საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

ქადაგება (14 სექტემბერი, 2001 წ.)

14 სექტემბერი
%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%92%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-14-%e1%83%a1%e1%83%94%e1%83%a5%e1%83%a2%e1%83%94%e1%83%9b%e1%83%91%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%98-2001-%e1%83%ac

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

ქადაგება

სიონის საკათედრო ტაძარი, 14 სექტემბერი, 2001 წ.

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი! – ეს არის სიტყვები ბიბლიიდან და ჩვენ იგი მექანიკურად არ უნდა
გავიმეოროთ, მასში აუცილებლად უნდა ჩავდოთ ის ღრმა შინაარსი, რაც დაფარულია მის
მიღმა. როცა ჩვენ ვამბობთ „ჩვენთან არს ღმერთი“ – ეს იმას ნიშნავს, რომ ოველ
ჩვენთაგანთან, მთელ საქართველოსთან, დედა ეკლესიასთან, ჩვენს ოჯახებთან მყოფობს იგი
და სადაც არის ღმერთი, იქ არის მშვიდობა, ჭეშმარიტება, სიყვარული, სიკეთე. ამიტომ
ძალიან დიდი ყურადღება გვმართებს ამ სიტყვების წარმოთქმისას.

როგორც იცით, დღევანდელ დღეს მთელმა მსოფლიომ გლოვა გამოაცხადა. კარგად
გეცოდინებათ, თუ რა მოხდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. როგორც პოლიტიკოსები
ამბობენ, ეს იყო თავდასხმა არა ერთ სახელმწიფოზე – ამერიკაზე, არამედ მთელ
მსოფლიოზე, რაც ძალიან ცუდის მომსაწავებელია.

ჯერ კიდევ XX ს-ში პოლიტოლოგები და ფუტუროლოგები აცხადებდნენ, რომ XXI საუკუნე
შეიძლება იყოს რელიგიათა კონფლიქტის საუკუნე. მოგეხსენებათ, ეს წალიწადი
ცივილიზაციათა დიალოგის წლად გამოცხადდა. ამ პროგრამით შედგა ჩვენი ვიზიტი ირანში,
სადაც ამ ქვეყნის პრეზიდენტს და მუსულმანთა მეთაურს შევხვდით. მიუხედავად
მცდელობისა, რომ დედამიწაზე, ადამიანთა შორის დამყარდეს მშვიდობიანი
ურთიერთდამოკიდებულება, რეალურად უნდა დავინახოთ, რომ ბრძოლა კეთილსა და ბოროტს
შორის თანდათან მძაფრდება და ეს წინააღმდეგობა კიდევ გამკაცრდება. ამიტომაც
გვმართებს, აუცილებლად დავფიქრდეთ იმაზე, თუ როგორ უნდა მოიქცეს მართლმადიდებელი
ქრისტიანი – საერო იქნება ის თუ სასულიერო. უპირველეს ყოვლისა, გვახსოვდეს, რომ
ყველაფერში სუფევე ნება ღვთისა – უფალი სუფევს, უფალი მეფობს. გავაძლიეროთ ჩვენი
სულიერება, ჩვენი რწმენა და ყოველმა მორწმუნემ ვაკეთოთ სიკეთე. გაიხსენეთ იაკობ
მოციქულის სიტყვები: „რწმენა თვინიერ საქმისა (კეთილი საქმის) მკვდარია“. ამიტომაც,
ჩვენს რწმენას ყოველთვის თან უნდა ახლდეს კეთილი საქმე.

არიან ადამიანები, რომლებიც ბოროტებას სჩადიან და მიაჩნიათ, რომ კარგად იქცევიან.
იმ ადამიანებს, რომელთაც ეს ტრაგედია ჩაიდინეს, ჰგონიათ, რომ ამ საშინელი ცოდვით
სასუფეველს დაიმკვიდრებენ. ეს თავის მოტყუებაა. თქვენ წარმოიდგინეთ, ბავშვებსაც კი
ზრდიან ამ სულისკვეთებით – სიძულვილით. მიუხედავად ყველაფრისა, გვახსოვდეს, რომ
სიკეთე მუდამ იმარჯვებს. კეთილი ვაკეთოთ და სიკეთე ვასწავლოთ ჩვენს შვილებს.

