საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიმართვა

15 იანვარი
138-2

საქართველოს ეკლესია გულისტკივილით აღნიშნავს, რომ მიუხედავად გარკვეულ საკითხებზე შეთანხმებისა, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გადაუჭრელი რჩება მთელი რიგი პრობლემები.
ვფიქრობთ, ორივე მხარეს აქვს სურვილი მათი მშვიდობიანი მოგვარებისა, მაგრამ პროცესები, სამწუხაროდ, ამ მიმართულებით ნელა ვითარდება.
ჩვენ დიდი პატივისცემით მივმართავთ როგორც ხელისუფლებასა და ოპოზიციას, ისე საქართველოს მთელ მოსახლეობას, რომ გამოიჩინონ სიბრძნე, მოთმინება, ერთმანეთის მოსმენის უნარი, რათა არ მოხდეს არსებული დაპირისპირების გამწვავება და უმართავი პროცესების განვითარება.
მოვუწოდებთ ორივე მხარეს გააგრძელონ მუდმივი კონსულტაციები, რათა ეხლაც და მომავალშიც ნებისმიერი რთული საკითხი გადაწყდეს მოლაპარაკებით.
საქართველოს მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის ორივე მხარე ვალდებულია წავიდეს გარკვეულ დათმობებზე.
15 იანვარი, 2008 წელი.