საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

1990

13 იანვარი
კატეგორია: საშობაო,

საშობაო ეპისტოლე

გამოეცხადა… უფალი სოლომონს და… უთხრა: მთხოვე, რა გინდა,
რომ მოგცე შენ. უთხრა სოლომონმა: მიანიჭე შენს მორჩილს გული გონიერი…
რათა სიკეთე გაარჩიოს ბოროტებისაგან. (მესამე მეფეთა 3,5,9)

კურთხეული ივერიის მართლმადიდებელ ქრისტიანებს
და სამშობლოს საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

ჩემო საყვარელო თანამემამულენო, ძმანო და დანო!

დღეს სასოებით ვხმობთ: გიხაროდეთ, – ემმანუელი მობრძანდება! გიხაროდეთ წარმართნო და შეინანეთ, რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი. „ჰე, მოვედ, უფალო იესო“ (გამოცხადება 22,20).

მაცხოვარი მუდამ ჩვენთან არის „ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა“ (მათე 28,20), მაგრამ ამ სიახლოვეს განსაცდელისა და მწუხარების ჟამს უფრო ნათლად ვგრძნობთ; ნათლად ვგრძნობთ ავადმყოფობის სარეცელზე მყოფნი, ხილულ და უხილავ მტერთან მბრძოლნი.

მართალია, მწუხარება სიმწარესთან არის დაკავშირებული მაგრამ ამ დროს მარადიულობის საიდუმლოსაც ეზიარება ადამიანი. მისი აზროვნება სამყაროსა და ისტორიის ჰორიზონტალური აღქმიდან ვერტიკალურში გადადის.

თითოეულ ჩვენგანს, თითოეულ ერს თავისი ბედი აქვს. ისტორია ყველას კუთვნილ ადგილს უჩენს და შესაფერის მოთხოვნებს უყენებს.

გასული წელი ჩვენთვის მძიმე გამოცდის წელი იყო. მაგრამ, ამავე დროს, იგი იყო წელი სულიერი ამაღლებისა. ჩვენ კიდევ ერთხელ ნათლად დავინახეთ, ვინ ვართ, რისთვის მოვედით ამქვეყნად, საით მივდივართ…

დაიმსხვრა იდეალები, რადგან ისინი არამყარ საფუძველზე იყო დაშენებული, ჩვენ კი მარადიული გვეგონა.

დაიმსხვრა ილუზიები იმიტომ, რომ ისინი მოწყვეტილნი იყვნენ ღმერთსა და სიყვარულს. საშინელი ნგრევისა და ქაოსის შემდეგ უფალმა კვლავ აღამაღლა ადამიანის დაცემული სული, დაგვიბრუნა რწმენა და სიყვარული, ღირსება და დიდება.

ამ განცდით ვხვდებით დღეს ქრისტეს შობის არამიწიერ სიხარულს; მისი მადლის გარეშე არ უნდა დარჩეს არავინ. ოღონდაც ეს ზეიმი, ეს სიხარული მხოლოდ გარეგნულ ფორმებში არ უნდა გამოიხატოს.

დღეს ჩვენ სიღრმისეული აზრით სულიერად უნდა მივსწვდეთ ბეთლემის გამოქვაბულს – მაცხოვრის შობის ადგილს და ძალისაებრ ჩვენისა განვიცადოთ იქ აღსრულებული ღვთის დიდი საიდუმლო.

უფალი ადამიანის გონებისათვის მიუწვდომელი საოცარი სიმდაბლით განეცხადა მსოფლიოს, რათა ყველასთვის დაენახვებინა ჭეშმარიტების, სიმართლის, სიყვარულის სიდიადე, სიდიადე მარადიულ ღირებულებათა, რომელთაც ვერაფერი დაფარავს, ვერავითარი ძალა ვერ შეცვლის, ვერ განაქარვებს.

იგი, რომელი არის ანი და ჵ, დასაბამი და დასასრული ყოველთა (გამოცხადება 21,6), იგი, რომელი არის მეფე მეფეთა და უფალი უფლებათა, იშვა ბეთლემს გამოქვაბულში. მან უარყო მეფის სასახლე, ოქროს ტახტი, დიდება მიწიერი და წარუდგა ქვეყანას ბაგაში მწოლი.

