საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

ქადაგება წმინდა გიორგის ხსენების დღეს ( 6 მაისი, 2008 წ.)

6 მაისი
%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%92%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%ac%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%92%e1%83%98%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%92%e1%83%98%e1%83%a1

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

ქადაგება წმინდა გიორგის ხსენების დღეს

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 6 მაისი, 2008 წ.

„ბედნიერია ადამიანი, რომელიც
რწმენით, სიყვარულით, სიხარულით და მოთმინებით
ბოლომდე იტვირთავს თავის ჯვარს; და ის, ვისაც გააჩნია განცდაი თვისთა ცოდვათა!“

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ქრისტე აღდგა!

ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს – გიორგობას! ეს არის ჩვენი დიდი
საეკლესიო და ეროვნული დღესასწაული. წმინდა გიორგის სახელს ატარებდა 12 მეფე
საქართველოსი და დღესაც ჩვენს შორის ძალიან ბევრია მისი მოსახელე. წმინდა გიორგი
არის სიმბოლო ძლევისა, სიმბოლო გამარჯვებისა!

საუკუნეების მანძილზე მრავალი განსხვავებული ქართული ხატი დაწერილა წმინდა გიორგის
გამოსახულებით. ასევე მრავალნაირია წმინდა გიორგის სახელწოდებაც. მაგალითად,
საქართველოში წმინდა გიორგი ცნობილია სახელით „თეთრი გიორგი“, კახეთში მას
უწოდებენ – „პიროფლიან გიორგის“ ან „დაღლილ გიორგის“ – ეს იმას ნიშნავს, რომ იგი
მუდამ ეხმარება გაჭირვებულ ადამიანს. თვითონ ტროპარი ამ წმინდანისადმი ნათლად
ასახავს მის მოღვაწეობას: „ტყვეთა განმანთავისუფლებელო, გლახაკთა ხელის
აღმპყრობელო, სნეულთა მკურნალო და მეფეთა უძლეველო წინამბძოლო, ღვაწლით შემოსილო,
წმინდაო დიდო მოწამეო გიორგი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა
ჩვენთათვის“.

დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ ვფიქრობთ იმის შესახებ, თუ რა არის კეთილი და რა არის
ბოროტი და რით განსხვავდება სიკეთე ბოროტებისაგან. ხშირია შემთხვევა, როცა ადამიანი
აკეთებს ბოროტებას და მიაჩნია, რომ სიკეთეს თესს. განვიხილოთ ეს საკითხი თუნდაც
წმინდა
გიორგის მაგალითზე: ჩვენს
წინაშე ორი პიროვნებაა –
იმპერატორი დიოკლეტიანე, რომელიც აწამებს ქრისტიანებს და ფიქრობს, რომ
ამით სიკეთეს აკეთებს და
წმინდა გიორგი, რომელიც
მართლაც სიკეთის მთესველია. ეს ორი ადამიანი დგას
ისტორიის სამსჯავროს წინაშე, კაცობრიობის სამსჯავროს წინაშე: ერთიც
ფიქრობს, რომ სიკეთეს
აკეთებს და მეორეც ამასვე
ფიქრობს. მოგეხსენებათ,
წმინდა გიორგი იყო მხედართმთავარი დიოკლეტიანესი, მეფის ფავორიტი.
თქვენ იცით, რომ დიოკლეტიანეს არ ჰყავდა მემკვიდრე და თავის შემდეგ ტახტზე გიორგის
დატოვებას აპირებდა. ძალიან უყვარდა მეფეს წმინდა გიორგი, მაგრამ როდესაც შეიტყო,
რომ წმინდა გიორგი არ არის კერპთაყვანისმცემელი, არამედ არის ქრისტიანი, ძალიან
განრისხდა. გამოუძახა წმინდა გიორგის და ჯერ წყნარად, დაყვავებით ესაუბრა, ხოლო
როდესაც დაინახა, რომ მისმა საუბარმა შედეგს ვერ მიაღწია, – წმინდა გიორგის წამება
ბრძანა. წმინდა გიორგისადმი მისი სიყვარული სასტიკ სიძულვილში გადაიზარდა. წმინდა
გიორგი მორჩილად იტანდა ყველაფერს. მას აწამებდნენ ისე, რომ რაც შეიძლება მეტ ხანს
ეცოცხლა, რათა მეტი ტკივილი განაცხადა და მისი ტანჯვა უფრო მძიმე ყოფილიყო.

