საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

ქადაგება ჯვრის თაყვანისცემის კვირიაკეს (7 მარტი, 2010 წ.; ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარი)

7 მარტი
%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%92%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%af%e1%83%95%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%97%e1%83%90%e1%83%a7%e1%83%95%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%aa

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

ქადაგება ჯვრის თაყვანისცემის კვირიაკეს

ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 7 მარტი, 2010 წ.

„არ დაეცეთ ჯვრის სიმძიმის ქვეშ, მოიპოვეთ მადლი
ღვთისა, მადლი სულისა წმინდისა და
სულიწმინდა დაგეხმარებათ ჯვრის ტვირთვაში. არ შეუშინდეთ ცხოვრებას, არ ჩავარდეთ
სასოწარკვეთილებაში!“

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

„ჯვარსა შენსა თაყვანის ვცემთ მეუფეო და წმიდასა აღდგომასა შენსა უგალობთ და
ვადიდებთ!“ დღეს არის ჯვრის თაყვანისცემის კვირიაკე და ამით დედაეკლესია
გვახსენებს, რომ ყოველი მორწმუნე ჯვრის მტვირთველია. ყველას აქვს თავისი ჯვარი,
თუმცა ზოგიერთი ამას ვერ შეიგრძნობს. ზოგი უკმაყოფილოა საკუთარი ხვედრით; ზოგი სხვა ჯვარს სთხოვს უფალს…

უნდა ითქვას, რომ ყოველი ადამიანის ჯვარი მძიმეა და სულიერი და ფიზიკური ძალა უნდა
მოვიკრიბოთ, რომ მისი სიმძიმეს ქვეშ არ დავეცეთ. როცა ადამიანს გაუჭირდება ჯვრის
ტვირთვა, ამ დროს დახმარება უფალს უნდა შესთხოვოს. შეგიძლიათ თქვენივე სიტყვებით
შეევედროთ მას: „უფალო, აღარ ძალმიძს მეტის მოთმენა, მოდი ჩემთან და შემეწიე,
იტვირთე ჩემი ჯვარი“. და უფალი აუცილებლად მოვა და შეგეწევათ.

ყოველ ადამიანს და ყოველ ერს თავისი ჯვარი აქვს, თავისი გასაჭირი და განსაცდელი,
რომელიც ღვთისგანაა ბოძებული.

საქართველოს ჯვარი მუდამ მძიმე იყო. ასეა დღესაც, როცა დარღვეულია ტერიტორიული
მთლიანობა ჩვენი ქვეყნისა; მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მალე დადგება დღე, როცა
აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი კვლავ საქართველოს დაუბრუნდება, რადგან ეს საჭიროა
არა მარტო ქართველებისათვის, არამედ
თავად აფხაზებისა და ოსებისათვის, მათი ეთნიკური გადარჩენისა და თვითმყოფადობის
შენარჩუნებისათვის. ეს იქნება ნება
ღვთისა და ეს იქნება სათნო
ღვთისათვის.

ქართველი ადამიანი შემწყნარებელია. თუკი იგი გაჭირვებულ
ადამიანს ხედავს, უკანასკნელი
პურის ნატეხს გაუწვდის და დაეხმარება.

მიუხედავად ყველაფრისა, უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ კვლავ
ისეთივე მეგობრული და ძმური
სიყვარული გვაქვს ჩვენი სულიერი შვილების მიმართ აფხაზეთსა
და ცხინვალის რეგიონში, როგორიც ადრე გვქონდა, როდესაც ერთად ვიყავით.

ყველამ იცით და მინდა შევახსენო აფხაზებსა და ოსებს, რომ საბჭოთა კავშირის
ტერიტორიაზე არსებულ ყველა ავტონომიას შორის საუკეთესო პირობები საქართველოში იყო,
ყველაზე კარგად თქვენ ბრძანდებოდით, იმიტომ, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის
მფარველობის ქვეშ იყავით და კვლავაც იქნებით…

თავისი ცხოვრებით ადამიანმა უნდა შექმნას სულიერი ჯვარი. რწმენა და სწრაფვა ღვთისადმი – ეს არის ვერტიკალური ძელი სულიერი ჯვრისა; ხოლო მოყვასის სიყვარული, ადამიანებთან ძმური ურთიერთობა და
გაჭირვებული ადამიანების დახმარება – ჰორიზონტალური ძელი. ამგვარად, ჩვენი ცხოვრება
სულიერ ჯვარს გამოსახავს. როცა ვლოცულობთ, ღვთისადმი სწრაფვით ჩვენი სულიერი
ჯვრის ვერტიკალურ ძელს გამოვსახავთ, ხოლო როცა მოწყალების საქმეს აღვასრულებთ –
სულიერი ჯვრის ჰორიზონტალურ ძელს.

