საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

10 მაისს, იწყება აწყურის ღვთისმშობლის ხატით მსვლელობა ოფადან (თურქეთი) – თბილისამდე

8 მაისი
10-maiss-iwyeba-awyuris-ghvtismshoblis

 12 მაისი ანდრია მოციქულის ხსენების დღეა, – გილოცავთ.

მანამდე კი, 10 მაისს, იწყება აწყურის ღვთისმშობლის ხატით (ასლით) მორიგი მსვლელობა ოფადან (თურქეთი) – თბილისამდე.
awyuri1

10 მაისი – ოფრადან შემოსვლა ბათუმში.
10 მაისი (საღამო) – 11 მაისი – ბათუმი.
11 მაისი (საღამო) – 12 მაისი – ხულო.
12 მაისი (საღამო) – 13 მაისი – აწყური.
13 მაისი (საღამო) – 14 მაისი – ბორჯომი.
14 მაისი (საღამო) – 15 მაისი – ხაშური.
15 მაისი (საღამო) – 16 მაისი – გორი.
16 მაისი (საღამო) – 17 მაისი – სვეტიცხოველი.
17 მაისს ხატს გადმოაბრძანებენ თბილისში და 12:00-ზე მსვლელობა დაიწყება რესპუბლიკის (იგივე ვარდების) მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრამდე, სადაც კათოლიკოს-პატრიარქი გადაიხდის პარაკლისს და დალოცავს ხალხს.

  აწყურის ღვთისმშობლის ხატის ისტორია
,,ქართლის ცხოვრების” მიხედვით

სახელმწიფოსა და ეკლესიის დამოუკიდებლობის დაკარგვის 200-წლიანმა და ათეისტურმა 70 წლიანმა პერიოდმა დიდი დაღი დაასვა ჩვენი ცხოვრების წესს, მათ შორის რელიგიურ აზროვნებას.
მადლობა ღმერთს, ნელ-ნელა მდგომარეობა უმჯობესდება:
მაგალითად, არცთუ ისე დიდი ხნის წინ ქართველ ხალხში წარმოჩენილი იყო ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების ფაქტი და თითქმის დავიწყებული წმ.ანდრია პირველწოდებულის და სხვა მოციქულების ღვაწლი, რითაც, ფაქტიურად, უდიდესი მნიშვნელობის ჩვენი ოთხი საუკუნის ისტორიის უგულებელყოფა ხდებოდა. ახლა მოციქულ ანდრიას ხსენება წელიწადში ორჯერ აღინიშნება.
მივიწყებას იყო მიცემული წმინდა ნინოს დროს სამ ადგილზე ცხოველმსყოფელი სამი ჯვრის აღმართვა და ამ სულიერ ცენტრთა ერთობა.
ამ ფაქტის აღსანიშნავად ახლა უკვე ყოველ წელს ხდება ჯვრის მონასტრიდან, უჯარმიდან და თხოთის მთიდან სვეტიცხოველში ჯვრების ჩამობრძანება ხარება დღეს და გადაბრძანება საქართველოს სხვადასხვა კუთხეში.
განსაკუთრებული ზეიმით და ხალხის მსვლელობით აღინიშნება 100 000 მოწამის ხსენების დღე.
აღდგა ტრადიცია წმინდა ქალაქ მცხეთად და მეორე იერუსალიმად მცხეთის სახელდებისა და სხვა. გასაკეთებელი კვლავაც ბევრია;