სისხლით იცლებოდა წმინდა გიორგი, როცა იგი, მორიგი წამების შემდეგ შეაგდეს საკანში.
თითქოს ყველასგან მიტოვებულს ესმა ხმა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი: „გიორგი, ნუ
გეშინია, მე შენთან ვარ“. ეს ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ჩვენ, როცა განსაცდელში
ვიმყოფებით. მით უფრო, რომ საქართველო ძალიან ხშირად არის ამ მდგომარეობაში. არ
უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველო არის წილხვედრი ყოვლადწმინდა ღვთისმშობელისა.
არც ერთი ქვეყანა არ გახდა ღირსი იმისა, რომ ყოფილიყო წილხვედრი ღვთისმშობელისა,
გარდა საქართველოსი! შეუძლებელია, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრი დაეცეს,
დედა ღვთისა არ დაუშვებს, რომ საქართველო დაეცეს. როდესაც ჩვენ გვიჭირს, ჩვენც
გვესმის ხმა უფლისა: „საქართველო, ნუ გეშინია, შე შენთან ვარ“. ღვთის შეწევნით,
წმინდა გიორგიმ ბოლომდე გაუძლო წამებას; ბოლოს კი გამძვინვარებულმა ჯალათებმა მას
თავი მოჰკვეთეს.

რას წარმოიდგენდა თვითონ დიოკლეტიანე წმინდა გიორგის ასეთ დასასრულს! იგი იყო
გონიერი ადამიანი, მაგრამ ძალიან მკაცრი. მას მიაჩნდა, რომ ქრისტიანობა ბოროტებაა
და ებრძოდა ქრისტიანებს. თქვენ იცით, რომ მისი მეფობის ჟამს სასტიკად იდევნებოდნენ
ქრისტიანები. ათასობით და ასი ათასობით ქრისტიანი ეწამა. ბოლოს ეს დევნა ჭრისტიანთა
მოშურნეობაში გადაიზარდა – ისინი პირდაპირ ღიად გამოდიოდნენ ქუჩებში და ყვიროდნენ:
„მე ქრისტიანი ვარ!“ – უნდოდათ, წამება მიეღოთ, რადგან იცოდნენ, რომ ქრისტესთვის
წამება – ეს არის ღმერთთან მისვლა, ეს არის დიდი ნეტარება. ბოლოს, როცა დიოკლეტიანე
მიხვდა, რომ ვერაფერს გახდა ქრისტიანების წინააღმდეგ – მას დაეუფლა განცდა, რომ
მისი ცხოვრება იყო ამაო, მისი ცხოვრება ემსახურებოდა ბოროტებას; დატოვა თავისი
სამეფო ტახტი და წავიდა სოფელში. დიოკლეტიანემ რომის იმპერია რამდენიმე ნაწილად
გაყო და თავის მხედართმთავრებს დაურიგა. გავიდა დრო; ერთხელ შეიკრიბნენ დაყოფილი
სამეფოს მეფეები და გადაწყვიტეს, მისულიყვნენ დიოკლეტიანესთან და ეთხოვათ მისთვის,
დაბრუნებულიყო ტახტზე და კვლავ აეღორძინებინა დასუსტებული იმპერია. მართალაც
მივიდნენ მასთან, თაყვანი სცეს და დაბრუნება შესთავაზეს. დიოკლეტიანემ უპასუხა:
„თქვენ რომ იცოდეთ, როგორი კომბოსტო მოვიყვანე, აღარ იტყოდით ამას“. წარმოიდგინეთ,
როგორ შეიცვალა მისი აზროვნება! იმდენად შეიცვალა მისი დამოკიდებულება
ფასეულობებისადმი, რომ ფიზიკური შრომა, კომბოსტოს მოყვანა მის თვალში
უფრო ფასეული გახდა, ვიდრე მეფობა. და მან დაბრუნებაზე უარი თქვა.

