საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

ქადაგება წმინდა ანდრია პირველწოდებულისა და მეფე ვახტანგ გორგასლის ხსენების დღეს (13 დეკემბერი, 2010 წ.; რუსთავის წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარი)

13 დეკემბერი
%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%92%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%ac%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%93%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%90-%e1%83%9e-3

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

ქადაგება წმინდა ანდრია პირველწოდებულისა და
მეფე ვახტანგ გორგასლის ხსენების დღეს

რუსთავის წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის
სახელობის ტაძარი, 13 დეკემბერი, 2010 წ.

„ქართველი ერი უნდა სთესდეს სიკეთეს, სიყვარულს და

ეს სიყვარული ჩვენ სასუფეველში მიგვიყვანს!“

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

„დიდ
ხარ შენ უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენნი“. დიდება და მადლობა უფალს, რომ
დღეს შევიკრიბეთ ამ წმინდა ტაძარში, რომელიც სულ იციოდე წლის წინ არის აშენებული წმინდა მეფის ვახტანგ
გორგასლის სახელზე. ამ წმინდანის სახელზე ტაძრის
აშენება იმიტომ გადავწყვიტეთ, რომ V საუკუნეში რუსთავის ეპარქია სწორედ ვახტანგ
გორგასალმა დააარსა.

მსოფლიოს ისტორიაში არიან ადამიანები, რომელთაც ღმერთი
განსაკუთრებულ მოვალეობას, განსაკუთრებულ მისიას აკისრებთ. ასეთთა
რიცხვს მიეკუთვნებიან მაგ. მოციქული ანდრია პირველწოდებული და მეფე ვახტანგ
გორგასალი. წმინდა მოციქული ანდრია სწორედ ის პიროვნებაა,
რომელსაც პირველს მოუწოდა
უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ
სახარების საქადაგებლად. იგი
იყო ძმა პეტრე მოციქულისა.
მოციქულმა პეტრემ რომისა და
ანტიოქიის ეკლესიები დააარსა,
ხოლო ანდრია პირველწოდებულმა სხვა ეკლესიებთან
ერთად საქართველოს ეკლესია.
დიდია მისი ღვაწლი ღვთისა და
საქართველოს წინაშე.

დღევანდელი დღე არ არის
მხოლოდ საეკლესიო დღესასწაული, ეს ჩვენი დიდი ეროვნული
დღესასწაულიცაა. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი დედა იყო და არის ჩვენი მფარველი,
რადგან საქართველო გახდა მისი წილხვედრი ქვეყანა. წმინდა ანდრია პირველწოდებული,
დედა ღვთისმშობლის ლოცვითა და ღვთის კურთხევით, სწორედ ღვთისმშობლის ხატით
შემობრძანდა შავი ზღვის სანაპიროდან ჩვენს ქვეყანაში.

მისი და წმინდა ვახტანგ გორგასლის ხსენების დღე ერთად იმიტომაც აღინიშნება, რომ
წმინდა ანდრია პირველწოდებული არის დამაარსებელი საქართველოს სამოციქულო ეკლესიისა,
ხოლო წმინდა ვახტანგ გორგასალი გახლავთ დიდი მეფე, რომელსაც საქართველოს
ეკლესიისთვის დამოუკიდებლობის მოპოვება დაეკისრა. წმინდა მეფე ვახტანგ გორგასალი
კარგად ხედავდა და გრძნობდა ეკლესიის უდიდეს მნიშვნელობას. მან იცოდა, რომ ჩვენი
ეროვნული სული, ჩვენი კულტურა განვითარდებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ
საქართველოს ეკლესია გახდებოდა ავტოკეფალური, ანუ დამოუკიდებელი.

