საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

ქადაგება შენდობის კვირას (1 მარტი, 2009 წ.)

1 მარტი
%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%92%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%a8%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%93%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%99%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%90-3

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

ქადაგება შენდობის კვირას

ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 1 მარტი, 2009 წ.

„მთავარი დაცემა კი არ არის, მთავარი ადგომაა დაცემის შემდეგ!“

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

წმინდა დიდი მეფე და წინასწარმეტყველი დავითი ამბობს: „დიდ ხარ შენ, უფალო, და
საკვირველ არიან საქმენი შენნი!“ მართლაც, დიდია უფალი და ადამიანის გონება
ვერასდროს მისწვდება მის განგებას; მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ წყალობა და
სიყვარული ღვთისა აღემატება ყოველგვარ ცოდვას და ადამიანის დაცემას. სწორედ ღვთის
უსაზღვრო სიყვარულით იყო განპირობებული ადამიანის შექმნაც ხატად მისდა.

ცოდვა განაშორებს ადამიანს თავის შემოქმედს. ჩვენში ეს ხატება დაჩრდილულია
ცოდვებით, მაგრამ მაინც მსგავსნი ვართ იმ ძვირფასი ქვა-მარგალიტისა, რომელიც თუმცა ტალახში ჩავარდა და გაისვარა, მაგრამ განწმედის შემთხვევაში ისეთივე მშვენიერი
და ძვირფასი იქნება, როგორიც თავდაპირველად იყო.

წმინდა ეფრემ ასური ამბობს: „ჰე, უფალო, მომანიჭე მე განცდაი თვისთა ცოდვათა და
არა განკითხვად ძმისა ჩემისა“. დღეს წირვაზე მე გესაუბრეთ, რომ „განცდაი თვისთა
ცოდვათა და არაგანკითხვად ძმისა ჩემისა“ – ეს არის გზა, რომელსაც ადამიანი
სასუფეველში მიჰყავს. რაც არსებობს ადამიანი, არსებობს ცოდვაც, – მაგრამ
განსხვავება წარსულსა და დღევანდელ დღეს შორის არის ის, რომ წინათ ადამიანი
გრძნობდა, რომ ცოდვა არის უსჯულოება, ღვთისგან განდგომა. დღეს, სამწუხაროდ, ცოდვა
ადამიანს მიაჩნია კაცის ბუნებად, ადამიანის ბუნებრივ თვისებად. ეს დიდი შეცდომაა.

როგორც ლოცვაში წერია, „არა არს კაცი, რომელი ცხონდეს და არა სცოდოს“. ყოველი
ადამიანი ცოდვილია. ჩვენ განსაკუთრებით დღეს უნდა ჩავუღრმავდეთ ჩვენს გულსა და
გონებას და რეალურად დავინახოთ საკუთარი თავი.

მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ ერთი დიდი მეცნიერის სიტყვები: „მე არ ვარ ის, რაც
ვარ“. დიდი აზრია ჩადებული ამ სიტყვებში. მსურს, რომ
თქვენ დაიმახსოვროთ ეს და იფიქროთ მასზე.

ადამიანს ახასიათებს ცვლილება, მუდმივი ცვალებადობა. ძველი რომაელები
ამბობდნენ: „Tempora mutantur et nos mutamur in illis“ – დრონი იცვლებიან და ჩვენც
ვიცვლებით მასთან ერთად, მაგრამ როგორ ვიცვლებით – სიკეთისა თუ ბოროტებისკენ? აი,
რა არის მთავარი! ადამიანს, რომელსაც არ გააჩნია რწმენა და სიყვარული, რომელიც
სთესავს ღვარძლსა და შურს, იგი ეცემა და სრულყოფის კიბეზე ქვემოთ ეშვება. ჩვენი
მიზანი
კი უნდა იყოს – ყოველდღიურად
ვაკეთოთ სიკეთე, გავიღოთ მოწყალება, – დავინახოთ სხვა ადამიანის გაჭირვება და
შევეწიოთ მას.

შორს იყოს ჩვენგან შურისძიება!
ინგლისელები ამბობენ: „თუ შურისძიება გადაწყვიტე ადამიანზე,
რომელმაც გაწყენინა, – ორი სამარე უნდა გათხარო, ერთი შენი
მტრისთვის და მეორე შენთვის“.
წმინდა ბასილი დიდი ამბობს: „ბოროტება არ იკურნება ბოროტებით,
არამედ მხოლოდ სიკეთითა და სიყვარულით“.

