საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

სულთმოფენობიდან V კვირიაკეს საკითხავი სახარებისა და სამოციქულოს განმარტება

30 ივნისი
კატეგორია: პუბლიკაციები,
13037-2

18 ივნისი (1 ივლისი), 2018

სულთმოფენობიდან მე-5 კვირიაკე

წირვაზე – რომ. 10:1-10; მთ. 8:28-9:1.

წმინდა პავლე მოციქულის ეპისტოლე რომაელთა მიმართ – 10:1-10     

    ძმანო, კეთილმოსურნეობა ჩემი გულისა და ჩემი ვედრება ღვთის მიმართ ისრაელის ხსნისათვის არის.

    პავლე მოციქულს განზრახული აქვს, დარტყმა მიაყენოს იუდეველებს, მაგრამ წინასწარ ამ მოკლე სიტყვით მიმართავს, რათა შემდგომში, როცა მათ მთავარ სათქმელს ეტყვის, არ იფიქრონ, რომ იგი მათდამი სიძულვილითაა განმსჭვალული. წმინდა მოციქული საუბარს იწყებს იმით, რომ მას გულით სწადია იუდეველების გადარჩენა და ამის შესახებ ღვთის მიმართ ლოცულობს. მაშ, როგორ უნდა ვიყო, – ეუბნება ის მათ, – თქვენდამი უარყოფითად განწყობილი, როდესაც თქვენს ხსნას ღმერთს ვავედრებ?

    ვუმოწმებ მათ, რომ აქვთ საღმრთო შური, მაგრამ უცოდნელად.

   ვინაიდან, რაკი არ იცოდნენ სიმართლე ღვთისა და თავიანთი სიმართლის დამტკიცებას ცდილობდნენ, ღვთის სიმართლეს არ დაემორჩილნენ.

    თავიდან, თითქოსდა, პავლე მოციქულს კარგის თქმა სურს იუდეველებზე და ცდილობს, ასიამოვნოს მათ, რადგან სიტყვები: აქვთ საღმრთო შური, მაგრამ უცოდნელად, აჩვენებს, რომ ისინი უფრო გულმოწყალებას იმსახურებენ, ვიდრე სასჯელს. ის ამბობს, რომ მოშურნენი არიან ღვთისგან მოცემული რჯულისა, მაგრამ გაცნობიერებული არა აქვთ, არ სურთ, გაიგონ, რომ  რჯული გაუქმდა. თუმცა, ამის შემდეგ ისინი კამათობენ და მთავრობისმოყვარეობის სურვილს ავლენენ. ისინი საკუთარი სიმართლის წარმოჩენას ცდილობენ, ეს იყო რჯულისმიერი სიმართლე, რომელიც მათი საქმიანობას მოიცავდა.  მაგრამ ამ სიმართლეს, როგორც უკვე წაქცეულს, ფეხზე დგომა არ შეეძლო. ამგვარად, მათ ვერც საკუთარი სიმართლე წარმოადგინეს და არც ღვთის სიმართლეს დაემორჩილნენ. სწორედ ეს არის მკვეხარობისა და მთავრობისმოყვარეობის ნიშანი; უგუნურებისაც კი, რადგან მთელი ძალისხმევით ცდილობენ, ფეხზე დააყენონ ის, რასაც დგომა არ შეუძლია და მთელ დროს ამას ახმარენ. ღვთის სიმართლე აქ იმ სიმართლეს ეწოდება, რომელიც რწმენიდან მომდინარეობს, ის არ არის ჩვენს შრომაზე დამოკიდებული და მთლიანად ღვთის საბოძვარია.       

    რადგანაც რჯულის დასასრული ქრისტეა ყოველი მორწმუნის გასამართლებლად.