მეფე ვახტანგის დიდი შრომითა და დაუღალავი მოღვაწეობით საქართველოს ეკლესიას
დამოუკიდებლობა მიენიჭა. იკურთხა პირველი კათოლიკოსი პეტრე და მის შემდეგ –
კათოლიკოსი სამუელი. კათოლიკოსები პეტრე და სამუელი მეფე ვახტანგ გორგასლის
თანამოღვაწეები იყვნენ. დიდი კანონისტი და შემდგომში პატრიარქი ბალსამონი საეკლესიო
დადგენილებებზე თავის კომენტარებში ასე წერს: „ამბობენ, რომ ნეტარი
პეტრეს დროს კრების მიერ საქართველოს ეკლესიას ავტოკეფალია და დამოუკიდებლობა
მიენიჭა“.

დააკვირდით, იგი ორივე ტერმინს ახსენებს – დამოუკიდებლობასაც და ავტოკეფალიასაც.

და აი, 15 საუკუნეა, რაც საქართველოს ეკლესია ავტოკეფალურია.

რას ნიშნავს კათოლიკოსი? მანამდე ეკლესიის მეთაურს მთავარეპისკოპოსი ერქვა და
მხოლოდ ავტოკეფალიის შემდეგ მიემატა ტიტული კათოლიკოსი. ეს არის ბერძნული სიტყვა
და ნიშნავს ყველაფერს, ყველას. ამგვარად, საქართველოს კათოლიკოსი ეს არის ყოველთა
ქართველთა სულიერი მოძღვარი. საქართველოში იქნება ეს თუ უცხოეთში. ყოველი ქართველი
საქართველოს ეკლესიის მეთაურის მფარველობის, მისი ომოფორის ქვეშაა. ამიტომ ამ ორ
პიროვნებას, წმიდა ანდრია პირველწოდებულსა და მეფე ვახტანგ გორგასალს, უფლისაგან
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ლოცვითა და ვედრებით, უდიდესი მისია დაეკისრათ. ანდრია
პირველწოდებულმა დააარსა საქართველოს ეკლესია და ვახტანგ გორგასალმა მას
ავტოკეფალია მოუპოვა. „ავტოკეფალია“ ორი ბერძნული სიტყვისგან შედგება: „კეფალოს“,
რაც თავს ნიშნავს და „ავტოს““ – თვითონ, ასე რომ ავტოკეფალია განიმარტება, როგორც –
თავისი თავის განმკარგავი, ანუ ეკლესია აღარ ემორჩილება სხვას და დამოუკიდებელია.
მანამდე საქართველოს ეკლესია ექვემდებარებოდა ანტიოქიის პატრიარქს.

X-XI საუკუნეებში ანტიოქიის პატრიარქს ჰქონდა მცდელობა, რომ საქართველოს ეკლესია
კვლავ დაემორჩილებინა. ამ მას გიორგი მთაწმინდელთან ჰქონდა კამათი. ამ დიდებულმა და
ფრიად განსწავლულმა პიროვნებამ უპასუხა, რომ საქართველოს ეკლესია არის დაარსებული
წმიდა ანდრია მოციქულის მიერ, რომელიც იყო პირველწოდებული და რომელმაც შემდეგ
მოუწოდა პეტრე
მოციქულს – ანტიოქიის ეკლესიის დამაარსებელს; ამიტომ, ვინ ვის უნდა ემორჩილებოდეს –
მომწოდებელი მოწოდებულს, თუ პირიქითო? გიორგი მთაწმინდელის სიტყვებით ჩანდა, რომ
საქართველოს ეკლესია კი არ უნდა დამორჩილებოდა ანტიოქიის საპატრიარქოს, არამედ
პირიქით უნდა მომხდარიყო. ამ გაბედული ქმედებით გიორგი მთაწმინდელმა შეაჩერა
ანტიოქიის საპატრიარქოს მხრიდან ჩვენი ხელახალი დამორჩილების უკანონო მცდელობა.