ერთი შეხედვით როგორი სუსტი და დაუცველი ჩანს ყრმის საცოცხლე მისდამი მტრულად განწყობილ ამ სამყაროში. მაგრამ არა. მის სისუსტეში სულ სხვა სიძლიერეა, მის სიმდაბლეში – სხვა სიდიადე, მის მორჩილებაში – სულ სხვა სიკეთე. იგი მოვიდა სოფლად, რათა სძლიოს მის ბოროტებას. იგი მოვიდა სოფლად, რათა გაათბოს ჩვენი გაცივებული, დაშრეტილი გულები და აღავსოს იგინი დაკარგული სიყვარულით.

თვით შობის ღამის ზეცაა ამის მოწმე: „და მეყვსეულად იყო ანგელოზისა მისთანა სიმრავლე ერთა ცისათაჲ, აქებდეს ღმერთსა და იტყოდეს: დიდებაჲ მაღალთა შინა ღმერთსა და ქვეყანასა ზედა მშვიდობაჲ და კაცთა შორის სათნოებაჲ“ (ლუკა 2,13-14).

აი, მიზანი ღვთის განხორციელებისა.

უფლის განკაცების მადლით განიპო კრეტსაბმელი ადამიანის გონებისა და სულის უგრძნობლობისა. ბეთლემელი მწყემსები გახდნენ ღირსნი, პირველთ ეხილათ უბრალო გამოქვაბულის არამიწიერი დიდება და თაყვანი ეცათ ღვთაებრივი ყრმისათვის.

დღესაც მაცხოვრის შობის დღეა. მაგრამ ვინ პოვებს მას, რომ თაყვანი სცეს და შეუვრდეს?

მხოლოდ წმიდანი გულითა, რადგან მსგავსი მსგავსს შეიცნობს. წმიდა სახარებაც ბრძანებს: „ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ“.

და სად იხილავენ მას?

– საკუთარ გულში.

ისევე როგორც სუფთა წყალში მკვეთრად აირეკლება ტყე, მზე, ცა, ასევე სუფთა გულში აისახება ღმერთი.

ასეთი გული სულიერად ბეთლემის გამოქვაბულს ემსგავსება. ასეთ გულში იშვება მაცხოვარი და არა მარტო იშვება, მუდმივად დაივანებს იქ.

ღმერთი არის შემქმნელი ჩვენი გულისა. იგი განსწმედს და განაახლებს მას, ოღონდ ხელი არ უნდა შევუშალოთ და ჩვენი ნება არ უნდა დავუპირისპიროთ მის მაცხოვნებელ და აღმადგინელ ძალას. ეს კი გულისხმობს ღვთის მცნებების, ღვთის კანონების აღსრულებას.

მოსე წინასწარმეტყველს ეგვიპტიდან ებრაელთა გამოსვლის ორმოცდამეათე დღეს შემოქმედისგან მიეცა კაცთა მოდგმის გადამრჩენელი, ჩვენი სულის ამამაღლებელი ათი კანონი, რომელთა დაცვა ყველა მორწმუნის ვალია. სწორედ მათ მინდა შევეხო საშობაო ეპისტოლეში.

პირველი ოთხი მცნება გვასწავლის, როგორი უნდა იყოს ჩვენი დამოკიდებულება უფლისადმი, ხოლო დანარჩენი ექვსი გვიხსნის ადამიანებთან, მოყვასთან სწორი თანაცხოვრების პრინციპებს.

პირველი მცნება: მე ვარ უფალი ღმერთი შენი და არა იყვნენ შენდა ღმერთი უცხონი ჩემსა გარეშე.

ეს მცნება მოითხოვს, რომ ჩვენ გვწამდეს, გვიყვარდეს, ვსასოებდეთ და თაყვანს ვცემდეთ ჭეშმარიტ ღმერთს.

დღეს, როგორც არასდროს, სწორედ ეს კანონია დარღვეული. ურწმუნოება, ღვთის არსებობისადმი ეჭვი, ეჭვი სულის უკვდავებისა… ბინდავს ადამიანთა გულსა და გონებას. ზოგიერთნი მისდევენ მისნობას, ჯადოქრობას, ხშირია მწვალებლობა, მკრეხელობა, მღვდლისადმი, ეკლესიის სიწმიდისა და წმიდა საიდუმლოთადმი უსულგულო დამოკიდებულება. ხშირია გულგატეხილობა და სასოწარკვეთილობა, რადგან ადამიანები ღვთის ნაცვლად იმედს ამყარებენ მათზე, რომელნი არიან ძლიერნი ამა სოფლისანი, ანდა საკუთარ მაღალ თანამდებობასა და სიბდიდრეზე.

