საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

15 თებერვალი – მირქმა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი

15 თებერვალი
195-2

15 თებერვალს მართლმადიდებლური ეკლესია და სრულიად მართლმადიდებლური სამყარო აღნიშნავს მირქმას უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი.
წმ. სამების საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღავლინა.
იესო ორმოცი დღისა გახდა. ღვთისმშობელმა და მართალმა იოსებმა ის იერუსალიმის ტაძარში, უფლის წინაშე წარსადგენად წაიყვანეს.
ჩვილ იესოს, ტაძარში შეეგება ღრმად მოხუცებული სვიმეონი, „კაცი მართალი და მოშიში უფლისა“, რომელიც მოელოდა მაცხოვრის ამქვეყნად მოსვლას.
ცნობილია, რომ სვიმეონი ძალიან განსწავლული ადამიანი იყო. იგი ბიბლიის წიგნებს ებრაულიდან ბერძნულ ენაზე თარგმნიდა. როცა მაცხოვრის სასწაულებრივი შობის შესახებ წინასწარმეტყველებაზე უნდა დაეწერა, სვიმეონმა მოინდომა წმიდა წერილის ტექსტის შეცვლა. ამის უფლება, ცხადია, არავის აქვს. თუმცა ეს რჯულის მცოდნე მოხუცს თავხედობით ან თავდაჯერებულობით არ მოსვლია. ეს იმიტომ მოხდა, რომ მის ადამიანურ გონებას არ შეეძლო წარმოედგინა ღვთის განკაცების ასეთი დიდი სასწაული, მაგრამ ანგელოზმა შეაჩერა სვიმეონი და აუწყა, რომ იგი მანამდე არ მოკვდებოდა, ვიდრე არ იხილავდა სასწაულებრივად განკაცებულ ღმერთს.
იმ დღიდან სვიმეონის ცხოვრება იქცა ღმერთკაცის მოლოდინად. მან ძალიან დიდხანს იცოცხლა და ბოლოს მოხუცის მოლოდინი გამართლდა.
იერუსალიმის ტაძართან, სადაც უამრავი ხალხი ირევა, სადაც უამრავ დედას მოუყვანია თავისი პირმშო, პირველი ვაჟი ღვთის წინაშე წარსადგენად, მირბის მოხუცი წინასწარმეტყველი სვიმეონი, რათა შეეგებოს მას, ვისაც ამდენ ხანს ელოდა. და ის ერთ-ერთ ყრმაში ცნობს ღმერთს, დედამისში კი – ღვთისმშობელს. მოხუცს ხელში აჰყავს ჩვილი იესო (მირქმა სწორედ მიგებებას, ხელში აყვანას ნიშნავს). მოხუცი ჩვილს მეუფედ აღიარებს, ხოლო საკუთარ თავს – მის მონად. ცხოვრების მიზანი მიღწეულია – სვიმეონი შეხვდა ღმერთს, მეტიც, ღირსი გახდა ხელში აეყვანა ის, ვის წინაშეც ძრწიან „ძალნი ცათანი“, ანგელოზები.
ამ დღეს ტაძარში მოვიდა წინასწარმეტყველი ანაც. ეს იყო მოხუცებული ქალი, რომელიც დღედაღამ იერუსალიმის სიახლოვეს მარხვითა და ლოცვით გულწრფელად ემსახურებოდა ღმერთს. ისიც ღირსი გახდა, მიჰგებებოდა უფალს, პატარა ბავშვში მაცხოვარი დაენახა, ყველასთან ელაპარაკა მასზე. ამიტომაც სახარება მას წინასწარმეტყველს უწოდებს.