის შეუძლებელი ღვთისათვის შესაძლებელია.

როგორ შეძლო ყრმა დავითმა დაემარცხებინა გოლიათი? როგორ შეძლო საქართველომ გაეძლო მრავალრიცხოვან მტერთა შემოსევებისათვის? ჩვენთან იყო, არის და იქნება ღმერთი! მთავარია ჩვენ არ განვუდგეთ მას, არ მივატოვოთ იგი.

საიდუმლო ნამდვილი წინსვლისა და გამარჯვებისა სულიერ ძლიერებაშია. იმარჯვებს არა გონება, აზროვნება და ფიზიკური ძალა, არამედ ძალა ღვთისა, რომელიც ღვთის სათნო შვილთ, ღვთის საყვარელ ერს მიენიჭება. მტერზე გაიმარჯვებთ „არა ძალითა და ძლიერებით, არამედ ჩემი სულითო, ამბობს უფალი საბაოთ“ (ზაქარია 4,6).

ჩვენი ხალხი დღეს სიმბოლურად სინას უდაბნოში მოგზაურობს. ეს არის დრო განწმენდისა, დრო ჩვენი რწმენისა და გამძლეობის გამოვლინებისა.

ღვთის წყალობით, იმედი მაქვს, რომ გავუძლებთ ამ გამოცდას და „აღთქმულ ქვეყანაში“ შევალთ.

რწმენით, სასოებითა და სიყვარულით აღვსილი ყველას გულითადად გილოცავთ ქრისტესშობის დიდებულ ზეიმს. გვწამს, რომ გავხდებით ბედნიერი მონაწილენი ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვებისა; გვწამს, უფლის წყალობით, საქართველო ერთიან და ძლიერ სახელმწიფოდ იქცევა და მშვიდობითა და კეთილდღეობით გავიხარებთ.

მაშ, სასოებით შევსთხოვოთ შემოქმედს: „აკურთხე გვირგვინი წელიწადისა სიტკბოებითა შენითა, უფალო!“

კურთხეულია ღვთისმშობლის წილხვედრი ივერია, – „უფალი გეყოლება საუკუნო მნათობად და ღმერთი შენი დიდებად შენდა“ (ესაია 60,20). ამინ!

ქრისტესშობა.
თბილისი, 1996-1997 წ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
„ეპისტოლენი, სიტყვანი, ქადაგებანი“, ტომი II, თბილისი, 1997 წ.