ყოველივე ეს არის პირველი მცნების წინააღმდეგი ცოდვები.

რომ შევიცნოთ ღმერთი, აუცილებელია, ვიკითხოთ წმიდა წერილი, წმიდა მამათა შრომები, უნდა ვიაროთ და ვილოცოთ ეკლესიაში, შევისწავლოთ ღვთის ქმნილება – ბუნება და კაცთა მოდგმის ისტორია, შევისწავლოთ ჩვენი სულიერი სამყარო. მაშინ ვიგრძნობთ შემოქმედის უნაპირო სიყვარულს, სიბრძნესა და მიუწვდომლობას, მაშინ ვიგრძნობთ, რომ „უფალი ღმერთი ერთ არს“ და შევიყვარებთ მას ყოვლითა გულითა და ყოვლითა სულითა და ყოვლითა გონებითა და ყოვლითა ძალითა ჩვენითა (მარკოზი 2,29-30).

მეორე მცნება: არა ჰქმნე თავისა შენისა კერპი, არცა ყოვლადვე მსგავსი მისი, რაოდენი არს ცათა შინა და რაოდენი არს ქვეყანასა ზედა ქვე, და რაოდენი არს წყალთა ქვეშე ქვეყანისა: არა თაყვანი-სცე მათ, არცა მსახურებდე მათ.

ეს კანონი კრძალავს ჭეშმარიტი ღვთის ნაცვლად ფიზიკური სხეულების, არასულიერი საგნების, ცის მნათობების, ცხოველების, ფრინველების თაყვანისცემას. ქრისტიანისთვის კერპთმსახურებად ითვლება ასევე ცოდვითი მიდრეკილებებისადმი მონობა: ბევრნი ესწრაფვიან სიმდიდრის შეძენას, რადგან მათი კერპი არის სიმდიდრე; ზოგი პატივმოყვარეობის ავადმყოფური სენით არის შეპყრობილი; ზოგს მთავარ საქმედ ხორციელი სიამოვნება გაუხდია; სხვანი ლოთობენ, აზარტულ თამაშს მისდევენ… ღმერთი და მისი მსახურება კი აღარ ახსოვთ. თვით ცოდნის შეძენის დაუოკებელი სურვილი, მეცნიერულ აღმოჩენათა სიმრავლე ფასს კარგავს, თუ მას რწმენა და სიყვარული არ განსაზღვრავს, რადგან ასეთი ცოდნა შეიძლება დიდი ბოროტების მომტანი გახდეს.

მაშ, იყავით ბრძენნი, თავშეკავებულნი, თავმდაბალნი და ღვთისმსასოებელნი.

ზოგიერთი სექტანტური მიმდინარეობა წმიდანთა თაყვანისცემის გამო ადანაშაულებს მართლმადიდებელ ეკლესიას და ამას კერპთაყვანისმცემლობად გვითვლის.

ჩვენი პასუხი ასეთია: ხომ გვწამს, რომ ადამიანებს შეუძლიათ ერთმანეთს ლოცვით შეეწიონ (რასაც სექტანტები არ უარყოფენ), ხომ გვწამს სულის უკვდავება და იმ ქვეყნად მარადიული ცხოვრება; და თუ ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთისთვის ლოცვა, რატომ არ შეუძლიათ ღვთის წინაშე ჩვენთვის მლოცველნი და მვედრებელნი იყვნენ: ღვთისმშობელი დედა, წმიდა ნინო, წმიდა გიორგი და სხვანი. თავისი ღვაწლითა და სათნო ცხოვრებით მათ ხომ უფლისაგან განსაკუთრებული მადლი მოიპოვეს და ამდენად ღმერთი მათ თხოვნას უფრო არ ისმენს? რა თქმა უნდა, ეს ასეა.