awyuriკარგად მოგეხსენებათ, რომ საქართველო ღვთისმშობლის განსაკუთრებული მფარველობის ქვეშაა. ყველამ ვიცით, რომ ათონზე, ქართულ მონასტერშია დაცული ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სასწაულთმომქმედი ხატი, რომ ზუგდიდის მუზეუმში ინახება ქალწული მარიამის კვართი, თბილისის მუზეუმში კი, – სარტყელის ნაწილი.. . .მაგრამ ბევრს დავიწყებული აქვს მნიშვნელობა აწყურის ღვთისმშობლის ხატისა, რომლის შესახებაც ამჟამად ვისაუბრებთ.
,,ქართლის ცხოვრებაში” ვკითხულობთ:
როდესაც მოციქულებმა წილი ყარეს, თუ ვინ რომელ ქვეყანაში უნდა წასულიყო საქადაგებლად, ყოვლაწმინდა ღვთისმშობელს საქართველო ერგო. მაგრამ მაცხოვარი გამოეცხადა და უთხრა, რომ თავის ნაცვლად აქ ანდრია პირველწოდებული გამოეგზავნა და თან გამოეტანებინა ხელთუქმნელი ხატი, რომელიც ფიცარზე მისი სახის მიდებით გამოისახებოდა.
იგი ასეც მოიქცა. ფიცარზე აღიბეჭდა ყოვლადწმინდა მარიამი, რომელსაც ,,წიაღთა თვისთა ეტვირთა განხორციელებული ჩჩვილი, ყოვლადსახიერი სიტყვაი ღმრთისაი.”
ღვთისმშობლმა დალოცა მოციქული, მიუთითა, რომ ხატი უნდა დაბრძანებულიყო აწყურში და ამ რთულ გზაზე გამოისტუმრა; თან ასეთი კურთხევა მისცა: ,,მადლი და შეწევნაი ჩემგან შობილისაი (იესო ქრისტესი) თანაშემწე გეყავნ შენ, სადაცა ხვიდოდე და მეცა თანაშემწე ვარ ქადაგებასა მაგას და დიდად შევეწიო მონაწილესა მას ჩემდა ხუედრებულსა (წილხვედრ ქვეყანას),” – ანუ საქართველოს.

წმინდა ანდრიამ წმინდა სვიმონ კანანელთან ერთად მოიარა ტრაპიზონი, დიდაჭარა, ეგრისი და ყველგან საფუძველი ჩაუყარა ქრისტიანულ სარწმუნოებას. დიდაჭარაში ამ ხელთუქმნელი ხატის ასლი დატოვა და პირველი ტაძარიც ააგო. შემდეგ კი აწყურს მოვიდა.
როგორც მატიანე მოგვითხრობს, იქ იმ დროს მთავრად იყო სამძივართა სახლის ქვრივი, რომელსაც ახლადგარდაცვლილი ერთადერთი ვაჟი ჯერ კიდევ სახლში ესვენა.
ხატის ყმაწვილის სხეულზე დადებით და მოციქულის ლოცვით ბავშვი გაცოცხლდა და უვნებელი აღდგა.
ეს უდიდესი სასწაული არათუ ამ ქალბატონის და მისი ვაჟის, არამედ მთელი ხალხის მოქცევის მიზეზი გახდა.
ამას დაერთო სხვა სასწაულიც: ხატი შეაბრძანეს საკერპო ტაძარში და ერთი ღამით იქ ჩაკეტეს.
კერპთმსახური ქურუმები გარეთ ლოცულობდნენ. ლოცულობდა წმ.ანდრია პირველწოდებულიც.
დილით, როდესაც კარი გააღეს, ყველა კერპი დამსხვრეული ნახეს, ხატი კი შუა ადგილზე ბრწყინავდა მზესავით. ამ ფაქტმა სრულიად შეძრა მოსახლეობა და ისეთივე შთაბეჭდილება მოახდინა აწყურელებზე, როგორც IV ს-ში არმაზის კერპთა მსხვრევამ წმ.ნინოს დროს.
სამძივართა სახლის ქვრივმა წერილი მისწერა იმ მხარის სხვა მთავრებს, ამცნო მომხდარი და ყველას მოუწოდა, ერწმუნათ ახლადგამოჩენილი ჭეშმარიტი ღმერთი.
ხალხის მოქცევაში აქტიური მონაწილეობით იგი გვაგონებს წმ.მეფე მირიანისა და წმ. ნანა დედოფლის ღვაწლს და ეს პიროვნება ფრიად დასაფასებელია.