    რადგანაც ჭეშმარიტად უწოდა სიმართლე იმ სიმართლეს, რომელიც რჯულისგანაა, ამიტომ, ერთი მხრივ, ქრისტეს რწმენაში მოქცეულ ებრაელებს რომ არ ეთქვათ: ჩვენ დამნაშავენი გავხდით, როცა ეს სიმართლე დავუტევეთ, ხოლო, მეორე მხრივ, იმათ, ვინც ქრისტე არ იწამეს, არ ეთქვათ: მართალია, ახლა ვერ აღვასრულეთ სიმართლე რჯულის მოთხოვნისამებრ, მაგრამ შეგვიძლია, ის შემდგომში შევასრულოთ, მოციქული საფუძველს აცლის ერთსაც და მეორე აზრსაც და ამბობს: რჯულის დასასრული ქრისტეა. რაც რჯულს სურდა და ვერ შეასრულა, ის ქრისტემ შეასრულა. ესაა ადამიანის გამართლება. ამიტომ ნუ იტყვი, ქრისტეს რწმენისკენ მოქცეულო ებრაელო, რომ რჯული დაარღვიე, პირიქით, შენ შეგიცნია რჯული, რომელიც ქრისტეს რწმენის საშუალებით აღწევს სრულყოფილებას. მეორე მხრივ, შენც, ჯერ კიდევ ურწმუნო იუდეველო, ნუ იმედოვნებ, რომ თავად აღასრულებ რჯულისმიერ სიმართლეს: მისი შემსრულებელი ქრისტეა. ამრიგად, თუ გინდა გამართლდე, რწმენით მიიღე უფალი და ამით ყველაფერს მიიღებ.

    

    მოსე წერს რჯულის სიმართლეზე: „კაცი, რომელიც აღასრულებს რჯულს, მისი წყალობით ცხონდება“.

    

   მოციქული ნათქვამს ადასტურებს – რაც რჯულმა ვერ შეასრულა, ის ქრისტემ შეასრულა და თქვა: მოსე ადამიანის გამართლებაზე მსჯელობს საქმეების მეშვეობით, მაგრამ რადგანაც არ ყოფილა არც ერთი ადამიანი, ვისაც საქმეები აღესრულებინოს, ამიტომ რჯულით გამართლება შეუძლებელია.

    ხოლო რწმენის სიმართლე ამბობს: „ნუ იტყვი გულში: „ვინ ავა ზეცად?“ ესე იგი, ქრისტეს ჩამოსაყვანად.

ანდა: „ვინ ჩავა უფსკრულში?“ ესე იგი, ქრისტეს მკვდრეთით ამოსაყვანად.

 მაგრამ რას ამბობს? „ახლოა შენთან სიტყვა, შენს ბაგეზეა და შენს გულში“; ესაა სიტყვა, რომელსაც ჩვენ ვქადაგებთ.

როდესაც გაიგებ, რომ რჯულის საქმე ადამიანს ვერ გაამართლებს, ამის შემდეგ შეისწავლე, თუ როგორ ვმართლდებით უშრომელად და მარტივად ქრისტეს მიერ: ამისთვის საჭიროა, იწამო უფალი გულით და აღიარო იგი ბაგეებით. თუმცა, ვრცლად უნდა განვმარტოთ ნათქვამი: „ვინ ავა ზეცად?ანდა: „ვინ ჩავა უფსკრულში?“. ეს სიტყვები მოციქულმა მოსესგან მოიხმო (2 რჯ. 30:11-14), მაგრამ იმ აზრით, რომლითაც გააცნობიერა ის თავისი მაღალი სიბრძნით. სიტყვასიტყვითი გაგებით მოსეს ნათქვამი ნიშნავს: იუდეველო, ღვთის მცნება შენ თვალწინ დევს; ასე რომ, მის საძიებლად არც ცად ასვლა გჭირდება, არც უფსკრულში ჩასვლა და არც ზღვის გადალახვა. ის შენთან ახლოსაა, შენს ბაგეებზეა და შენს გონებაშია. ღმერთმა ყველაფერი რჯულით დაგანახა. მოციქულმა კი ის ქრისტეს მიაკუთვნა. ნუ დაეჭვდები, – გვეუბნება იგი, – და ნუ დასვამ შეკითხვას საკუთარ გონებაში: როგორ ჩამოვიდა ქრისტე ზეციდან და განკაცდა? ან მკვდარი როგორ აღდგა უფსკრულიდან, ანუ ქვესკნელიდან? არამედ გწამდეს, რომ იგი გარდამოხდა და განკაცდა,  რომ იყო დაფლული და აღდგა აღდგომის გზით, რამეთუ ღმერთმა აღადგინა იგი. ამიტომ თუკი აღმდგენელის ღირსებას უმზერ, მაშინ ადვილად შეგიძლია ყოველივე ეს ირწმუნო.  