სექტანტები ასევე განგვიკითხავენ ხატების გამო. მათ არ მოსწონთ, რომ ხატთან ვიჩოქებთ და ვემთხვევით მას. სინამდვილეში ჩვენ თაყვანსა ვცემთ არა ფიცარს ან საღებავს, არამედ იმ პირველსახეს, რომელიც გამოსახულია ხატზე; აზრობრივად ჩვენ სწორედ მას ვემთხვევით და მხოლოდ მის წინაშე ვიყრით მუხლს. ხატი არის სარკმელი ცისა.

ბიბლიიდან ვიცით, ათი მცნების მომღებელ მოსე წინასწარმეტყველს თვით ღმერთმა უბრძანა ტაძარში ქერუბიმების ოქროს ორი გამოსახულების დადგმა, რაც მან აღასრულა კიდეც.

ედესის მთავარს, ავგაროზს, იესო ქრისტემ გაუგზავნა თავისი სახის ხატი, ხელთუქმნელად სახელდებული.

ისტორიიდან ცნობილია, რომ ლუკა მახარებლის მიერაა დაწერილი ღვთისმშობლის რამდენიმე ხატი…

წმიდანთა და ხატთა სასწაულთმოქმედი ძალის მრავალი მაგალითია ცნობილი. გავიხსენოთ თუნდაც ივერიის ღვთისმშობლის ან „ღირს არს ჭეშმარიტად“ სახელდებული ღვთისმშობლის ხატის სასწაულები; გავიხსენოთ, როგორ აღდგა მკვდრეთით მიცვალებული წმიდა ელისე წინასწარმეტყველის ძვლის შეხებისას. ეს ფაქტი ხომ წმიდა წერილშია დამოწმებული.

ასე რომ, მართლმადიდებელთადმი წაყენებული ბრალდება არასამართლიანია და მწვალებლურ აზრს შეიცავს.

მესამე მცნება: არა მოიღო სახელი უფლისა ღმრთისა შენისა ამაოსა ზედა.

დანაშაულია, როცა უბრალო და უსარგებლო ლაპარაკისას ღვთის სახელს ახსენებენ. კიდევ უფრო დიდი და მძიძე ცოდვაა, თუ ღვთის სახელით ტყუილად იფიცებენ. ღვთის გმობა, ღვთის სამართლის განკითხვა, ლოცვისას უგულისყურობა, აღთქმის დარღვევა… ყველაფერი ეს არის მესამე მცნების წინააღმდეგი.

ღვთის სახელი დიდი კრძალვითა და შიშით უნდა წარმოვთქვათ. გაიხსენეთ, თუ როგორ აგვიწერს ესაია წინასწარმეტყველი თავის ხილვას: „ვიხილე უფალი მჯდარი ამაღლებული, ზეაღმართულ ტახტზე, და მისი კალთები ავსებდა ტაძარს. თავით სერაფიმები ედგნენ, ექვს-ექვსი ფრთა ესხა თითოეულს; ორით სახეს იფარავდნენ, ორით ფეხებს იფარავდნენ, ორით ფრენდნენ და… ამბობდნენ: წმიდაა! წმიდაა! წმიდაა საბაოთ უფალი! მისი დიდებით სავსეა ქვეყნიერება“ (ესაია 6,1-3).

აი, როგორი მოწიწებით მსახურებენ ღმერთს ზეციური ძალები. მითუმეტეს ჩვენ მეტი რიდი და თაყვანისცემა გვმართებს.

მეოთხე მცნება: მოიხსენე დღე იგი შაბათი და წმიდა ჰყავ იგი, ექვს დღე იქმოდე, და ჰქმნე მათ შინა ყოველივე საქმე შენი, ხოლო დღე იგი მეშვიდე, შაბათი, არს უფლისა ღვთისა შენისა.

ბიბლიაში წერია, რომ ღმერთმა ექვს დღეში შექმნა სამყარო, მეშვიდე დღეს კი დალოცა იგი, აკურთხა და საქმისგან დაისვენა. ეს მეშვიდე დღე იყო შაბათი.

ქრისტიანები უქმობენ შაბათსაც და კვირასაც, რადგან კვირა იესო ქრისტეს აღდგომისა და ჩვენი ხსნის დღეა.