დღეს დადგა დრო, როცა ჩვენ, ძალისამებრ ჩვენისა, უნდა განვიკურნოთ ჩვენი ცოდვებისაგან. დადგა დრო, როცა
ღრმად
უნდა ჩავიხედოთ საკუთარ გულში და დავინახოთ მასში თეთრი და შავი. ადამიანის გული
ცარიელი არასდროს რჩება. მასში არის ან სიკეთე და სიყვარული, ან ბოროტება. როგორც
კი სიკეთე ტოვებს კაცის გულს, იმწამსვე მას ბოროტი, შავი ძალა ეუფლება.

დღეს ჩვენ უნდა გავიხსენოთ ყოველი ადამიანი, რომელსაც ვაწყენინეთ, რომელსაც უხეში
სიტყვა ვაკადრეთ, ან ცუდი საქმე გავუკეთეთ და შენდობა ვთხოვოთ მათ. ამასთან, უნდა
გავიხსენოთ ის ადამიანებიც, რომელთაც გვაწყენინეს, რაღაც ცუდი გაგვიკეთეს და არ
უნდა დაველოდოთ, როდის მოვლენ და პატიებას გვთხოვენ, – თავადვე უნდა მივიდეთ მათთან
და ვთხოვოთ შენდობა.

შენდობის წესი, მოგეხსენებათ, პირველ საუკუნეებში ეგვიპტეში დაწესდა. თქვენ იცით,
რომ ეგვიპტე არის ბერმონაზვნობის აკვანი, სწორედ იქ დააარსეს პირველი მონასტრები
წმინდა ანტონი
დიდმა, პახომი დიდმა, მაკარი დიდმა და სხვა დიდმა სულიერმა მამებმა. როცა
მოახლოვდებოდა დიდმარხვის პერიოდი, ეგვიპტის მოღვაწეეები ერთად შეიკრიბებოდნენ,
ერთმანეთს პატიებას სთხოვდნენ და მერე ცალ-ცალკე, განმარტოებით უდაბნოში გადიოდნენ,
რათა დიდმარხვაში იქ ეღვაწათ. მათ ღვაწლს მხოლოდ ღმერთი ხედვდა. ისინი გალობდნენ
აღდგომის საგალობლებს, იმიტომ რომ არ იცოდნენ, აღდგომას ცოცხალი მონასტერში
დაბრუნდებონენ თუ არა.

დღეს – ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ არსებობს შენდობის კვირიაკე – დღე მკურნალი,
როცა იწმინდება ადამიანის სული! მინდა გითხრათ, რომ უცოდველი ადამიანი არ არსებობს,
მაგრამ მთავარი დაცემა კი არ არის, არამედ მთავარია ადგომა დაცემის
შემდეგ; მთავარი ის არის, რომ ადამიანმა განიცადოს თავისი ცოდვა და მოიკრიბოს
ძალა, რომ კვლავ წამოდგეს და სულიერი გზა გააგრძელოს. ადამიანს მრავალი
დაბრკოლება და მრავალი განსაცდელი ხვდება. ბავშვობიდან უნდა ვამზადებდეთ
ჩვენს შვილებს, ახალგაზრდობას, განსაცდელების გადასალახად. მათ უნდა იცოდნენ, რომ
ცხოვრებაში მრავალი წინააღმდეგობა შეხვდებათ და მრავალი წინააღმდეგობის გადალახვა
მოუწევთ. და ჩვენ უნდა ვასწავლოთ შვილებს, როგორ უნდა მოახერხონ ეს. მათ უნდა
იცოდნენ, რომ არ არსებობს ცოდვა, რომელიც აღემატება ღვთის სიყვარულს და ღვთის
წყალობას. ოღონდ შესაბამისი სინანული უნდა გვქონდეს. ჩვენ უნდა ვისწავლოთ, რომ
არცერთ შემთხევაში არ არსებობს კედელი, არ არსებობს ჩიხი, – ნებისმიერი ვითარებიდან
არის გამოსავალი. და თუ შენ წინაშე უეცრად დაბრკოლება აღიმართა, უფლის შემწეობით
აუცილებლად შეძლებ გადალახო იგი და ცხოვრების გზა განაგრძო. სწორედ ასე ცხოვრობს
ყოველი ჩვენგანი და დიდება და მადლობა უფალს, რომ გვაძლევს ძალას, გავაგრძელოთ
ჩვენი მოღვაწეობა.