    

    რადგან თუ შენი ბაგეებით უფლად აღიარებ იესოს და გულით გწამს, რომ ღმერთმა აღადგინა იგი მკვდრეთით, – ცხონდები.

    

    რა არის ამაზე ადვილი, როცა შენი ცხონება შენს ბაგეებზეა დამოკიდებული?  რადგან ის ასე ადვილია, ამიტომ შეიძლება ვინმემ რწმენა უგულებელყოს, ამიტომ გვიჩვენებს, რომ ურწმუნო აზრები რწმენის საპირისპიროა და ისინი მტკიცე რწმენით უნდა მოიგერიო. ნუ იტყვი, – შეგვაგონებს იგი, – ერთს ან მეორეს შენს გულში, ანუ ნუ დაეჭვდები შენს აზრებში.

    ვინაიდან გულით სწამთ სიმართლისათვის, ბაგით კი აღიარებენ ცხონებისათვის.

    

    გული ბაგეებს საჭიროებს, ვინაიდან რა სარგებელია, გულში გწამდეს და ხალხის წინაშე არ აღიარებდე? მართალია, რწმენა გონებაში გამართლებს, მაგრამ სრული ცხონება აღმსარებლობაზეა დამოკიდებული, რადგან ასეთ შემთხვევაში, რწმენა ბრწყინავს და სხვებისთვისაც სარგებლობა მოაქვს. მაგრამ თავის მხრივ, ბაგეებიც გულს საჭიროებენ. ბევრი პირმოთნედ აღიარებს ქრისტეს, გულით კი შორს დგას მისგან.   

ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

 

 

წმინდა სახარება წმინდა მათე მახარებლისაგან საკითხავი – 8:28-9:1.

    

და როცა მიაღწია მეორე ნაპირს, გადარინელთა მხარეს, შემოხვდა ორი ეშმაკეული, სამარხებიდან გამოსულნი და ძალზე მძვინვარენი, ისე რომ, ვერავინ ბედავდა ამ გზაზე გავლას.

ალეგორიულად ეს ორი ეშმაკეული, რომლებსაც უფალი ღადარინელთა (გერგესელთა) მხარეში, ანუ წარმართთა მიწაზე შეხვდა, ორ ერს გამოხატავს: ესენია, ან ნოეს ორი ძის – ქამისა და იაფეტის შთამომავლები, რადგან პირველისგან, სემისგან, იუდეველი ერი იღებს დასაბამს, ანდა ამ ორ ერში იუდეველები და წარმართები იგულისხმებიან, რომლებსაც ეშმაკი, დანაშაულებების ჯაჭვითა და ცოდვების ხელბორკილებით დამძიმებულთ, კერპთაყვანისმცემლობაში ამყოფებს. ისინი ქალაქში კი არ ცხოვრობდნენ, ანუ იქ, სადაც რჯულისკანონი და ღვთის მცნებები  მოქმედებს, არამედ საფლავებს შორის, სადაც კერპებს, მეფეთა ქანდაკებებს ან გარდაცვლილთა გამოსახულებებს სცემენ პატივს.