ჩვენ ვმადლობთ უფალს მისი დიდი წყალობისათვის! ვმადლობთ უფალს, რომ აქ, რუსთავში
აშენდა ეს დიდებული ტაძარი და მრავალი სხვა ეკლესიაც. თქვენ გახსოვთ, რუსთავი
ტექნიკურად განვითარებული ქალაქი იყო, მაგრამ არ იყო არც ერთი ეკლესია და არც ნებას
გვრთავდნენ, რომ ტაძარი აგვეშენებინა.

რუსთავის მკვიდრმა, ალექსი გორგიძის ოჯახმა შემოგვთავაზა, რომ მათ ბინაში, ერთი
ოთახი გვეკურთხა ეკლესიად. საოცარი პიროვნება იყო ბატონი ალექსი, რომელიც აწ უკვე
გარდაცვლილია; მან დაგვიტოვა ორი მოძღვარი, თავისი ორი შვილი, რომლებიც დღეს
რუსთავში მსახურობენ და დღეს წირვაში მონაწილეობდნენ. ასე დავიწყეთ ჩვენ რუსთავში
ეკლესიაზე ზრუნვა, შემდეგ უკვე მოგვცეს ნებართვა და ეს დიდებული ბაზილიკაც აშენდა.

წარმოიდგინეთ, საქართველო მართლმადიდებელი, ქრისტიანული ქვეყანა რომ არ ყოფილიყო,
ვინ ვიქნებოდით ჩვენ? და საერთოდ, იარსებებდა კი ქართველი ერი? არ იარსებებდა!
ისტორიულად ჩვენზე უფრო ძლიერი და მრავალრიცხოვანი
ერები აღგვილან პირისაგან მიწისა. უფალი იცავდა და იცავს სრულიად საქართველოს.
მართალია, მრავალი განსაცდელი ჰქონია ჩვენს ქვეყანას და დღესაც ბევრი აქვს, მაგრამ
ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა დედამ გადააფარა საქართველოს თავისი კალთა და ვერავინ
დაამარცხებს მას!

აღვავლენთ ლოცვებს, რომ მტკიცედ ვიდგეთ
სარწმუნოებაში. ქართველი ერი უნდა სთესდეს სიკეთეს, სიყვარულს და ეს სიყვარული
მიგვიყვანს ჩვენ სასუფეველში! რწმენა, სიყვარული და იმედი ღვთისა, ადამიანისა და
მომავლისა გადაარჩენს საქართველოს და სასუფეველში შეგვიყვანს!

კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდებულ დღეს! ვულოცავ მთელ საქართველოს, ჩვენს
მღვდელმთავრებს, უპირველეს ყოვლისა, მეუფე ათანასეს, რომელიც უძლურებაშია და
მწოლიარე ავადმყოფია. ვულოცავთ მეუფე ანდრიას, სამთავისისა და გორის მიტროპოლიტს,
ვულოცავთ მეუფე ვახტანგს, მარგველ მიტროპოლიტს და, მათთან ერთად, მთელ საქართველოს!

ღმერთი იყოს თქვენი და სრულიად საქართველოს მფარველი! ღმერთმა გაგახაროთ,
გაგაძლიეროთ და ნურაფერს შეუშინდებით, რადგან ჩვენთან არს ღმერთი!

დღეს არის განსაკუთრებული დღე და მინდა დავაჯილდოვო ჩვენი სამღვდელოება ეკლესიის
ერთგული სამსახურისათვის. მოგახსენეთ, რომ წირვა-ლოცვა პირველად გორგიძეების ოჯახში
დაიწყო და აი, მათი შვილი, დეკანოზი გიორგი გორგიძე დღეს ჯილდოვდება მიტრის ტარების
უფლებით.

მიტრის ტარების უფლებით დღეს ასევე ვაჯილდოებთ დეკანოზ ანდრია აბაშიძესა და დეკანოზ
შალვა შალვაშვილს.

ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა დააჯილდოვოს ყოველი ჩვენგანი და სრულიად საქართველო
თავისი სიყვარულით!

ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №42, 2010 წ.