საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

ქადაგება წმიდა დავით გარეჯელის ხსენების დღეს (27 მაისი, 2004 წელი; მამადავითის ტაძარი)

27 მაისი
%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%92%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%ac%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%93%e1%83%90%e1%83%95%e1%83%98%e1%83%97-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%a0

უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის,
ილია II ქადაგება წმიდა დავით გარეჯელის ხსენების დღეს

მამადავითის ტაძარი, 27 მაისი, 2004 წელი

„განსაცდელის ჟამს, როდესაც გვიმძიმდება ჩვენი ჯვარი,
უფალი თავად ტვირთულობს მას ჩვენს ნაცვლად“

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!

ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს!

ღირსი მამა დავით გარეჯელი გეწეოდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს!

წმიდა მეფე და წინასწარმეტყველი დავითი ამბობს: „მაუწყე მე უფალო, გზაი,
რომელსაცა ვიდოდე, რამეთუ შენგან აღვიღე სული ჩემი.“ სამწუხაროდ კი ზოგიერთს
ჰგონია, რომ ამქვეყნიური ცხოვრებით მთავრდება ყოველივე. სინამდვილეში, ადამიანს
სწამს თუ არა, მისი ცხოვრება გრძელდება იმქვეყნად – ან სასუფეველში, ან ჯოჯოხეთში.

ადამიანმა თავად უნდა განსაზღვროს თავისი გზა. სამწუხაროდ, ზოგიერთი ისეთ გზას
ირჩევს, რომელიც დამღუპველია მისთვის და მარტოოდენ მიწიერი ზრუნვითა და ინტერესებით
შემოიფარგლება. ასეთი ადამიანი ჩაკეტილია თავის ეგოიზმში.

ქართველი კაცი ბუნებით ეგოისტი არაა. ჩვენი ერი დაჯილდოებულია განსაკუთრებული
სასოებით, სიყვარულითა და რწმენით.

როდესაც საქართველოში მსოფლიოს მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურები ჩამოდიან,
ისინი ამბობენ, რომ მთელი მსოფლიო მოუვლიათ და ქართველების მსგავსი მორწმუნე და
მოსიყვარულე ადამიანები არსად უნახავთ. და ჩვენ ვმადლობთ უფალს ამისათვის. გზა,
რომელსაც გვთავაზობს უფალი, არის გზა ვიწრო და ეკლიანი, მაგრამ ნეტარი, და ბედნიერი
არა მარტო იმქვეყნად, არამედ აქაც, მიწიერ ცხოვრებაშიც.

ძველად ჩვენი წინაპრები ერთმანეთს ასე ლოცავდნენ: „იხარე ორსავე სოფელსა შინა!“
აი, ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი.

არასოდეს არ უნდა დავკარგოთ იმედი, რადგან განსაცდელს უთუოდ სიხარული მოსდევს.
წმიდა მამები ამბობენ, რომ როცა ბედნიერი ხარ და ხარობ, არ დაგავიწყდეს, რომ ამის
შემდეგ შეიძლება უფალმა მწუხარება გამოგიგზავნოსო; ხოლო როცა განსაცდელი გაქვს, არ
დაგავიწყდეს, რომ ამის შემდეგ სიხარული გელოდებაო. ასეთი მონაცვლეობებისგან შედგება
ადამიანის ცხოვრება.

თუ გადავხედავთ ჩვენ წარსულს, ჩვენს ისტორიას დავინახავთ, რომ ხშირად ყოფილა
საქართველო განძარცვული და შეურაცხყოფილი; ყოფილა პერიოდები, როცა მტერს ეგონა, რომ
დააჩოქა და ხერხემალში გადატეხა ჩვენი ქვეყანა. მაგრამ საქართველო კვლავაც ფეხზე
დგებოდა, რადგან ღმერთი უგზავნიდა ჩვენს ქვეყანას დიდ მოღვაწეებს, სულიერ მამებს და
მათი ლოცვა და შრომა ეწეოდა ერს.

ერთ-ერთი ასეთი სულიერი მამა ბრძანდება ღირსი მამა დავით გარეჯელი. შეგეწიოთ
მისი ლოცვა-კურთხევა! ხშირად უნდა ამობრძანდეთ ამ წმიდა ადგილას. ძველად ფეხშიშველი
ამოდიოდა ქართველი კაცი მთაწმიდაზე და ევედრებოდა მამა დავითს. ღირსი მამა დავით
გარეჯელი განსაკუთრებით შეეწევა ცილისწამებით დამძიმებულ ადამიანებს, რადგან მან
საკუთარ თავზე გამოსცადა ცილისწამების სიმძიმე და იგი დიდი მოთმინებითა და მხურვალე
ლოცვით გადაიტანა.

დღეს ჩვენ შევთხოვთ ღირს მამა დავით გარეჯელს, დაეხმაროს საქართველოს
გამთლიანებას; რომ ქართველი ერი იყოს ერთსულოვანი, შემსრულებელი ამ
ლოცვა-მოწოდებისა: „ქართველნო ერთად ღვთისაკენ!“ დიახ, ერთად უნდა ვიყოთ, ერთი გზით
ვიაროთ და ის გზა უფლისკენ უნდა მიდიოდეს. თუ ღვთისაკენ იქნება ჩვენი საერთო
სწრაფვა, ერთმანეთს დავუახლოვდებით და დავეხმარებით.

დღეს ამ ტაძრის დღესასწაულია. მინდა ეს დღე აღვნიშნო იმით, რომ მამადავითის
ტაძრის მოძღვარი, მღვდელი ნიკოლოზი აღვიყვანო დეკანოზის ხარისხში და დავაჯილდოვო
ოქროს ჯვრის ტარების უფლებით, აქსიოს!

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ!

ღმერთმა დალოცოს, გაახაროს, გააძლიეროს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №20(278),
2004 წ.