აწყურში წმ.ანდრია პირველწოდებულის მიერ დაარსდა პირველი საეპისკოპოსო და მთელს ქვეყანაზე დიდად გაითქვა აწყურის ხატის სახელი. საუკუნეთა მანძილზე აქედან ეფინებოდა ღვთისმშობლის მადლი და დალოცვა საქართველოს და აღესრულებოდა მრავალი კურნება და სასწაული, მათ შორის უცხოეთშიც.
გავიხსენებთ ორ მათგანს: XV ს-ში ირანელმა უზუნ ჰასანმა მოაოხრა ქართლი და სამცხე, შემდეგ კი ნაძარცვი თავის საყაენოში წაიღო. მათ შორის სასწაულთმოქმედი ხატიც.
მთელი ქვეყანა გლოვობდა მომხდარს, განსაკუთრებით კი აწყურის ღვთისმშობლის გატაცებას და მხურვალედ შესთხოვენ ღმერთს და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს მის დაბრუნებას.
გამოხდა ხანი და ისმინა ღმერთმა მათი ვედრება. ღვთის რისხვამ მოაწია ირანზე: ,,არცა შობა დედაკაცმან, არცა პირუტყვმან, არცა ჰყო ხემან ნაყოფი, არცა მიწამან აღმოაცენა.” დაიწყეს გამოძიება ამის მიზეზისა.
ყაენის მრჩეველები მიხვდნენ, რომ განსაცდელი აწყურის ღვთისმშობლის ხატიდან მოდიოდა, რადგან საქართველოდან ირანისაკენ მიმავალთაც არაერთი საოცრება იხილეს მისგან და ამიტომაც გადაწყვიტეს, თუ კვიცი, რომელზეც დამაგრებული იქნებოდა ხატი, სწორად წამოვიდოდა საქართველოსაკენ, განსაცდელის მიზეზი ნათელი იქნებოდა მათთვის. ასეც მოიქცნენ.
კვიცი ისე სწრაფად გამოემართა სამცხისაკენ, თითქოს გამოცდილი მხედარი ასწავლიდა გზას. ირანელებმა გაიხარეს და ხატი პატივით გამოისტუმრეს. იგი უვნებლად დაუბრუნდა აწყურს, რაც მთელი ერის დიდ ზეიმად იქცა.

ცნობილია, რომ, როდესაც იაყუბ ყაენმა (XVს) ძვისფასი თვლებით შემკული ეს ხატი განძარცვა და დიდ ცეცხლში ჩააგდო, მოხდა საოცრება: ხატს საერთოდ არაფერი დაუშავდა, ცეცხლი კი მსწრაფლ დაიშრიტა. ეს რომ იხილა მტრის ლაშქარში მყოფმა ერთმა არამართლმადიდებელმა ქრისტიანმა (მატიანე მას ასე იხსენიებს) ხატი ძვირფას ნაჭერში გაახვია, თავისთან დაიტოვა და როცა ყაენი უკან გაბრუნდა, მან ეს სიწმინდე თან წაიღო და დიდი პატივით ექცეოდა; მაგრამ ყოვლადწმინდამ არ ინება იქ დარჩენა; გამოეცხადა ამ ადამიანს და უთხრა: „უკეთუ არა წარმიყვანო ქუეყანასა ჩემსა, დიდი ბოროტი მოვაწიო შენზედა.”
იგი ფრიად შეშინდა და მსწრაფლ წამოვიდა აწყურში, ჩამოაბრძანა ხატი და გადასცა მაშიდელ მთავრებს, – ყვარყვარესა და მანუჩარს. მათ ,,თაყვანი სცეს და აღიხვნეს და წარმოასუენეს წმინდა იგი ხატი, აღიყვანეს და დაასვენეს საყდარსა თვისსა აწყურისასა.”
აწყურის ღვთისმშობლის სახელით ცნობილი ხატი ამჟამად ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმშია დაცული. შეიქმნა ამ ხატის ასლიც, რომლითაც შარშან პირველად ჩატარდა საზეიმო მსვლელობა 10-17 მაისს ტრაპიზონიდან თბილისამდე. ასეთი მსვლელობები ტრადიციად იქცევა და წელსაც განხორციელდება.
ჩვენს ერში მთელი სისავსით უნდა აღდგეს სასოება და თაყვანისცემა აწყურის ღვთისმშობლის ხატისადმი და ყოველდღიურ ლოცვებშიც მისი მოხსენება წესად უნდა დავამკვიდროთ, რადგან იგია მაცხოვრის მიერ ჩვენს შემწედ და მცველად მოვლენილი პირველი უდიდესი სიწმინდე.