მინდა მადლობა შევწირო უფალს იმისათვის, რომ დღეს ყველანი ერთად აქ შევიკრიბეთ –
ერი და ბერი: პრეზიდენტი, პატრიარქი, მთავრობა თუ რიგითი ადამიანები. უნდა
გვახსოვდეს, რომ ყველანი ძმები ვართ, ერთმანეთის ცოდვა, ერთმანეთის სიმძიმე უნდა
ვიტვრთოთ! პავლე მოციქული ამბობს: „ურთიერთ სიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ
სჯული იგი ქრისტესი“. მინდა ერთი
მაგალითი მოგიყვანოთ, რომელიც აღწერილია მოძღვრის ცხოვრებაში: იყო ერთი ცოლ-ქმარი,
რომელთაც ერთმანეთი უყვარდათ, მაგრამ ეშმაკი ცდილობდა, განხეთქილება შეეტანა მათ
ცხოვრებაში. და აი, მათ მეზობელს შეუყვარდა ეს ქალი და ყველა ღონეს ხმარობდა, რომ
ეცდუნებინა იგი. მაგრამ ქალი მტკიცედ იდგა და ერთგული რჩებოდა თავისი ოჯახისა.

როცა ის მეზობელი ვერაფერს გახდა, მან მოკლა
ქალი. ამ დროს შინ დაბრუნდა
ქმარი და ხედავს, როგორ
დგას და უყურებს მკვლელი
მისი ცოლის გვამს. პირველი
სურვილი, რომელიც ქმარს
გაუჩნდა იყო ის, რომ ცოლის
მკვლელი მოეკლა, მაგრამ მერე მადლი ღვთისა შევიდა
მასში და იგი შეჩერდა. მეზობელმა დაინახა იგი, დაუჩოქა
და უთხრა, ძალიან მიყვარდა
შენი მეუღლე, მაგრაშ ამ წლების მანძილზე იგი შენი ერთგული იყო, სწორედ ამიტომ
მოვკალი იგიო. ქმარმა უთხრა
მკვლელს: „წადი შინ“, შემდეგ
ჩაკეტა სახლის კარი და პოლიციას ჩაბარდა. იქ განაცხადა, რომ თვითონ მოკლა თავისი
ცოლი. საშინელი ცოდვა,
რომელიც ჩაიდინა მისმა მეზობელმა, საკუთარ თავზე აიღო ამ კურთხეულმა ადამიანმა. ეს
ამბავი აღსარებაში მან მოძღვარს გაანდო. სიცოცხლის ბოლოს, როცა მღვდელმა ჰკითხა,
რატომ აიღე ასეთი მძიმე ცოდვა შენს თავზეო, მან მიუგო: „სხვისი სიმძიმის ტვირთვა
მსურდაო“. ეს კაცი საპატიმროში გარდაიცვალა, როგორც მკვლელი, სინამდვილეში იყო,
როგორც წმინდანი. აი, ასეთი შემთხვევებიც არის.

დღეს, ყოველმა ჩვენგანმა და უპირველესად – მე თვითონ უნდა დავინახო საკუთარი ნაკლი.
მე ვხედავ ჩემს ნაკლს, იგი მრავალია ჩემში; ვხედავ იმას, რომ რა ცოდვაც არსებობს
დედამწაზე, ის ან საქმით, ან ფიქრით, – ჩემშია და მე შევთხოვ უფალს, შემინდოს
შეცოდებანი ჩემნი. მინდა შევთხოვო უფალს და შეგთხოვოთ თქვენ, -მაპატიოთ ჩემი
ცოდვები, თქვენი სიყვარულით, თქვენი მოწყალებით დაფაროთ ჩემი ცოდვები, რათა უფალმა
მომცეს ძალა, განვაგრძო ჩემი მძიმე მოღვაწეობა. ყველამ მაპატიეთ!

ღმერთმა თქვენც შემინდოთ და მოგცეთ ძალა!

ღმერთმა გაპატიოთ ცოდვები ყოველთა ქართველთა და ყოველთა მკვიდრთა საქართველოისათა!

ღმერთმა მოგვცეს მადლი, რომელიც გაამთლიანებს სრულიად საქართველოს!

ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №8, 2009 წ.