საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

ქადაგება წმიდა იოანე ნათლისმცელის შობის დღესასწაულზე (7 ივლისი, 2001 წ.; ავჭალის ახლად აგებული ტაძარი)

7 ივლისი
%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%92%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%ac%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%98%e1%83%9d%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%94-%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%97

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

ქადაგება წმიდა იოანე ნათლისმცელის შობის დღესასწაულზე

ავჭალის ახლად აგებული ტაძარი, 7 ივლისი, 2001 წ.

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

ღმერთმა ინებოს თქვენი და საქართველოს მშვიდობა და სიცოცხლე!

ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს – წმიდა იოანე ნათლისმცემლის შობას.
დღეს ჩვენს ეკლესიაში ორმაგი დღესასწაულია. აშენდა და ამოქმედდა ტაძარი წმიდათა
წინასწარმეტყველთა ზაქარიასი და ელისაბედისა – წმიდა იოანე ნათლისმცემლის მშობელთა.
ასე რომ, დღეს ხარობს წმიდა იოანე ნათლისმცემელი და დღეს ხარობენ მისი მშობლები.
ფსალმუნში ვკითხულობთ: „აღვამაღლო რჩეული ერისაგან ჩემისა“. უფალი აღამაღლებს
რჩეულს „ერისაგან თვისისა“. აი, ასე ამოირჩია და აღამაღლა უფალმა წმიდა იოანე
ნათლისმცემელი.

თქვენ იცით, რომ ზაქარია და ელისაბედი უშვილონი იყვნენ, მაგრამ უფლის ნებით,
წმიდა ზაქარიას მღვდელმსახურებისას მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და აუწყა,
რომ მისგან იშვება ძე, რომელსაც სახელად იოანე უნდა უწოდონ. რადგან ზაქარია და
ელისაბედი უკვე მოხუცებულები იყვნენ, ზაქარია დაეჭვდა ანგელოზის სიტყვის
ჭეშმარიტებაში და მაშინ მას მიეცა ზეციური ნიშანი – იგი დადუმდა მანამ, ვიდრე არ
აღსრულდა ეს უდიდესი სასწაული.

სახარებაში წერია, რომ ხუთი თვე „იფარვიდა ელისაბედი“ თავის ორსულობას ხალხისგან
– ე.ი. მალავდა თავის ფეხმძიმობას. და პირველი, ვინც იგი ინახულა, ეს იყო
ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი. ელისაბედმა პირველმა აღიარა, რომ იგი ეგებება უფლის
დედას, ღვთისმშობელს. და აი, დადგა ის კურთხეული დღე, როცა ელისაბედმა შვა ძე
თვისი, ნათესავებს უნდოდათ მისთვის მამის სახელი – ზაქარია ეწოდებინათ, მაგრამ
დედამ უარი განაცხადა: „არა, სახელი მისი უნდა იყოს იოანე“. შემდეგ მიმართეს მამას
– ზაქარიას. ზაქარია, როგორც ვიცით, ვეღარ მეტყველებდა, ამიტომ მოითხოვა ფიცარი და
დაწერა: „იოანე არს სახელი მისი“. აი, ასე ეწოდა ჩვილ იოანე ნათლისმცემელს სახელი.
მაგრამ წინ კიდევ ერთი დიდი განსაცდელი ელოდათ. სახარებიდან იცით, რომ ჰეროდე მეფემ
ბრძანება გასცა – ამოეწყვიტათ 2 წლამდე ასაკის ყრმანი. ეს საშიშროება იოანე
ნათლისმცემელსაც დაემუქრა. ელისაბედი ჩვილ იოანესთან ერთად უდაბნოში წავიდა და თავი
ერთ-ერთ გამოქვაბულს შეაფარა. ზაქარია ტაძარში დარჩა. მასთან მეფის კარისკაცები
მივიდნენ და ჰკითხეს: „სად არის შენი შვილი?“ ყველამ იცოდა, რომ ზაქარიას ჰყავდა
ახლადშობილი ყრმა – ხუთი თვის პატარა იოანე. ზაქარიამ მიუგო: „არ ვიცი სად არიან,
არც დედა და არც ყრმა“. ამ სიტყვების გამო იგი მხედრებმა იქვე, ტაძარში მოკლეს. ასე
რომ, თავისი შვილის გამო ეწამა ზაქარია წინასწარმეტყველი. გავიდა კიდევ რამდენიმე
ხანი და გარდაიცვალა ელისაბედი. იოანე ობლად დარჩა უდაბნოში. მისი ცხოვრებიდან
ვიცით, რომ ანგელოზი ეცხადებოდა და ის მფარველობდა. უდაბნოდან დაიწყო წმიდა იოანე
ნათლისმცემელმა მოღვაწეობა.

ამქვეყნად შემთხვევით არც ერთი ადამიანი არ იბადება. უფლის ხელი განაგებს
ყოველივეს და ამიტომაც ამბობს წმიდა დავით წინასწარმეტყველი: „უფალი მეფობს!“ იგი
მეფობს თითოეულ ჩვენთაგანსი. ამიტომაც, როცა ჩვენ ვფიქრობთ, თითქოს სიკეთეს
ვაკეთებთ, შემცდარნი ვართ, რადგან სინამდვილეში ამას უფალი იქმს, რომელიც ჩვენშია.
ოღონდ საჭიროა ადამიანი გახდეს ტაძარი სულისა წმიდისა, მხოლოდ მაშინ შეეწევა მას
უფალი სიკეთის კეთებაში.

ჩვენ ვხედავთ ამ ბრწყინვალე ტაძარს, რომელიც სულ ერთ წელიწადში აშენდა – ეს
უფლის მეშვეობით აღსრულდა და ჩვენ ბედნიერი ვართ იმით, რომ ვასრულებთ მის ნებას.

მინდა მთელ საქართველოს მივულოცო დღევანდელი დიდებული დღესასწაული და, ამავე
დროს, წმიდა ზაქარიასა და ელისაბედის სახელობის ახალი ტაძრის აგება. რა თქმა უნდა,
ამ საქმეში დიდია დეკანოზ რევაზ სიხარულიძის დამსახურება. ღმერთმა დალოცოს მამა
რევაზი. თქვენ ნახეთ, რომ დღეს მან მიიღო უმაღლესი ჯილდო – მიტრის ტარების უფლება.
ღმერთმა მშვიდობით და სიხარულით ატარებინოს იგი.

ასევე მინდა დავლოცო ყოველი ადამიანი, რომელიც ტაძრის მშენებლობაში მონაწილეობდა
ან შესაწირი გაიღო. მინდა დავლოცო წმიდა იოანე ნათლისმცემლის ტაძრის მრევლი.
ღმერთმა გაგახაროთ, გაგაძლიეროთ და თქვენთან ერთად ღმერთმა დალოცოს, გააძლიეროს და
გაამთლიანოს სრულიად საქართველო, ამინ!

ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №28, 2001 წ.