მეოთხე მცნების დარღვევით სცოდავენ ისინი, რომელნიც ამ დღეებში არ უქმობენ, არ ზეიმობენ. დღესასწაული ყოველთვის წინადღის საღამოდან იწყება. თუ მორწმუნე ხარ, ამ დროს ყველა საქმე უნდა დატოვო და ეკლესიაში წახვიდე, რათა მიიღო ღვთის კურთხევა. დღესასწაულისა და კვირის წირვაზე დასწრება ხომ ყოვლად აუცილებელია. წირვისას იკითხება და იგალობება სპეციალური ლოცვები, რომელიც დიდი ძალის მიმცემია რწმენითა და სიყვარულით მოსულთათვის.

სამწუხაროდ, დღეს ხშირია ოჯახები, რომელთა წევრები გამუდმებით მუშაობენ, არ იციან შაბათ-კვირა და დღესასწაული. ისინი, როგორც წესი, უბარაქონი და უმადლონი არიან, რადგანაც მათზე არ არის ღვთის ლოცვა-კურთხევა.

მეხუთე მცნება: პატივი-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელი იყო ქვეყანასა ზედა.

ეს მეტად მნიშვნელოვანი მცნებაა. მშობლების პატივისცემაზეა დამოკიდებული შვილების კეთილდღეობა. წმიდა წერილი გვასწავლის, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს დედ-მამის დალოცვას, ოღონდ დალოცვა უნდა იყოს დამსახურებული, მშობლების დაფასებით მოპოვებული.

განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება ავადმყოფ, ხანდაზმულ, დაუძლურებულ მშობლებს. არადა ზოგიერთი თავიდან იშორებს მათ და მოხუცებულთა თავშესაფარში გზავნის. ეს საშინელი სისასტიკეა.

მშობლები წუხან, ტირიან შვილების უდიერი საქციელის გამო, თუმცა უმეტესწილად თვითონ არიან დამნაშავენი, რადგან ქრისტიანული რწმენითა და სიყვარულით არ გაზარდეს ისინი.

დედ-მამის უპატივცემულობის მიზეზით შვილები შემდეგ სხვადასხვა ავადმყოფობით იტანჯებიან: მათ ოჯახში არ არის სიმშვიდე და სიყვარული.

ყველას უნდა ახსოვდეს: როგორც თვითონ ექცეოდა მშობლებს, ისე მოექცევიან მას მისი შვილები.

მეხუთე მცნება ასევე გულისხმობს კეთილ დამოკიდებულებას უფროსი ადამიანების, ახლობლების, მოძღვრების მიმართ. მაგრამ თუ მშობელი, ან ნებისმიერი სხვა პიროვნება ჩვენგან ღვთის საწინააღმდეგო საქმის აღსრულებას ითხოვს, არა ვართ ვალდებულნი დავემორჩილოთ მას.

მეექვსე მცნება: არა კაც ჰკლა.

მკვლელობა საშინელი დანაშაულია. სხვისი სიცოცხლის ხელმყოფი სცოდავს არა მარტო ადამიანის, არამედ ღვთის წინაშეც, რადგან ჩვენ არა გვაქვს უფლება ღვთის მიერ მონიჭებული სიცოცხლე მოვუსპოთ კაცს.

ამ ცოდვის ჩამდენი ადამიანი ამქვეყნადაც დიდად დასჯილია. გავიხსენოთ, პირველი მკვლელი, კაენი, რომელმაც თავისი ძმის, აბელის, სისხლი დაღვარა, ადგილს ვერ პოულობდა ახლობლების წრეში. ამიტომაც სხვაგან გადაიხვეწა და იქ ტანჯვაში დალია თავისი დღენი, ხოლო ამ ცოდვის გამო სასჯელი მთელ მის მოდგმაზე გადავიდა. ასევეა ახლაც.

მკვლელობის განსაკუთრებული სახეა აბორტი. ამ დროს თვით დედა ხდება მკვლელი საკუთარი შვილისა. სამწუხაროდ, ბევრნი ვერ გრძნობენ დანაშაულს, არადა ამისთვის მკაცრად დაისჯებიან. რა თქმა უნდა, დაისჯება ისიც, ვინც აბორტს აკეთებს.