მინდა გავიხსენო ჩემი პატრიარქობის პირველი დღეები, როდესაც ახალი ნაკურთხი
ვიყავი კათოლიკოს-პატრიარქად. მაშინ ერთი სასულიერო პირი მოვიდა ჩემთან და მითხრა:
იყო სულიერი მამა ჩვენი ერისა – უმძიმესი ჯვარია, ამიტომ ილოცეთ და მოიხსენეთ
საქართველოს მეფეები, კათოლიკოს-პატრიარქნი, ისინი შეგეწევიან და ჯვარს
შეგიმსუბუქებენო. მე სწორედ ასე მოვიქეცი და ახლა მინდა თქვენც გასწავლოთ,
განსაკუთრებით კი მათ, რომელთაც საკუთარი ჯვარი უმძიმთ; ამოიწერეთ საქართველოს
მეფეთა და დედოფალთა, კათოლიკოს-პატრიარქთა და მამამთავართა სახელები, რაც შეიძლება
ხშირად მოიხსენიეთ ისინი და თავადაც მიიღებთ მათგან შემწეობას.

კურთხევა უფლისა თქვენ ზედა, მისითა მადლითა და კაცთმოყვარეობითა, ყოვლადვე აწ და
მარადის და უკუნითი უკუწისამდე, ამინ!

არ დაეცეთ ჯვრის სიმძიმის ქვეშ, მოიპოვეთ მადლი ღვთისა, მადლი სულისა წმინდისა და
სულიწმინდა დაგეხმარებათ ჯვრის ტვირთვაში. არ შეუშინდეთ ცხოვრებას, არ ჩავარდეთ
სასოწარკვეთილებაში!

უნდა გვახსოვდეს, რომ უფალი ახლოსაა ჩვენთან, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა
გადაგვაფარა თავისი კალთა და ვერავითარი მტერი ვერას დააკლებს საქართველოს!

აღსანიშნავია, რომ ჩვენი სასულიერო პირები, შეძლებისდაგვარად ცდილობენ გაჭირვებულ
ადამიანებს შეეწიონ. თქვენ იცით, რომ ჩვენს ტაძარში, წმინდა გიორგის ხატთან, დგას
ყულაბა გაჭირვებული დასახმარებლად. ასევეა ზოგიერთ სხვა ეკლესიაშიც. ეს საქმე
დავავალე რამდეწიმე ახალგაზრდას ეკლესიის მრევლიდან, რომლებიც შემოწირულ თანხას
ანაწილებენ. ამავე საქმეს ხელმძღვანელობენ ჩვენი მოძღვრები. ღმერთმა შეგიწიროთ
ყველა შემომწირველს!

დღეს განსაკუთრებული დღეა და მინდა წარმოვაჩინო დამსახურება ზოგიერთი სასულიერო
პირისა; ეკლესიის წინაშე დამსახურებისა და სულიერრ მოღვაწეობისთვის მსურს დავაჯილდოვო
შემდეგი სასულიერო პირები
ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით: – მღვდელი მელქისედეკ ხვედელიძე, მღვდელი
თადეოზ გაბუნია, მღვდელი ლევან მათეშვილი, მღვდელი კახაბერ შურღაია, მღვდელი დავით
დელიბაშვილი;

ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით – მღვდელ-მონაზონი აარონი (კაპანაძე),
მღვდელმონაზონი ნეოფიტე (უროტაძე).

დღეს ვლოცავთ რამდენიმე სასწავლებელს: პირველ ექსპერიმენტულ სკოლას, 15-ე, 81-ე,
166-ე, 38-ე, 65-ე, 119-ე, 118-ე, 180-ე, 207-ე, 39-ე საჯარო სკოლებს, თბილისის
საავიაციო ინსტიტუტს, საფეხბურთო კლუბ „გაგრასა“ და მის პრეზიდენტს, ბატონ ბესარიონ
ჩიხრაძეს.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ! მოგცეთ სიბრძნე, გული გონიერი,
მშვიდობა, კეთილდღეობა და აკადემიური წარმატება, სახელითა მამისათა და ძისათა და
წმინდისა სულისათა, ამინ!

ასევე ვლოცავთ ახალგაზრდულ მოძრაობა „დავითიანს“. ისინი დღეს ნარიყალაზე
დააბრძანებენ იმ ჯვარს, რომელიც ახლა ხელთ უპყრიათ.

ღმერთმა დაგლოცოთ და შეგიწიროთ თქვენი შრომა!

ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №9, 2010 წ.