საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

ქადაგება წმინდა ანდრია პირველწოდებულისა და წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის ხსენების დღეს (13 დეკემბერი, 2008 წ.; წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის რუსთავის საკათედრო ტაძარი)

13 დეკემბერი
%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%92%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%ac%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%93%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%90-%e1%83%9e-2

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

ქადაგება წმინდა ანდრია პირველწოდებულისა და
წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის ხსენების დღეს

წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის
რუსთავის საკათედრო ტაძარი, 13 დეკემბერი, 2008 წ.

„…ამ წმინდანთა დასი არის
დიდება საქართველოსი!“

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

„და აღვამაღლო რჩეული ერისაგან ჩემისა“, – ბრძანებს უფალი. მართლაც, უფალი ირჩევს
თავის რჩეულს და ანიჭებს მას თავის მადლს. ასეთი რჩეულები იყვნენ ის წმინდანები,
რომლთა სახლებიც დღეს მოვიხსენიეთ, – ესენი არიან წმინდა მოციქული ანდრია
პირველწოდებული დამაარსებელი საქართველოს ეკლესიისა, წმინდა მეფე ვახტანგ
გორგასალი საქართველოს ეკლესიისთვის ავტოკეფალიის ანუ დამოუკიდებლობის
მომპოვებელი და ჩვენი ეკლესიის პირველი კათალიკოსები – პეტრე და სამუელი. ამ
წმინდანთა დასი არის დიდება საქართველოსი!

თქვენ იცით, რომ წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული იყო ძმა პეტრე
მოციქულისა. როდესაც წმინდა გიორგი მთაწმინდელს მოუწია ანტიოქიის პატრიარქის წინაშე
საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის უფლების დამოწმება, მან თქვა: „წმინდა ანდრია
პირველწოდებული არის დამაარსებელი საქართველოს ეკლესიისა და ამიტომ ჩვენ კი არ უნდა
გემორჩილებოდეთ თქვენ, არამედ პირიქით – თქვეუნდა გვემორჩილებოდეთ, იმიტომ რომ
პირველი მოციქული ანდრია იყო“.

წმინდა მეფე ვახტანგ გორგასალი გამოირჩევა დიდი სულიერებითა და მადლმოსილებით. მან
ერს საოცარი ანდერძი დაუტოვა: „ეძიებდეთ სიკვდილსა ქრისტესთვის“. წარმოიდგინეთ,
რამდენად უყვარდა მას მაცხოვარი, რამდენად მინდობილი იყო მასზე, რომ ამგვარი
სიტყვები წარმოთქვა!

დღეს საქართველს ეკლესია იხსენებს ამ წმინდანებს და მინდა გითხრათ, რომ სწორედ
მათშია ძალა და დიდება საქართველოსი და მისი წმინდა ეკლესიისა!

მინდა შეგახსენოთ, რაც ალბათ თქვენც იცით, რომ მსოფლიოს ადგილობრივი ეკლესიების
მეთაურნი მუდამ გაკვირვებულნი არიან ჩვენი მრევლის
რწმენითა და სიყვარულით. და ჩვენ ვმადლობთ უფალს ამ დიდი წყალობისათვის, რადგან ეს
ჩვენი დამსახურება კი არ არის, – ამას აკეთბს უფალი. უფალი არის შემოქმედი, უფალი
განაგებს და ჩვენ აღვასრულებთ! დიდება და მადლობა უფალს ყველაფრისათვის!

დღეს რთული დრო უდგას საქართველოს და
ქართულ ეკლესიას, მაგრამ იმედი გვაქვს ღვთისა
და ყოვლადწმინდისა
ღვთისმშობლისა. ჩვენ
მტკიცედ გვწამს, რომ
უფალი არ გაწირავს ჩვენს
ქვეყანას და გაამთლიანებს საქართველოს! ჩვენ
კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ უფალი იცავს
ჩვენს სამშობლოს. ასე იქნება მომავალშიც.

ყველას გილოცავთ ამ
დიდებულ დღესასწაულს!
მადლი უფლისა, ძალა და სიყვარული ღვთისა იყოს თქვენ და საქართველოსა ზედა!

მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და მადლი სულისა
წმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა, ლოცვითა წმინდა მოციქულისა ანდრია
პირვეწოდებულისა და წმინდა მეფისა ვახტანგ გორგასალისა, წმინდათა კათალიკოსთა
პეტრესი და სამუელისა და ყოველთა წმინდანთა! ამ მადლმა დაიცვას და დაიფაროს სრულიად
საქართველო! ამ მადლმა მიანიჭოს ძალა ქართველ ერს, რათა მოგვანიჭოს ჩვენ განცდაი
თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმათა ჩვენთა.

ბედნიერია ის ერი და ის ადამიანი, რომელიც ხედავს თავის ნაკლს. ჩვენ უნდა დავინახოთ
ჩვენი უძლურებანი და უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი ამპარტავანთა შემუსრავს, ხოლო
თავმდაბალთ მიანიჭებს მადლს!

ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ და სრულიად საქართველო!

ღმერთმა გაამთლიანოს სრულიად საქართველო!

ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №44, 2008 წ.