წმინდა მღვდელთმთავარი ხრომატი აკვინელი

      

    და, აჰა, შეჰყვირეს და თქვეს: რა ხელი გაქვს ჩვენთან, იესო, ძეო ღმრთისაო? ვადაზე ადრე მოსულხარ აქ ჩვენს სატანჯველად.

იესოს ძე ღვთისად ეს აღიარება არ არის დემონების მხრიდან ნებაყოფლობითი აღმსარებლობა, რომელსაც, როგორც წესი, აღმსარებლისთვის ჯილდო მოაქვს, არამედ იგი აუცილებლობით გამოწვეული აღიარებაა, მსგავსი იმისა, როგორც გაქცეული მონები, როდესაც ხანგრძლივი დროის შემდეგ კვლავ ხვდებიან თავიანთ ბატონს, სხვას არაფერს ითხოვენ მისგან, გარდა იმისა, რომ არ სცემონ. ასევე დემონებმაც, მოულოდნელად მიწაზე მოსიარულე უფალი რომ დაინახეს, იფიქრეს, რომ იგი მათ განსასჯელად მოვიდა. მაცხოვრის დანახვა ბოროტ სულებში ტანჯვას იწვევს. ზოგიერთები სიცილის მომგვრელ აზრს გამოთქვამენ, თითქოს დემონები იცნობენ ძე ღვთისას, ხოლო ეშმაკი არ იცნობს, ვითომდა იმიტომ, რომ ისინი ნაკლებ ღვარძლს ავლენენ, ვიდრე ის, ვისი თანამგზავრებიც თვითონ არიან. მაგრამ რადგანაც მოწაფეების ყოველგვარი ცოდნა მათ მასწავლებელს უნდა მივაკუთვნოთ, ამიტომ ეშმაკისა და დემონების მიმართაც აუცილებლად ისე უნდა გავიგოთ, რომ მათ დანამდვილებით არ იცოდნენ, არამედ მხოლოდ ეჭვობდნენ, რომ მაცხოვარი ძე ღვთისა იყო, რადგან არავინ იცის ძე, გარდა მამისა; და არც მამა იცის ვინმემ, გარდა ძისა და იმისა, ვისთვისაც ძე ინებებს მის გამოცხადებას“ (მთ. 11:27).

ნეტარი იერონიმე სტრიდონელი

    ხოლო მათგან მოშორებით ბალახობდა ღორების დიდი კოლტი.

    ეშმაკები შეევედრნენ მას და უთხრეს: თუ განგვდევნი, ნება გვიბოძე, ღორების კოლტს შევერიოთ.

    და უბრძანა მათ, წადითო; ისინიც წავიდნენ და შეერივნენ ღორების კოლტს; და აჰა, მთელი კოლტი კბოდედან გადაეშვა ზღვაში და წყალში დაინთქა.

უფალმა ეშმაკეულისგან ლეგიონი ეშმაკი განაძევა.  მას ეშმაკები სთხოვენ, რომ ისინი უფსკრულში კი არა, ღორებში გაეშვა, იქვე რომ ბალახობდნენ წყლის პირას. და უბრძანა მათ, წადითო; ისინიც გამოვიდნენ ეშმაკეულიდან და შევიდნენ ღორების კოლტში, როგორც საკუთარ სახლში.

