საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

ქადაგება წარმოთქმული საეკლესიო ახალი წლის დაწყებისადმი მიძღვნილი პარაკლისის დროს სიონის საპატრიარქო ტაძარში (14 სექტემბერი, 2005 წ.)

14 სექტემბერი
%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%92%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%ac%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%97%e1%83%a5%e1%83%9b%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%94

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II
ქადაგება წარმოთქმული საეკლესიო ახალი წლის დაწყებისადმი მიძღვნილი პარაკლისის დროს

სიონის საპატრიარქო ტაძარი, 14 სექტემბერი (ძვ.სტ. 1 სექტემბერი) 2005 წელი

„ჩვენი ბედი, ჩვენი მომავალი ბევრად არის დამოკიდებული იმაზე, ქართველი ხალხი,

ჩვენ ყველანი, განსაკუთრებით კი, ისინი, ვინც ეკლესიურად ცხოვრობს,
რომელ მხარეს დადგება, სიკეთისა თუ ბოროტების მხარეს“

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

დღეს დიდებული დღეა – ახალი წელი. ყველას გილოცავთ ახალ წელს. ეს არის ახალი
ინდიქტიონი, ახალი საეკლესიო წელი, ახალ წელს კი ადამიანი ხვდება მუდამ იმ იმედით,
რომ მომავალი წელი იქნება უფრო ბედნიერი, უფრო მშვიდობიანი, ვიდრე წარსული წელი
იყო. ახალი წელი იძლევა იმედს, რომ მოხდება ფერისცვალება, ცვლილება სიკეთისაკენ.
აი, ასეთი იმედით ვხვდებით ახალ წელს.

ჩვენ ძალიან ხშირად ვსაუბრობთ იმის შესახებ, თუ რა გადარჩენს საქართველოს,
გადარჩება კი საერთოდ საქართველო? ღვთის მადლით, ღვთის ლოცვა-კურთხევით გადარჩება,
მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ განსაცდელი, რომელიც მოევლინება ხოლმე საქართველოს, ჩვენი
ცოდვების, ქართველი ხალხის შეცდომების გამო ხდება.

ჩვენ ძალიან რთულ დროს ვცხოვრობთ, იმ დროს, როცა სიკეთე და ბოროტება უფრო მეტად
გამოიკვეთა, ვიდრე ეს წარსულში იყო. დღეს განსაკუთრებული სიმძაფრით მიდის ბრძოლა
სიკეთესა და ბოროტებას შორის. უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენი ბედი, ჩვენი მომავალი ბევრად
არის დამოკიდებული იმაზე, ქართველი ხალხი, ჩვენ ყველანი, განსაკუთრებით კი, ისინი,
ვინც ეკლესიურად ცხოვრობს, რომელ მხარეს დადგება, სიკეთისა თუ ბოროტების მხარეს;
რას გავაკეთებთ, რას მოვიმოქმედებთ, როგორ ვილოცებთ, როგორი გრძნობები ექნება
ქართველ კაცს. უპირველეს ყოველისა, ჩვენ არ უნდა შეგვაშინოს განსაცდელმა, არ უნდა
შეგვაშინოს, იმ სიძნელეებმა, რომელსაც ყოველდღე ვხედავთ.

გუშინ ჩემთან იყვნენ ჯანდაცვის მინისტრი, სამინისტროს მუშაკები. მათ გამაცნეს
სახელმწიფო გეგმა, რომლითაც განსაზღვრულია, დაეხმარონ უმწეო ადამიანებს, რომლებიც
თითქმის შიმშილის ზღვარზე არიან მისულნი, შეეწიონ იმათ, ვისაც არა ჰყავთ მარჩენალი.
მე ვთხოვე მათ, უფრო იმაზე იზრუნონ, რომ შეიქმნას სამუშაო ადგილები, ხალხი
დასაქმდეს და ეს დახმარება მან მიიღოს არა მოწყალების სახით, არამედ როგორც თავისი
შრომის შედეგი. მე ვფიქრობ, ასეც მოხდება. ეკლესია აქტიურად უნდა ჩაებას ადამიანთა
დასაქმების პროცესში. მითხრეს, რომ არის ისეთი დაწესებულებები, სადაც თავისუფალი
სამუშაო ადგილები არის, მაგრამ ხალხმა ან არ იცის, ან ნდობა არა აქვს ამ
დაწესებულებებისა. იქ კი თურმე საკმაოდ კარგი ხელფასებია. ვფიქრობ, საპატრიარქოსთან
უნდა შეიქმნას ისეთი ორგანიზაცია, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ხალხის დასაქმების
პროცესში.

ახლა მეორე ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენის შესახებ – ეს არის ახალი სასწავლო წელი.
დღეს ჩვენ ვიწყებთ სასწავლო წელს სასულიერო სემინარიაში და სასულიერო აკადემიაში და
შევთხოვთ უფალს, რომ მოგვცეს მადლი, ძალა და სიბრძნე, დასაწყისი სიბრძნისა კი არის
შიში ღმრთისა. ჩვენ სასულიერო სასწავლებლებში – სემინარიაში, აკადემიაში და სხვა
სასწავლო დაწესებულებებში უნდა მივიღოთ არა მარტო ცოდნა, არამედ განათლება. ნათელი
უნდა შემოვიდეს ჩვენს გონებაში, ჩვენს გულში, ჩვენს სულიერ სამყაროში, სიკეთე უნდა
სუფევდეს ჩვენში, სიკეთე უნდა მეფობდეს ჩვენში და ჩვენს გარშემო. უნდა გვახსოვდეს,
რომ როგორც წმიდა ბასილი დიდი ამბობს, ბოროტება რომელიც ასე ძლიერია და ესოდენ
გავრცელებულია მთელ მსოფლიოში, ბოროტებით არ იკურნება, არამედ იკურნება მხოლოდ
სიკეთით. ეს უნდა ვასწავლოთ ჩვენს ახალგაზრდებს, ჩვენს სტუდენტებს. მე მინდა ასევე
გირჩიოთ, რომ ამაოდ არ დაკარგოთ დრო, ლექციების შემდეგ აუცილებლად იმუშავეთ
ბიბლიოთეკებში. ამ შემთხვევაში თქვენ მიიღებთ ცოდნასაც და განათლებასაც.

ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა დალოცოს ახალი წელი, მშვიდობით, სიხარულით, სიყვარულით.
ღმერთმა ინებოს, რომ ახალ წელს მოხდეს საქართვლოს გამთლიანება.

ჩვენთან არს ღმერთი.

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №32(339),
2005 წ.