საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

ქადაგება (28 ივნისი, 2009 წ.)

28 ივნისი
%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%92%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-28-%e1%83%98%e1%83%95%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%98-2009-%e1%83%ac

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

ქადაგება

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 28 ივნისი, 2009 წ.

„მწამს, საქართველოს გადარჩება!“

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს
ღმერთი!

ხშირად ვფიქრობთ ხოლმე დროზე. რა არის დრო? რას წარმოადგენს იგი ადამიანისთვის და
როგორია ჩვენი როლი დროში? ეს საიდუმლოებით მოცული საკითხია, რომლის შესახებ ძალიან
ბევრი თქმულა და დაწერილა. ძველი რომაელები ამბობდნენ: „დრონი იცვლებიან და
ჩვენც ვიცვლებით მასთან ერთად“ – „Tempora mutantur et nos mutamur in illis“.
უდიდესი საიდუმლოა, თუ როგორ იცვლება დრო და როგორ იცვლება მასში ადამიანი.

სოლომონ ბრძენი ამბობს: „ჟამი არს მშვიდობისა, ჟამი არს ომისა, ჟამი არს შენებისა, ჟამი არს ნგრევისა“. მაგრამ იქნება მშვიდობა თუ ომი, ნგრევა თუ შენება ბევრად არის დამოკიდებული თვითონ ადამიანზე. ღმერთმა კაცი თავისუფალი ნებით შექმნა.
უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანს აქვს უფლება, გამოავლინოს კეთილი ნება – მშვიდობის
სურვილი და ასევე, მას აქვს უფლება, გამოავლინოს აგრესია. არიან ადამიანები,
რომლებიც წლების მანძილზე არ პატიობენ ერთმანეთს შეცდომას, არ შეუძლიათ
დაელაპარაკონ ერთმანეთს. ეს იმას ნიშნავს, რომ მათი სული, გული და გონება
დამძიმებულია ბოროტებით. სადაც ბოროტია, იქ ვერ დაივანებს სიწმინდე, ხოლო სადაც
სიწმინდეა – იქ ფეხს ვერ მოიკიდებს ბოროტება! ღმერთმა მოგვცეს ისეთი სულიერი ძალა,
მადლი სულისა წმინდისა, რომ განიკურნოს სნეულება ჩვენი და ნაკლულოვანება აღგვივსოს.

უნდა ვიცოდეთ, რომ ღმერთი ძალიან ახლოსაა ჩვენთან და ამას უნდა ვგრძნობდეთ და
განვიცდიდეთ მთელი გულით. ჩვენი მგალობლები გალობენ: „დავიღალე, დავიღალე, მოდი ჩემთან
უფალო“ რას ნიშნავს ეს? როდესაც ეცემა ადამიანი და აღარ აქვს ძალა, განაგრძოს გზა,
– იგი მოუხმობს შემოქმედს: დავიღალე და აღარ შემწევს ძალა, მოვიდე შენთან, ამიტომ,
გთხოვ, მოდი და შემეწიე! ყოველმა ადამიანმა ბოლომდე უნდა იტვირთოს
თავისი ჯვარი. ძველი ქართული ხალხური სიმღერები ხშირად ასახავენ ამ მდგომარეობს.
თუნდაც გავიხსენოთ შესანიშნავი ძველი სიმღერა: „გადი-გამოდი გუთანო“. იქ არის
ასეთი სიტყვები: „ჰეი, ბიჭებო,
გავედით ბოლომდე,“ სწორედ
ბოლომდე უნდა გავიდეთ ყველანი, ბოლომდე უნდა ვიტვირთოთ ჩვენი ჯვარი და ეს გზა
უნდა იყოს გზა უფლისაკენ,
გზა სასუფეველისაკენ. მართალია, ბევრი დაბრკოლება
ხვდება ადამიანს ცხოვრების
გზაზე, მაგრამ უფალი ჩვენთან
არის და შეგვეწევა ჯვრის
ტვირთვაში. უფალი შეეწევა
ყოველ მასზე მსასოებელ ადამიანს, ყოველ ერს. იგი არ დაუშვებს, რომ დედა
ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა
დაეცეს. მწამს, საქართველო
გადარჩება, საქართველო
გამთლიანდება, საქართველო
დამშვიდდება!

დღეს ვლოცავთ წმინდა ილია მართლისა და წმინდა ექთიმე და გიორგი მთაწმინდელების
სახელობის საპატრიარქოს გიმნაზიებს და მათთან ერთად იოანე პეტრიწის სახელობის
სკოლას „იბერია“. აქ ბრძანდებიან სკოლის დირექტორები და მოძღვრები. წმინდა გიორგი
და ექვთიმე მთაწმინდელების გიმნაზიას ზედამხედველობს მეუფე იოანე (გამრეკელი).
ღმერთმა დალოცოს ამ სკოლების აღმზრდელები და აღსაზრდელები.

დღეს დასალოცად მოვიდა ასევე ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი „სამრეკლოს ზარები“,
რომლის ხელმძღვანელია ლაურა ლონდარიძე. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა მოგცეთ მადლი და
ძალა, ღმერთმა მოგცეთ წინსვლის უნარი!

დღეს ასევე აღესრულება ორი გვარის – შარაბიძეებისა და დვალების დალოცვა. მინდა
აღვნიშნო, რომ ჩემი ნათლია იყო დვალი. ამ გვარებიდან გამოსულნი არიან გამოჩენილი
ადამიანები. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა ძალა მოგცეთ. ღმერთმა ყველანი მოგვასწროს
მშვიდობიან და გამთლიანებულ საქართველოს, ამინ!

დღეს ჩვენთან მობრძანდნენ ჩვენი სულიერი
შვილები, აბიტურიენტები, რომლებიც აბარებენ მისაღებ გამოცდებს უმაღლეს
სასწავლებლებში. ღმერთმა მოგცეთ ცოდნა და სიბრძნე ღმერთმა ინებოს, რომ ყველამ
შეძლოთ სწავლა და კარგი მამულიშვილები გამოხვიდეთ!

ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №22, 2009 წ.