ორი დასავლელი მოძღვარი – ავგუსტინე და პეტრე ქრიზოლოგი –  აქ ორ გარემოებას განიხილავს: პირველი: რატომ არ ითხოვეს ამპარტავანმა ეშმაკებმა რომელიმე დიდ და ძლიერ ცხოველებში შესვლა, როგორიცაა: ლომი, აფთარი, სპილო, ირემი და სხვა, არამედ უწმინდურ ღორებში მოისურვეს დამკვიდრება? მეორე: რატომ არ უარყო უფალმა მათი ამგვარი სურვილი და პირიქით, ბრძანა, რომ აღესრულებინათ თავიანთი ნება, მაშინ, როცა თავიდან არც ერთი მათი თხოვნის მოსმენა არ სურდა? საინტერესოა, რატომ  არ ისმინა მათი, როცა სთხოვეს, რომ „ქვები პურებად ექცია“,  ტაძრის ქიმიდან გადავარდნილიყო (მთ. 4:3, 5-6), ღორებში შესვლა კი დაუშვა?…

ამ კითხვებს მოძღვრები ასე უპასუხებენ: მსგავსი მსგავსს ელტვის. თავისი არსით, ეშმაკები უწმინდურები არიან. ასე უწოდებს უფალი ეშმაკს, როცა მას ეშმაკეულისგან აძევებს: გამოდი, სულო უწმინდურო, მაგ კაცისაგან!“ (მარკ. 5:8). უწმინდურები არიან ღორებიც, რადგან ტალახში გორაობენ. მათი ხორცის ჭამას, როგორც უწმინდურს, ძველი აღთქმა კრძალავს. ამიტომაც ითხოვენ უწმინდური ეშმაკები უწმინდურ ღორებში შესვლას; მსგავსს მსგავსი უყვარს. ქრიზოლოგი ამბობს: „შეხედე, სად სურს ეშმაკს ცხოვრება – უწმინდურ და საზიზღარ ცხოველებში, რადგან მას უწმინდურება უყვარს“. მეორე გარემოების შესახებ ნეტარი ავგუსტინე წერს: „ქრისტემ იმიტომ უბრძანა ეშმაკებს  ღორებში შესვლა, რომ ეჩვენებინა: ისინი იმ ადამიანებში ცხოვრობენ, რომლებიც სისაძაგლეში ისე გორაობენ, როგორც ღორები ტალახში“.

ვინ არიან ასეთები? ისინი, ვინც ხორციელ უწმინდურებას ემსახურებიან. წმინდა ოქროპირი ამბობს: „რა ბოროტებას არ ჩაგადენინებს ხორციელი სიამე? ის ადამიანს ღორად აქცევს“. და ასეთში, – დასძენს მოძღვარი, – ეშმაკი ისე ცხოვრობს, როგორც საკუთარ სახლში. ამგვარი ადამიანი, – ამბობს ის, – არაფრით განსხვავდება ეშმაკეულისგან: ის ისეთივე უსირცხვილოა, ისეთივე შმაგი და ღვარძლიანი, როგორც ეშმაკეული.

სადაც უწმინდურებაა, იქ ეშმაკია. პროსპერთან წამიკითხავს ერთი არაბი ქალწულის შესახებ, რომელიც კართაგენში ცხოვრობდა და მონაზვნის სამოსს ატარებდა. ერთხელ მან წარმართი ქალღმერთის – ვენარას სურათი იხილა, რომელიც ძალიან უსირცხვილოდ იყო გამოსახული. ამ ხილვამ მის გულში ბილწი აზრი შვა. რადგანაც იგი ამ აზრით დიდხანს ტკბებოდა, ამიტომ ავხორცობის ჟინით გახურდა და აზრით დაეცა, რის გამოც ეშმაკის საცხოვრებლად იქცა: უწმინდური სული შევიდა მასში და ტანჯავდა. შეხედე: მხოლოდ უწმინდური აზრის გაფიქრებაც კი საკმარისია, რომ ავაზაკ-ეშმაკის ბუნაგად იქცე! მაშ, რაღა ვთქვათ, როცა ვინმე აზრს საქმედ აქცევს?..

დაგვაფიქროს და შეგვაშინოს, ძმებო, ამის გაგონებამ. დავიცვათ თავი უწმინდურობისგან და არ ვევნოთ მისგან! განვიწმიდოთ ხორცისა და სულის ყოველგვარი მწიკვლისაგან და სრულვყოთ სიწმიდე ღვთის მოშიშებით“ (2 კორ. 7:1). შეგვშურდეს იმათი, ვინც სიკვდილამდე იტანჯებოდნენ უბიწოების შესანარჩუნებად.  