დიდი ცოდვაა კანონი სიკვდილით დასჯის შესახებ, რადგან ჩვენ ამით ბოროტებას კი არ ვსპობთ, არამედ ვამრავლებთ მას. „ბოროტებას ბოროტებით ვერ განკურნავ, – გვარიგებს ბასილი დიდი, – მას მხოლოდ სიკეთით შეიძლება უწამლო“. ჰუმანურ, სამართლებრივ სახელმწიფოში არ შეიძლება არსებობდეს სასჯელის ეს არადამიანური სახე.

საშინელი ცოდვაა თვითმკვლელობა. იგი პროტესტია ღვთის ნების წინააღმდეგ და სულიწმიდის გმობად ითვლება. თვითმკვლელი, თუ იგი ფსიქიურად დაავადებული არ არის, საბოლოოდ წარიწყმედს სულს. მისთვის ლოცვაც კი არ შეიძლება.

ფიზიკურის გარდა, არის სხვა სახის მკვლელობაც: შეურაცხყოფით, ცრუმოწმეობით, დასმენით, ცილისწამებით… წმიდა იოანე ღვთისმეტყველი წერს: „ყოველსა რომელსა სძულდეს ძმაჲ თჳსი, იგი კაცის-მკვლელი არს და იცით, რამეთუ ყოველსა კაცის-მკვლელსა არა აქუს ცხორებაჲ“ (I იოანე 3,15).

ღმერთმა ყველა დაიფაროს ამ საშინელი ცოდვისაგან.

მეშვიდე მცნება: არა იმრუშო.

ეს მცნება კრძალავს არაკანონიერ, დანაშაულებრივ ურთიერთობას ქალსა და კაცს შორის. აქ შედის შემდეგი ცოდვები: სიძვა, მეძაობა, სისხლის აღრევა, გარყვნილება, ცოლ-ქმრული ცხოვრების დამახინჯებული სახეები…

„სიძვაჲ და ყოველი არა-წმიდებაჲ… ნუცაღა სახელ-ედებინ თქუენ შორის“ (ეფესელთა 5,3), – გვაფრთხილებს მოციქული პავლე. ადამიანს დიდი თავშეკავება მართებს; უფალი ბრძანებს: თუ კაცი ნდომით შეხედავს ქალს, მან უკვე იმრუშა თავის გულში (მათე 5,27-28).

არაწმიდა ფიქრები, სურვილები, უხამსი სიმღერები და ხუმრობები, ზედმეტი გართობა, უზნეო სანახაობანი, ნაყროვანება, სასმელის უზომო სმა… არის ცოდვა, რომელიც მეშვიდე მცნების დარღვევითა და მძიმე დანაშაულით მთავრდება. დანაშაულს კი მოსდევს ღვთის სასჯელი.

მერვე მცნება: არა იპარო.

არავის აქვს უფლება აიღოს ის, რაც მას არ ეკუთვნის. აქ შედის შემდეგი ცოდვები: ქურდობა, ანუ სხვისი ნივთის, სხვისი საკუთრების მალულად აღება; ძარცვა – სხვისი ქონების ძალით მიტაცება; მკრეხელობა – ღვთისთვის მიძღვნილი, შეწირული ნივთებისა და საერთოდ საეკლესიო ქონების მითვისება ან მოპარვა; მექრთამეობა, მევახშეობა (როცა პროცენტით გასცემენ ფულს), მუქთახორობა…

ზოგჯერ ქურდები და დამნაშავენი თავიანთი საქციელის გამართლების მიზნით სახარებიდან იშველიებენ იმ ავაზაკის მაგალითს, რომელიც მაცხოვართან ერთად აწამეს და რომელიც მასთან ერთად სამოთხეში მოხვდა. ავაზაკი შეწყნარებულ იქნა, რადგან სიკვდილის წინ მოასწრო მონანიება. მან მთელი არსებით იგრძნო თავისი განვლილი ცხოვრების სიმძიმე და განაჩენიც სამართლიანი გამოუტანა თავს და თავის ამხანაგს, რომელსაც მასთან ერთად აწამებდნენ. ჯვარზე გაკრული ის მიუბრუნდა მაცხოვარს და უთხრა: „ჩვენ სამართლად ღირსი, რომელი ვქმენით, მოგვეგების“.

იმდენად ძლიერი იყო მასში სინანული, რომ ცოდვით დამძიმებული მისი გული განიწმიდა და იგრძნო ის, რასაც სხვები ვერ ხვდებოდნენ; იგრძნო, რომ მის გვერდით ღმერთი ეწამებოდა; ამიტომაც სთხოვა: „მომიჴსენე მე, უფალო, ოდეს მოხჳდე სუფევითა შენითა“ (ლუკა 23,41-42).