დღეს სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში სასწავლო წლის დასაწყისია. ასევე დაიწყო
ახალი ინდიქტიონი, ახალი წელი ეკლესიურად. ღმერთმა დალოცოს ჩვენი
პროფესორ-მასწავლებლები, აკადემიის რექტორი მეუფე აბრაამი და სტუდენტები.

მე არაერთხელ მითქვამს, რომ სქართველოში სასულიერო აკადემია-სემინარიის არსებობას
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. თქვენ აქ ბევრ რამეს ისწავლით. უპირველეს ყოველისა
კი თავად უნდა იმუშაოთ საკუთარ თავზე. მთავარი ადგილი, სადაც თქვენ უმეტეს დროს
უნდა ატარებდეთ – ეკლესიაა. ამას გვასწავლიან წმიდა მამები: წმიდა ბასილი დიდი,
წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი, წმიდა იოანე ოქროპირი. ისინი ამბობენ: – ჩვენი მთავარი
სამყოფელი იყო ეკლესია და ჩვენი სასწავლებელიო. ეკლესიაში უნდა გაძლიერდეთ, ყოველ
თავისუფალ დროს იქ უნდა შეხვიდეთ, არ უნდა გამოაკლდეთ წირვა-ლოცვას და მარად ილოცეთ
უფლის წინაშე. მინდა გითხრათ, რომ განსაკუთრებული მადლი ტრიალებს ჩვენს დედა
ეკლესიაში, სიონის საკათედრო ტაძარში. უცხოელებიც გრძნობენ ამას. მე მომისმენია
ერთი რუსი ქალბატონისაგან, რომ იგი სპეციალურად ჩამოდის ხოლმე მოსკოვიდან, რათა 2-3
საათი დადგეს ჩვენს ტაძარში, მიიღოს მადლი და ისევ უკან დაბრუნდეს. თქვენ
ყოველდღიურად გაქვთ ამის საშუალება, განსაკთრებით წირვა-ლოცვის დროს.
მნიშვნელოვანი, რაზეც თქვენ ასევე დიდი ყურადღება უნდა გაამახვილოთ, ეს არის თქვენი
სულიერი, კულტურული, ინტელექტუალური აღზრდა. უნდა ისწავლოთ ყოფაქცევა და ის
დისციპლინები, რომელთაც პროფესორ-მასწავლებლები გადმოგცემენ. თქვენი ყოველდღიური
თანამგზავრი უნდა გახდეს წიგნი და მათ შორის უპირველესი წიგნი – ბიბლია. ყოველდღე
ერთი თავი მაინც უნდა წაიკითხოთ ძველი აღთქმიდან და სახარებიდან.

სტუდენტობის წლები მეც გამომივლია. ჩვენთან, სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში
იყვნენ სტუდენტები, რომლებიც იმ ლექციებით, კონსპექტებითა და წიგნებით
კმაყოფილდებოდნენ, რომელთაც მასწავლებლები გვიკითხავდნენ. მაგრამ ვიყავით ჯგუფი
სტუდენტებისა, რომლებიც იმას, რასაც გვაძლევდნენ, რა თქმა უნდა ვსწავლობდით,
მაგრამ, პარალელურად, მივდიოდით ბიბლიოთეკაში და ჩვენთვის სასურველ და საინტერესო
წიგნებს ვარჩევდით. მე, მაგალითად, ძალიან მაინტერესებდა ღვთისმეტყველება,
ფილოსოფია, ლოგიკა, ფსიქოლოგია, ისტორია და ანთროპოლოგია. ყოველდღიურმა წიგნის
კითხვამ საოცარი შედეგი მოგვცა. ჩვენ უფრო ფართოდ დავინახეთ სამყარო და ის
პრობლემები, რომელიც დგას ადამიანის წინაშე.

ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა მოგცეთ სიბრძნე და გახსოვდეთ სიტყვები ბიბლიიდან –
საწყისი სიბრძნისა  არის შიში ღვთისა. რწმენა და შიში ღვთისა თუ გექნებათ,
მაშინ თქვენ გექნებათ სიბრძნეც.

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №38, 2001 წ.