წმინდა მღვდელთმთვარი დიმიტრი როსტოველი

    ხოლო მეღორეები გაიქცნენ, ქალაქში მივიდნენ და მოჰყვნენ ყველაფერს, რაც შეემთხვა ეშმაკეულებს.

ღორების მწყემსები, როცა ღვთის ძალის ნიშანი დაინახეს, ქალაქში გაიქცნენ ამბის შესატყობინებლად. ვინც უფალს სთხოვდნენ, იქაურობას გაცლოდა, იმ იუდეველ მმართველებსა და კერპების მსახურებს გამოხატავენ, რომლებიც უწმინდურ და ურწმუნო ადამიანებს მარადიული სიკვდილისათვის სწირავენ და ცოდვისა და ურწმუნოების საჭმლით  კვებავენ, ვითარცა ღორებს.

ეს სხვაგვარადაც შეგვიძლია გავიაზროთ, იმიტომ, რომ სულიერი განმარტება შეიძლება რამდენიმე იყოს. ამ ორ ეშმაკეულში ჩვენ ორ ხალხს მოვიაზრებთ, რომლებიც რწმენამ და ქრისტეს წყალობამ დემონების ბორკილებისგან გამოიხსნა. ღორებში შეიძლება მწვალებლები დავინახოთ, რომლებსაც, როგორც ვიცით, ჭეშმარიტი სარწმუნოებისგან განდგომილებს შეუერთდნენ; ხოლო ღორების მწყემსებში შეგვიძლია ერესიარქები და უწმინდურობის მქადაგებელნი ვიგულისხმოთ, რომლებიც ამ მწვალებლებს, როგორც ღორებს, შერყვნილი სწავლების ბინძურ და მავნებელ საკვებს აწვდიან და ამ გზით მათ საცხოვნებლად კი არა, სასიკვდილოდ მწყემსავენ, რადგან ზეციური, მაცხოვნებელი პურით კი არ კვებავენ, არამედ – სულისათვის საზიანო არასწორი სწავლებით.     

და, აჰა, მთელი ქალაქი გამოვიდა იესოს შესახვედრად; და როდესაც იხილეს იგი, სთხოვეს, აქაურობას გაეცალეო.

ქალაქი, რომლის მოსახლეობაც უფლის შესახვედრად გამოვიდა და იმ ადგილებიდან მისი წასვლა ითხოვა, სინაგოგას განასახიერებს, რომელმაც უფლისა და კაცობრიობის მაცხოვრის მიღება არ მოინდომა, მიუხედავად იმისა, რომ მისი ღვთაებრივი ძალა იხილა.

მაშინ ჩაჯდა ნავში, უკანვე გამოცურა და მივიდა თავის ქალაქში.

ქრისტე  თავის ქალაქში დაბრუნდა, სინაგოგისგან უარყოფილი, საკუთარ ეკლესიასთან მივიდა, რომელსაც ჭეშმარიტი აზრით, ქრისტეს ქალაქი ეწოდება.

გერგესელებმა უფალს სთხოვეს, რომ მათი ქალაქის საზღვრებს გასცლოდა. ყურადღებით ვიყოთ, რომ მოულოდნელად ჩვენ შორისაც არ აღმოჩნდეს ვინმე ისეთი, ვინც ურწმუნო გონებით თავისი სულის საზღვრების დატოვებას აიძულებს უფალს, „რადგან მზაკვარ სულში სიბრძნე ვერ შეაღწევს და ვერც ცოდვას დამონებულ სხეულში დაივანებს“ (სიბრძ. 1:4).

წმინდა მღვდელთმთავარი ხრომატი აკვინელი