და მიუგო იესომ: „ამენ გეტყჳ შენ: დღეს ჩემთანა იყოს სამოთხესა“ (ლუკა 23,43).

ეს მაგალითი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ ყველა ცოდვიდან შეიძლება ამაღლება და განწმენდა; და რომ ღვთის მოწყალებას არა აქვს საზღვარი.

მეცხრე მცნება: არა-ცილი სწამო მოყვასსა შენსა წამებითა ცრუითა.

ეს მცნება ჩვენგან მოითხოვს სიმართლის გზით სვლას. მძიმე ცოდვად ითვლება: ცრუმოწმეობა, ცილისწამება, დაბეზღება, მოძმის განკითხვა…

ღირსი მამა ანტონი დიდი წერს: ურჩხულის ენა ნაკლებ საშიშია, ვიდრე ენა ცილისმწამებელისა, რადგან ასეთი კაცი ჩხუბსა და განხეთქილებას აგდებს მშვიდობით მცხოვრებ ადამიანებს შორის, თესავს ბოროტებასა და ღვარძლს ახლობლებში, არღვევს ერთობას. ვინც ასეთ პიროვნებას სახლის კარს გაუღებს, თვითონაც ცოდვის მორევში ჩავარდება. ასეთ კაცთან ურთიერთობა მკვლელთან ურთიერთობას ნიშნავს.

ცილისმწამებლის ენა მსგავსია გველის შხამისა. უმჯობესიც კია გველისა და მორიელის გვერდით ცხოვრება, ვიდრე ცილისმწამებელთან ახლო ყოფნა, რადგანაც იგი თავისი სენით სხვასაც აავადებს და ისინი ერთად განიკითხებიან ღვთის სამსჯავროზე. ღმერთი მოწყალეა, მაგრამ იცოდეთ, ცილისწამების ცოდვა ძნელად შეენდობა კაცს. ამიტომაც, „ნუ შეგრცხვებათ ასეთი ადამიანებისაგან განზე განდგომისა, თორემ მათი შხამით თქვენც დავადდებით“ (ანტონი დიდი).

მეათე მცნება: არა გული გითქმიდეს ცოლისათვის მოყვასისა შენისა, არა გული გითქმიდეს სახლისათვის მოყვასისა შენისა, არცა ყანისა მისისა, არცა კარაულისა მისისა, არცა ყოვლისა საცხოვარისა მისისა, არცა ყოვლისა მისთვის, რაიცა იყვეს მოყვასისა შენისა.

ეს მცნება მოითხოვს, კმაყოდილნი ვიყოთ ჩვენი ხვედრით, ჩვენი მდგომარეობით, რათა ხელი არ დაგვრიოს სულის ფითრმა – შურმა. შური პირველყოვლისა ზიანს აყენებს მას, ვინც ამ სენითაა შეპყრობილი.

სხვა ცოდვა უდრო უხეშია და სულშიც ისე არ ღვივდება, როგორც შური, – წერს ბასილი დიდი, – შური კი ისე ჭამს კაცის გულს, როგორც ჟანგი რკინას… შური არის წუხილი სხვის სიკეთესა ზედა.

წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი კი ასე გვაფრთხილებს: შური წყლულია სულისა და საწამლავი მისი. იგია – ერთ-ერთი ყველაზე უსამართლო და, ამავე დროს, სამართლიანი ვნება. უსამართლო იმიტომ, რომ კეთილთა სიმშვიდეს არღვევს, სამართლიანი კი იმიტომ, რომ შინაგანად ახმობს მას, ვის სულშიც ბუდობს.

ჩვენ განვიხილეთ ათი მცნება, რათა ერთხელ კიდევ გვეგრძნო მათი სიდიადე და აუცილებლობა თითოეული ჩვენგანისათვის. ეს მცნებები ეკუთვნის მთელ მსოფლიოს და ისინი, ისევე როგორც შესაქმის აქტი, შედეგია ღვთაებრივი სიყვარულისა.

ზოგჯერ კითხულობენ რად შექმნა ღმერთმა ქვეყანა, სადაც ამდენი უსამართლობა და მწუხარებააო?