ღმერთმა მოგვცეს ჩვენ გარჩევა და განცდა სიკეთისა და ბოროტებისა. ყოველმა ადამიანმა
უნდა იცოდეს, რა არის სიკეთე და რა – ბოროტება. აღმოსავლეთის სიბრძნე ამბობს: „ჰოი,
მწუხარებავ, შენ საწყისი ხარ სიხარულისა ჰოი, სიხარულო, შენ საწყისი ხარ
მწუხარებისა“. ცხოვრებაში მუდამ სიხარული და მწუხარება ცვლის ერთმანეთს. ამიტომ, არ
უნდა შევუშინდეთ განსაცდელს და არ უნდა დავეცეთ. ადამიანის ცხოვრება – ეს არის
გამოცდა, ეს არის მუდმივი განსაცდელი, ეს არის ჯვრის ტვირთვა. ყოველ ადამიანს აქვს
თავისი ჯვარი და იგი ბოლომდე უნდა მიიტანოს. ბედნიერია ადამიანი, რომელიც რწმენით,
სიყვარულით, სიხარულით და მოთმინებით ბოლომდე იტვირთავს თავის ჯვარს; და ის, ვისაც
გააჩნია განცდაი თვისთა ცოდვათა. წმინდა მამა ეფრემ ასური ამბობს: „ჰე, უფალო,
მომანიჭე მე განცდაი თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა“. ბედნიერია
ადამიანი, რომელიც ხედავს თავის ნაკლს, რადგან ის აუცილებლად ბოლომდე ზიდავს თავის
ჯვარს. ღმერთმა ინებოს, რომ ჩვენ ყველას მიგვატანინოს უფალმა ჩვენი ჯვარი ბოლომდე!

ღმერთმა ძალა და მადლი მოგანიჭოთ! ბიბლიაში წერია: „ღმერთი ამპარტავანთა შემუსრავს,
ხოლო თავმდაბალთა მიანიჭებს მადლს“. მახსენდება ჩემი სტუდენტობა, როცა მე
ვსწავლობდი მოსკოვის სასულიერო სემინარიაში (მაშინ ჩვენთან არ იყო სასულიერო
სემინარია) – და პირველად ჩამოვედი და ვეახელი უწმინდესსა და უნეტარეს მელქისედეკ
III-ს (ფხალაძე). უწმინდესი და უნეტარესი მელქისედეკი მართავდა საქართველოს
ეკლესიას კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს შემდეგ. კალისტრატე იყო მმართველი
საქართველოს ეკლესიისა 1932-1952 წწ. ეს უმძიმესი წლები დააწვა უწმინდესსა და
უნეტარეს კალისტრატეს. მის შემდეგ ეკლესიის საჭეთმპყრობელი იყო მელქისედეკ III,
დიდი პიროვნება. მას ჰქონდა დამთავრებული ყაზანის სასულიერო აკადემია და იყო
მათემატიკის ბრწყინვალე სპეციალისტი. დიაკონმა ამბროსი ახობაძემ მიმიყვანა უწმინდეს
მელქისედეკთან. როდესაც ვეახელი მას, უწმინდესმა რატომღაც რუსულად მითხრა:
„Бог гордым противится, а смиренным дает благодать“- „ღმერთი ამპარტავანსა შემუსრავს,
ხოლო თავმდაბალს მიანიჭებს მადლს“. ღმერთმა მოგვანიჭოს ყველას თავმდაბლობა
და მოგვცეს მადლი სულისა წმინდისა, რომელიც არის უძლურთა მკურნალი და ნაკლულეეანთა
აღმავსებელი!

დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამაზეციერმა. ეს მადლი, რომელიც ჩვენ დღეს
მივიღეთ, ღმერთმა სახლში, ოჯახებში მიგვატანინოს და საქართველო აუცილებლად
გადარჩება!

დღეს წირვაზე ჩვენ მოვაბრძანეთ ილორის წმინდა გიორგის ხატი. ეს ხატი რამდენიმე წლის
წინ მოსკოველმა ქართველებმა მაჩუქეს.
მოგეხსენებათ, ილორის ხატი შექმნილი და შეწირულია დადიანების მიერ. დღეს მინდა, რომ
ილორის წმინდა გიორგის ხატით დაგლოცოთ თქვენ და სრულიად საქართველო!

ყველამ შევთხოვთ წმინდა გიორგის, რომ მისი ლოცვით დალოცვილი და გამთლიანებული იყოს
ჩვენი ქვეყანა; და ღვთის წყალობით აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დაუბრუნდეს
საქართველოს, ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №17, 2008 წ.