საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

ქადაგება ხარების დღესასწაულზე (7 აპრილი, 2001 წ.)

7 აპრილი
%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%92%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%93%e1%83%a6%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a1-3

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

ქადაგება ხარების დღესასწაულზე

სიონის საკათედრო ტაძარი, 7 აპრილი, 2001 წ.

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

დღეს ხარების უდიდესი დღესასწაულია. იგი იმდენად განსაკუთრებულია, რომ როგორც
ჩვენი წინაპრები ამბობდნენ, ამ დღეს ჩიტიც კი არ იკეთებს ბუდეს. ისიც კი
თავისებურად მიაგებს პატივს ამ საუფო ზეიმს. დღეს მთავარანგელოზმა გაბრიელმა
ყოვლადწმიდა ღვთისმშობელ დედას ახარა, რომ მისგან უნდა იშვას მაცხოვარი – უფალი
ჩვენი იესო ქრისტე.

მარიამ ღვთისმშობელი ნაზარეთში იმყოფებოდა, როდესაც მას წმიდა მთავარანგელოზი
გაბრიელი გამოეცხადა და შემდეგი სიტყვებით მიმართა: „გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი
შენთანა“. რა საოცარი სიტყვებია! საერთოდ, ეს მიმართვა – „გიხაროდენ“, –
მომდინარეობს ძველი ებრაული მისალმების ტრადიციიდან. მისალებისას ქართველები
ერთმანეთს გამარჯვებას ვუსურვებთ. ებრაელები კი ერთმანეთს ეუბნებიან – „გიხაროდენ“.
სწორედ ამ მისალმებით მიმართა მთავარანგელოზმა გაბრიელმა ღვთისმშობელს: „გიხაროდენ,
მიმადლებულო“; „მიმადლებულო“, ე.ი. მადლმოსილო, მადლით შემკულო, მადლით აღვსილო.
შედეგი ამ მადლისა კი არის წმიდა მთავარანგელოზის სიტყვები: „უფალი შენთანა“. ერთი
ღირსი მამა ამბობდა, ბედნიერია ადამიანი, ვისთანაც მყოფობს უფალი. ბედნიერია ისიც,
ვინც მოიპოვებს მადლის თუნდაც სულ მცირე ნაწილს, რადგან მადლი მრავლდება და გარშემო
განეფინეაბ, რაც აცხოვნებს მასაც და მის გარშემო ათასობით ადამიანსაც.

დღეს ისეთი დღესასწაულია, რომ ყოველი ჩვენგანი მახარებელი უნდა იყოს, თუმცა
მარტო დღეს კი არა, საერთოდ მთელი ჩვენი ცხოვრების მანძილზე; ჩვენ აუცილებლად
ყოველდღე რაღაც სიხარული უნდა მოვუტანოთ სხვას, თუ საქმით არა, სიტყვით მაინც, რაც
დღეს განსაკუთრებით საჭიროა.

სადაც არის რწმენა და სიყვარული – იქ არის სიხარული. თუ ადამიანში არის
სიხარული, მაშინ ის ამ გრძნობის გამცემია.

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ლოცვით და წმიდა მთავარანგელოზ გაბრიელის
შუამდგომლობით, უფალმა დიდი სიხარული მოგანიჭოთ თქვენ და სრულიად საქართველოს.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და გაგაძლიეროთ.

თქვენთან ერთად ღმერთმა დალოცოს, გაახაროს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო!

ღმერთმა სიხარულის აღდგომა გაგითენოთ. ამინ!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №15, 2001 წ.