ღმერთი სიყვარულია. მას არ შეუძლია იყოს მარტოობაში. სიყვარული ეძებს სხვას, რომ უყვარდეს და სურს, თვითონაც იყოს სხვისაგან შეყვარებული.

ამიტომაცაა შესაქმის აქტი ღვთაებრივი ბუნების გამოვლინება.

რაც შეეხება უსამართლობას, იგი მოდის არა ღვთისაგან, არამედ ადამიანისაგან. ადამიანს აქვს მონიჭებული თავისუფალი ნება. სიკეთისა და ბოროტების ქმნის სრული შესაძლებლობა, არჩევანის უფლება. წინააღმდგგ შემთხვგვაში ის უფლის ხელში უბრალო მანქანა, იარაღი იქნებოდა.

მთავარია ჩვენ გადავწყვიტოთ, რას ვამჯობინებთ: სიკეთის ვიწრო, ეკლიან, მაგრამ გადამრჩენელ ბილიკს, თუ ცოდვის ფართო გზით სვლას. ზოგჯერ ისიც ჭირს, გაარკვიო რა არის ცოდგა და რა – მადლი. ამიტომაც შესთხოვს ღმერთს სოლომონ ბრძენი: მოანიჭე შენს მორჩილს გული გონიერი, რომ სიკეთე გაარჩიოს ბოროტებისაგანო (3 მეფეთა 3,9).

გულის სიბრძნე მცნებათა დაცვით მოიპოვება: მაგრამ უმთავრესი მათ შორის არის შიში უფლისა.

„შიში უფლისაი – დასაბამი სიბრძნისაი“ (ფსალმუნი 110,10). „შიში უფლისაჲ – დასაბამი სიკეთისაჲ (წმ. ისააკ ასური), – ბრძანებენ წმიდანნი.

ეს შიში განსხვავდება ადამიანური შიშისაგან. იგია რწმენასა და სიყვარულზე დაფუძნებული გრძნობა: გრძნობა, რომელიც პიროვნებას გადაარჩენს ცოდვითი მიდრეკილებებისაგან და ღირსყოფს მას ღვთაებრივ სიყვარულთან ერთად გახდეს მონაწილე კაცობრიობის ხსნისა. ამისთვის გაიღო ღმერთმა უდიდესი მსხვერპლი: „ძეცა თჳსი მხოლოდშობილი მისცა მას (სოფელს), რათა ყოველსა, რომელსა ჰრწმენეს იგი, არა წარწყმდეს, არამედ აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ“ (იოანე 3,16).

ძე ღვთისა, იესო ქრისტე, მოვიდა ჩვენთან, რათა, როგორც ერთი ფილოსოფოსი წერს, ნათლად დაგვენახა და მკვეთრად შეგვეგრძნო ჩვენი სისუსტე, ჩვენი უძლურება ყველაზე უმნიშვნელო საკითხებშიც კი და დავლოდებოდით გამოწვდილ ხელებს, რომელიც ფეხზე დაგვაყენებდა.

მაცხოვარი იშვა, ხსნის გზა განათდა. მაშ, შევიმოსოთ მისა რწმენით და მისი მადლით, რამეთუ ყოველი, რომელი შობილ იყოს ღმრთისაგან, სძლევს ქვეყანას. და ეს არის მთელი ქვეყნის მძლეველი ჩვენი რწმენა (I იოანე 5,4).

ქრისტე იშვა – ადიდებდეთ მას!

ქრისტე ზეცით გარდამოხდა – მიეგებეთ!

სიყვარულით გილოცავთ ყველას ქრისტეს შობის დიად დღესასწაულს. შევსთხოვ ღმერთს, სულიერად ფეხზე დადგეს საქართველო: ვიყოთ ერთობით ღმერთთან და ერთმანეთთან „ვიხარებდეთ და ვიშვებდეთ და მივსცეთ მას დიდებაჲ, რამეთუ მოვიდა ქორწილი კრავისაი“ (გამოცხადება 19,7).

ჩვენთან არს ღმერთი!

ქრისტეს შობა,
თბილისი,
1989-1990.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
„ეპისტოლენი, სიტყვანი, ქადაგებანი“, ტომი I, თბილისი, 1997 წ.