საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

ქადაგება (8 სექტემბერი, 2007 წელი; ოზურგეთის საკათედრო ტაძარი)

8 სექტემბერი
%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%92%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-8-%e1%83%a1%e1%83%94%e1%83%a5%e1%83%a2%e1%83%94%e1%83%9b%e1%83%91%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%98-2007-%e1%83%ac%e1%83%94

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

ქადაგება

ოზურგეთის საკათედრო ტაძარი, 8 სექტემბერი, 2007 წელი

„საქართველო არის განსაკუთრებული
ქვეყანა – წილხვედრი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა,
ამიტომ ნურაფრის ნუ შეგეშინდებათ, საქართველო არასდროს დაეცემა, ჩვენი ქვეყანა
გაბრწყინდება,
რადგან ჩვენში არის ძლიერი გენები ვახტანგ გორგასლისა, დავით აღმაშენებლისა,
თამარ მეფისა და მტერი ვერასდროს სძლევს საქართველოს!“

სახელითა მამისათა და ძისთა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

დღეს არის დიდი ზეიმი არა მარტო ამ კუთხეში, არამედ სრულიად საქართველოში.
განგებითა ღვთისათა აქ აშენდა კიდევ ერთი ეკლესია – სადიდებელად ღვთისა და
მოსაქცევად ჩვენი ერისა. მეფე ისრაელისა დიდი სოლომონი ამბობს: „ჟამი არს ნგრევისა
და ჟამი არს შენებისა“. ღვთის მადლით, ჩვენ განვვლეთ ჟამი ნგრევისა და დადგა ჟამი
შენებისა. თითქმის არ არის არც ერთი კუთხე საქართველოში, რომ არ შენდებოდეს
სადიდებლად ღვთისა წმინდა ტაძარი!

რა არის ტაძარი? ეს არის სახლი ღვთისა. ეს არის ადგილი,
სადაც ღმერთი განსაკუთრებით ანიჭებს ადამიანებს მადლს სულისა წმინდისა. ტაძარი –
არის კარიბჭე სასუფევლისა. ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ ქართველმა ხალხმა შეიგრძნო და დაინახა
ეს. დიდება და მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის, მადლობა ამ დიდი წყალობისათვის!

მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი მოეფინა დღეს სრულიად საქართველოს. დღეს ჩვენი
ქვეყანა დღესასწაულობს ამ ტაძრის კურთხევას, რადგან კიდევ ერთი კარიბჭე სასუფევლისა
შეემატა მას.

როდესაც მტერი იპყრობდა საქართველოს, იგი, უპირველეს ყოვლისა, ანგრევდა ტაძრებს, რადგან კარგად იციდა, რომ
ამაშია ჩვენი ძალა. ქართველი ადამიანი თავისი სიცოცხლის ფასად იცავდა თავის მამულს,
ენას, სარწმუნოებასა და მუდამ მზად იყო ამისთვის შეეწირა თავისი სიცოცხლე. მაგრამ
დადგა ისეთი ჟამიც, როცა ჩვენმა ხალხმა თავისი ხელით დაანგრია წმინდა ტაძრები.
ღმერთმა შეგვინდოს ეს მძიმე ცოდვა. ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩეოდა ეს კუთხე;
აქ თითქმის არ დარჩა არც ერთი მოქმედი ეკლესია.

1963 წელს მე მაკურთხეს შემოქმედელ ეპისკოპოსად, მაგრამ ეპარქიაში მოქმედი ტაძარი
არ იყო. მაშინ მე, როგორც შემოქმედელ ეპისკოპოსს, არ მქონდა უფლება, მივსულიყავი
შემოქმედის მონასტერში და წირვა-ლოცვა შემესრულებინა. მაგრამ გავიდა დრო და დღეს
უკვე თითქმის ყოველ სოფელში აღევლინგბა წირვა-ლოცვა სადიდებელად ღვთისა.

ბედნიერია ის ერი, რომელიც სულიერებისაკენ ისწრაფვის, ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც აშენებს ტაძარს და
უბედურია ის ერიც და ის ადამიანიც,
რომელიც მას ანგრგვს.

დღეს მინდა დავლოცო ბატონი ვანო ჩხარტიშვილი და მისი ოჯახი, რომელმაც არა მარტო ეს
ეკლესია ააშენა, ღვთის მადლით. წყალობა ღვთისა სუფევდეს თქვენს სახლსა ზედა, თქვენს
ოჯახსა ზედა და თქვენს შრამომავლობასა ზედა! ნიშნად ჩვენი დიდი პატივისცემისა,
მინდა მოგართვათ თქვენ და თქვენს მეუღლეს ოქროს სამაჯურები, რომლებზეც არის წარწერა
– „ღმერთმა დაგლოცოთ!“ დალოცვილი და გახარებფლი იყავით თქვენ და თქვენი ოჯახი. ასევე
მინდა გადმოგცეთ წიგნი, რომელიც გამოვიდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარჭის
ინტრონიზაციის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით.

დღეს არის კიდევ ერთი სასიხარულო მოვლენა. დღეს აღინიშნება ჩვენი სახელოვანი
მომღერლის, ბატონ ზაურ ბოლქვაძის, საიუბილეო თარიღი. იგი გახლავთ
გამოჩენილი ადამიანი ჩვენს ქვეყანაში. მე მრავალი წელია თვალ-ყურს ვადევნებ მის
შემოქმედებას და გაოცებული ვარ მისი ნიჭით. დღეს, ბატონო ზაურ, ჩვენთან ერთად თქვენ
გილოცავთ სრულიად საქართველო. ღმერთმა დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ და ღმერთმა
ინებოს, რომ კიდევ დიდხანს იცოცხლოთ ჩვენი ერის სასიკეთოდ. მინდა გითხრათ,
რომ საქართველო არის განსაკუთრებული ქვეყანა – წილხვედრი ყოვლადწმინდისა
ღვთისმშობლისა, ამიტომ ნურაფრის ნუ შეგეშინდებათ, საქართველო არასდროს დაეცემა,
ჩვენი ქვეყანა გაბრწყინდება, რადგან ჩვენში არის ძლიერი გენები ვახტანგ
გორგასლისა, დავით აღმაშენებლისა, თამარ მეფისა და მტერი ვერასდროს სძლევს მას!

დალოცვილი და გახარებული იყავით!

ბოლოს, მინდა გითხრათ, რომ ძალიან მიყვარხართ.

ღმერთმა გაახაროს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო!

ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №27,
2007 წ.